„არჩევნებამდე არაფერი შეიცვლება, ამიტომ ოპოზიცია საპროტესტო მუხტის შენარჩუნებას უნდა შეეცადოს“
ელზა პაპოშვილი
29.05.2024

28 მაისს „გავლენების კანონის“ საბოლოოდ მიღების შემდეგ, რა პროცესები შეიძლება ქვეყანაში განვითარდეს? რას აპირებენ  არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები? უკვე ცნობილია, რომ მესამე სექტორის წარმომადგენლები და ონლაინ მედია გამომცემლები, რომლებიც დონორების მიერ ფინანსდებიან, კანონს არ დაემორჩილებიან და რეესტრში დარეგისტრირებას არ აპირებენ. ოპოზიცია კი, თავის მხრივ, არჩევნებისთვის ემზადება და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქარტიის ირგვლივ ერთიანდება.           

რაც შეეხება კანონის ამოქმედებას, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა. სალომე ზურაბიშვილმა კანონს ხელი 5 დღის განმავლობაში უნდა მოაწეროს. უარის შემთხვევაში, კანონს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.

კანონის გამოქვეყნების შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2 თვეში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრი უნდა შექმნან.

რეესტრის ამოქმედებიდან 1 თვის (კანონის ამოქმედებიდან 90 დღის) შემდეგ, რეგისტრაცია სავალდებულო ხდება ყველა იმ არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციისთვის, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

დარეგისტრირებაზე უარის თქმის შემთხვევაში ორგანიზაციებს დაეკისრებათ ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი დეკლარაცია დახარვეზდება, ორგანიზაციას აქვს 1 თვიანი ვადა მის გამოსასწორებლად. თუკი ორგანიზაცია ამ ვადაში ხარვეზს ვერ აღმოფხვრის, გათვალისწინებულია ჯარიმა, თავდაპირველად, 10 000 ლარის, ხოლო შემდეგ - 20 000 ლარის ოდენობით.   

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმის მიხედვით, თუ ვის რა პოზიცია ჰქონდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ნათლად გამოჩნდა, ვინ რომელ მხარეს დგას. მისი შეფასებით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი აღმოჩნდა არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური გავლენის მხარეს.

„ეს კანონი თავის სათაურშივე აცხადებს თუ რა არის მიზანი, სათაურითვე გვაჩვენებს, თუ რას უჭერენ მხარს ისინი, ვინც მხარი დაუჭირა და რას ეწინააღმდეგებიან ისინი, ვინც მხარი არ დაუჭირა. ვინც მხარი დაუჭირა ამ კანონპროექტს, მხარს უჭერს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში უცხოური ფულით გავლენების განხორციელება უნდა იყოს ცხადი, გამჭვირვალე ჩვენი მოქალაქეებისთვის. და ვინც მხარი არ დაუჭირა გუშინ ამ კანონპროექტს, მხარი დაუჭირეს იმას, რომ ეს არ იყოს ცხადი, არ იყოს გამჭვირვალე და მოქალაქეებს არავინ ჩააბაროს ანგარიში - ისე შემოვიდნენ და ისე განახორციელონ თავიანთი გავლენები უცხოელებმა.

„გუშინ ვნახეთ ოპოზიცია, მისი რადიკალური ნაწილი, რომელიც სრულად დადგა უცხოური გავლენის და არა ქართველი ხალხის მხარეს. ეს იყო ის წყალგამყოფი, რომელმაც კიდევ ერთხელ, ნათლად აჩვენა, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიცია სინამდვილეში იმართება გარედან და დგას უცხო ქვეყნებისა თუ ძალების და არა საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარეს,“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.    

პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა მელია შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსავალს მაოხლოებულ არჩევნებში ხედავს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თვლის, რომ ახლა ყველა 26 აქტომბრის არცევნებისთვის უნდა დაირაზმოს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იყოს ერთიანი და არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს.

„ძალიან მალე ჩვენ უნდა გავიდეთ ბრძოლის ველზე, რომელსაც ელექტორალური ბრძოლის ველი ჰქვია, მოვიდეთ ყველა პოლიტიკაში ჩართული ადამიანი ყველა ცოცხალ ადამიანთან და მოხდეს დარაზმვა კონკრეტული კალენდარული დღისთვის. 

„იწყება მძიმე პოლიტიკური პროცესი, სადაც ავანგარდში, მათ შორის, პირველ რიგში, პოლიტიკოსები გამოვალთ და წარვდგებით საზოგადოების წინაშე იმ პლატფორმებით, რაზეც შევთანხმდებით და ამომრჩეველს ექნება, ჩემი ღრმა რწმენით, რამდენიმე არჩევანი ოპოზიციური ველიდან გასაკეთებელი. მთავარი ამოცანაა, რომ არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს, ამის გარშემოც იყოს ერთობა და როგორც ჩანს, ეს ერთობა აუცილებლად გარდაუვალი იქნება,“ - ამბობს ნიკა მელია. 

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვვილი „რეზონანსთან“ „გავლენების კანონის“ მიღების შემდეგ, ქვეყნის შიგნით და გარეთ მოვლენების განვითარებაზე საუბრობს. ამბობს, რომ პირველ რიგში, რაც ახლა მესამე სექტორმა უნდა გააკეთოს, ეს არის დაუმორჩილებლობა და რეესტრში დარეგისტრირებაზე უარის თქმა. 

„არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლად მეც ვითვლები, ამიტომ ვაპირებ „ოცნებას“ მშვიდობიანი წინააღმდეგობა გავუწიო. იგივეს მოვუწოდებ სხვა დანარჩენ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. ალბათ იქნებიან არასამთავრობოები, რომლებიც ამ კანონს დაემორჩილებიან, მაგრამ საიდან მოიტანენ ამ ფულს, საინტერესო ეს არის. ეს არის უკანონობა, რომლის მიხედვითაც „ოცნების“ ხელისუფლება ებრძვის თავის მეგობრებს და მტრად ასახელებს. 30 წელია საქართველოს ვემსახურები და გამოდის, რომ ჩვენი დაღუპული ბიჭების ნეშტს რომ გადმოვასვენებდი-ხოლმე, უცხო ქვეყნის საქმეს ვაკეთებდი. 

„არჩევნებამდე არაფერი შეიცვლება, ამიტომ ოპოზიცია თავის მხრივ ამ მუხტის შენარჩუნებას უნდა შეეცადოს, რომელიც საზოგადოებაში პროტესტის სახით არსებობს. აუცილებელია, რომ ხალხს გააგებინონ ამ არჩევნებს რამხელა დატვირთვა აქვს და ის უნდა დამარცხდეს. საქართველო სულ ცოტა 10-15 წელს დაკარგავს, თუ „ოცნება“ ისევ გაიმარჯვებს“, - ამბობს ზაქარეიშვილი. 

მისივე თქმით, კარგია რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქარტიის  სახით ოპოზიციას გარკვეული გეგმა უკვე შესთავაზა. მიიჩნევს, რომ ქარტია აძლევს ე.წ. შუაშისტ ამომრჩეველს იმის საშუალებას, რომ ხმა ოპოზიციას მისცეს. 

„კარგია, რომ რაღაცა პლატფორმა არსებობს, რომელიც საზოგადეობას კონკრეტულ სამოქმედო გეგმას  სთავაზობს. ოპოზიციამ შეიძლება ამაზე იმუშავოს, ეთანხმებიან თუ არა. ეს პლატფორმა ოპოზიციის გართიანებას არ გულისხმობს და ეს კარგია. წამოიჭრა აზრი, რომ ნაციონალური მოძრაობა ცალკე იყოს და ესეც კარგია. ამ პარტიას გარანტირებული მინიმუმ 15% მაინც აქვს. ამიტომ არ უნდა იეჭვიანოს და სააკაშვილის მხრიდან საუბარი გაერთიანებაზე არ უნდა გაითვალისწინონ. 

„ეს პრიქით, „ოცნებისთვის“ იქნება საჩუქარი. ამით მხოლოდ ოპოზიციის საქმე ზიანდება. მთავარია ცალკე 5%-ის გადამლახავი იყო ერთდროულად რამდენიმე პარტია. რაც შეიძლება ცოტა პარტიები დარჩეს 5%-იანი ბარიერის მიღმა, რათა ხმები ისევ „ოცნებასთან“ არ წავიდეს. შესაბამისად, საჭიროა გონივრული ცენტრების შექმნა, რომელიც მეტ-ნკლებად ამ ბარიერს მიუახლოვდებიან. თუ ასეთი 4-5 პარტია მაინც პარალმენტში მოხვდება, „ოცნება“ ძალიან შებოჭილი იქინება. ამით „ოცნება“ მარტო მთავრობის ჩამოყალიბებას ვეღარ მოახერხებს. აი, ეს უნდა იფიქროს ახლა ოპოზიციამ“, - ამბობს ზაქარეიშვილი. 

რაც შეეხება დასავლეთიდან წამოსულ ქმედებებს, ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ევროპაც და ამერიკაც არჩევნებამდე რაიმე ხისტი ქმედებებისგან თავს შეიკავებს. თუ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა „ოცნებას“ აღარ გამოუცხადა ნდობა, რა თქმა უნდა, სანქციები არ იქნება. ხოლო თუ ისევ „ოცნება“  დაბრუნდა ხელისუფლებაში, მის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×