ნატალია ჯვარიძე
30.05.2024

„გერმანია რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა, როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული," - ასეთი სკანდალური განცხადება პრემიერმა კობახიძემ ბაგებში ხიდის გახსნისას გერმანიის ელჩის გამონათქვამის კომენტირებისას გააკეთა, რომელმაც მანამდე თქვა, საქართველოს ხელისუფლებამ ევროპული გზიდან გადაუხვიაო.

„ახალ ვსაუბრობდით პარტია „ლელოზე" და შეგახსენებთ, რომ „ლელოსთან"ერთად რეგიონში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე, ბოლნისში იყო ჩასული „ლელოს"ლიდერებთან ერთად. ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა, როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში.

„ელჩი, რომელიც აკეთებ ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული. ეს არის ანტიქართული განცხადება და იმედი მაქვს, რომ ეს არის „ლელოს" მხარდამჭერი ელჩის პირადი პოზიცია", - განაცხადა კობახიძემ.

ასევე, კობახიძე თქვა, რომ ინიციატივა, რაც გაახმოვანა სალომე ზურაბიშვილმა, სინამდვილეში არის უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის პირველი მცდელობა.

„მადლობა სალომე ზურაბიშვილს ამისთვის. რეალურად, ჩვენ მანამდეც ვამბობდით, რომ სინამდვილეში, ყველა ეს ადამიანი არის ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას" და ახლა ხდება ამ „კოლექტიური ნაცმოძრაობის" სიის ფორმალიზება, უცხოური აგენტების სიის ფორმალიზება. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა სალომე ზურაბიშვილს.

მინდა ყველას ვუთხრა, რომ მაიდანს ვერავინ ეღირსება საქართველოში - ყველაზე მეტად რასაც უნდა გავუფრთხილდეთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა იმიტომ, რომ სხვა ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ონის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის „ფეა თრიიზის" მიერ ონის მერიასთან თანამშრომლობის გაწყვეტის ფაქტს, რომლის პროექტის ფარგლებშიც ბავშვებს სტომატოლოგიური მომსახურება უნდა გასწეოდათ და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ აქვს გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან, არამედ აჩვენებს ოპოზიციური პარტიების სახეს, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აღნიშნული ორგანიზაციის ბორდის თავმჯდომარე იყო.

„რაც შეეხება იმ სამარცხვინო ქმედებას, რომელიც კონკრეტულად ბადრი ჯაფარიძემ და მთლიანად პარტია „ლელომ" განახორციელა, რომ ვითომ კონკრეტული ენჯეო გავიდა კონკრეტული პროექტიდან ონის მუნიციპალიტეტში და აღარ დაუჭერს მხარს ბავშვებისთვის სტომატოლოგიური მომსახურების გაწევას, ამაზე მეტი სიმდაბლე რა შეიძლება იყოს მე არ ვიცი. სინამდვილეში, ეს არ არის არავითარი დამოუკიდებელი NGO, ბორდის თავმჯდომარე, ყველამ გაიგო, რომ არის ბადრი ჯაფარიძე, შესაბამისად ეს არის „ლელოსთან" დაკავშირებული ენჯეო, რომელიც კონკრეტული ბიზნესინტერესების დაცვასთანაც არის დაკავშირებული, რაც ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. ეს არის უბრალოდ სამარცხვინო საქციელი ვითომ ნეჯეომ შეუწყვიტა ბავშვებს სტომატოლოგიური მომსახურების გაწევა, სინამდვილეში ეს იყო უბრალოდ ტყუილი და „ლელოს" სამარცხვინო სპეკულაცია. ეს ყველაფერი აჩვენებს ამ პოლიტიკური პარტიების, რადიკალური ოპოზიციური პარტიების სახეს",- განაცხადა კობახიძემ.

ასევე, კობახიძემ განაცხადა, რომ ჩინური კომპანიის მიერ ტენდერის მოგება იძლევა იმის გარანტიას, რომ ანაკლიის პროექტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩინური კომპანიის გამარჯვებასთან დაკავშირებით განცხადებები სპეკულაციურია.

„უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით. ამ დროს, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური სახელმწიფო კომპანია, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება, მათ შორის ამ ტიპის პროექტების განხორციელების. ძალიან კარგი განაცხადი შემოიტანეს ამ პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩინური კომპანიის მიერ ამ ტენდერის მოგება იძლევა იმის გარანტიას, რომ ანაკლიის პროექტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება"- თქვა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×