რუსთავში შემზარავი მკვლელობა მოხდა. 27 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ცოლი და სიდედრი - მარიამ სოფრომაძე და ინგა ბეგაშვილი მოკლა. მკვლელობა დუმბაძის ქუჩაზე, სკვერში მოხდა, სადაც მკვლელობაში ბრალდებულის ცოლი და სიდედრი 9 თვის ჩვილს ეტლით ასეირნებდა.
გიორგი ფირაშვილი მკვლელობის ჩადენის შემდეგ ადგილიდან არ მიმალულა, ის დაკავებულია და გამოძიება სსკ-ს 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ოჯახის წევრის მიმართ განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მარიამი და გიორგი 1 წლის წინ დაქორწინდნენ, ქმარი გოგონაზე ფიზიკურად ძალადობდა, რის გამოც რამდენიმე თვეა მარიამი დედის სახლში დაბრუნდა.
"ზუსტად არავინ იცის, მაგრამ მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად ეჭვიანობას ასახელებენ, ამბობენ, რომ დაშორების შემდეგ ქმარი გოგონაზე ეჭვიანობდა. გიორგის დღეს სპეციალურად შეუძენია სანადირო თოფი და გამიზნულად მოუკლავს ცოლი და სიდედრი, სულ 5-ჯერ გაისროლა.
მკვლელობა 1 წლამდე ჩვილის თვალწინ მოხდა. მკვლელობის ჩადენის შემდეგ, როგორც ვიცი, თავად დარეკა პოლიციაში, ადგილიდან არ დაძრულა. ამ მკვლელობას ბევრი მოწმე ჰყავს, სკვერში ხალხი ირეოდა. ინგა მრავალშვილიანი დედაა, მარიამის გარდა 5 შვილი ჰყავს, რომელთაც მარტო ზრდიდა (ქმარს გაშორებულია).“ - განუცხადა "ამბებს" ადგილობრივმა.
ambebi.ge