რეზონანსი
26.06.2024

ვენეციის კომისია ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს და რეკომენდაციას გასცემს, არ გააგრძელონ მისი მიღება. თუმცა, თუკი ცვლილებების მიღებაზე მუშაობა მაინც გაგრძელდა, კომისიის რეკომენდაციაა მათი მოდიფიკაცია ისე მოხდეს, რომ „შესაძლებელი იყოს ერთსქესიანი წყვილების იურიდიული აღიარება“. ამას „ქართული ოცნების“ მხრიდან უკმაყოფილება და კრიტიკა მოჰყვა. მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, ეს დასკვნა ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის სურვილს.

კომისია საქართველოს რეკომენდაციას აძლევს მთლიანად გადახედონ საკანონმდებლო ინიციატივას და არ გააგრძელონ მისი მიღება. ამასთან, კომისია მიიჩნევს, რომ შესწორებების ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა ვერ დადგინდება და ამდაგვარი ტექსტის მიღების წინადადებაც კი საქართველოში ლგტბ თემის წინააღმდეგ მტრული და სტიგმატიზირებადი გარემოს კიდევ უფრო გამწვავების რისკს აჩენს.

„უფრო მეტიც, ვენეციის კომისია ახალი შესწორებების მიღებამდე, ეროვნულ სისტემაზე გავლენის დეტალური და კარგად დასაბუთებული ანალიზის ჩატარების რეკომენდაციას იძლევა, რომელშიც ჩართული იქნება საზოგადოების ყველა სეგმენტი, განსაკუთრებით, სექსუალური და გენდერული უმცირესობების წარმომადგენლები, ისევე, როგორც შესაბამისი სექტორების ექსპერტები და პროფესიონალები (სამართალი, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური ზრუნვა, ა.შ.). მსგავსი ანალიზი საჯარო უნდა გახდეს და ისეთ დროში ჩატარდეს, რომელიც შესაბამისი იქნება გულწრფელი და მიუკერძოებელი კონსულტაციისთვის, რაც არსებული საკითხების გულწრფელი და მიუკერძოებელი შეფასების საშუალებას შექმნის.

„რაც შეეხება საკონსტიტუციო კანონის კანონპროექტის იურიდიულ შეფასებას, აღნიშნულ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სასამართლო პრაქტიკისა და ვენეციის კომისიის წინა მოსაზრებების გათვალისწინებით, კომისია მიიჩნევს, რომ (დაინიცირებული საკანონმდებლო) შესწორებების ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა ვერ დადგინდება ზემოხსენებული მიზეზების გამო და ამდაგვარი ტექსტის მიღების წინადადებაც კი საქართველოში ლგტბ ხალხის წინააღმდეგ მტრული და სტიგმატიზირებადი გარემოს (კიდევ უფრო) გამწვავების რისკს აჩენს. შესაბამისად, კომისია საქართველოს ოფიციალურ პირებს აძლევს რეკომენდაციას, მთლიანად გადახედონ საკანონმდებლო ინიციატივას და არ გააგრძელონ მისი მიღება”, - ნათქვამია ვენეციის კომისიის მოსაზრებაში.

თუმცა, დასკვნაში ასევე ხაზგასმულია ისიც, თუ რა უნდა შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტზე მუშაობა გაგრძელდება.

თუმცა, თუ საკონსტიტუციო კანონპროექტი შენარჩუნდება, ვნეციის კომისიას ამ შემთხვევისთვისაც აქვს რეკომენდაციები:

„საკონსტიტუციო კანონის პროექტის 1.1 მუხლის მოდიფიკაცია ისე, რომ შესაძლებელი იყოს ერთსქესიანი წყვილების იურიდიული აღიარება.

„კანონპროექტის 1.1 მუხლში სიტყვა გენეტიკური ამოღება.

„საკონსტიტუციო კანონპროექტის მუხლ 1.2-ში სიტყვა „ჰეტეროსექსუალის“ „პირით“ ან „ინდივიდით“ ჩანაცვლება.

„საკონსტიტუციო კანონპროექტის 1.3 მუხლის წაშლა.

„საკონსტიტუციო კანონპროექტის 1.4 მუხლის პირველი ფრაზის (გენეტიკური მონაცემების შესაბამისად) წაშლა და საკმარისად დეტალური და ზუსტი კანონის დადგენა, ტრანსგენდერი ადამიანების რეგისტრირებული სქესის მარკერის შეცვლის სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურების უზრუნველსაყოფად.

„საკონსტიტუციო კანონპროექტის მუხლი 1.5-ის წაშლა ან მისი ხელახალი ფორმულირება დისკრიმინაციის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

„საკონსტიტუციო კანონპროექტის 1.6, 1.7 და 1.8 მუხლების წაშლა და სანაცვლოდ ინცესტის ცალკე, სისხლის სამართლის კანონმდებლობით რეგულირება.“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველო არასდროს დაეთანხმება ვენეციის კომისიის იმ მოწოდებას, რომ ქვეყანაში დაშვებულ იქნას ერთნაირსქესიანთა ქორწინება. მისივე შეფასებით, ვენეციის კომისიამ თქვა ის, რის თქმასაც ვერ ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ ბედავენ და ამ მიზეზით, საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებენ.

„ბოლო დროს ვენეციის კომისია საქართველოსთვის მიუღებელ რეკომენდაციებს იძლევა. როცა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზეა საუბარი, ვენეციის კომისია პირდაპირ გვეუბნება - არათუ ეს არ მოსწონს რა ცვლილებებსაც ვგეგმავთ, არამედ რაც არის ისიც ამოშალეთ, ანუ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეთო. ოპოზიციას გარეთ თავისი პატრონების ეშინია და შიგნით ქართველი ხალხის, ეს არის მათი დამოკიდებულება და განწყობა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კუთხით. 

„ისინი ვერ ბედავენ ამ დებატებში მონაწილეობის მიღებას. რომ თქვან, რომ არ მოსწონთ და საკუთარი რეალური განწყობა დააფიქსირონ - მათ ქართველი ხალხი დასჯის, ხოლო რომ თქვან რომ მოსწონთ - პატრონების ეშინიათ. ამიტომ გაერიდნენ პარლამენტს ამ კვირაში...

„ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო მათი პოზიციის გამამყარებელი. ისინი ვერ ბედავენ ამის თქმას და გარედან თქვა ვენეციის კომისიამ. თუმცა საქართველო არასდროს დაეთანხმება ვენეციის კომისიის იმ მოწოდებას, რომ საქართველოში დაშვებულ იქნას ერთნაირსქესიანთა ქორწინება“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×