ელზა პაპოშვილი
18.06.2024

ითანამშრომლებენ თუ არა "ლელო" და "საქართველოსთვის" - გახარიას გუნდი თანამშრომლობისთვის მზადაა, თუმცა "ლელო" თავს იკავებს . 16 ივნისს პალიტრანიუსის ეთერში ყოფილმა პრემიერმინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ლელოსთან თანამშრომლობა არ გამორიცხა და თქვა, რომ ყველაზე ახლო პარტია მათთვის „ლელოა“, ხოლო მისი პარტია თანამშრომლობისთვის ღიაა.  

გახარიას გუნდთან თანამშრომლობას "ლელო" არ განიხილავს. პარტიის გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ პარტიასთან "საქართველოსთვის" მათ კონსულტაციები არ ჰქონიათ და არც სამომავლოდ აპირებენ.

"ლელო" არ განიხილავს გიორგი გახარიას გუნდთან არანაირ გაერთიანებას. გახარიას გუნდთან არ ყოფილა არანაირი კონსულტაციები და თანამშრომლობა არც წარსულში, არც აწმყოში არ არის და არც მომავალში განიხილება. ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა გავიდეთ არჩევნებზე - ეს არის ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების იდეა,"-აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

პარტიაში "საქართველოსთვის" კი მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ორპოლუსიანობა უნდა დასრულდეს და პარლამენტი ისეთი პარტიებით დაკომპლექტდეს, რომელიც არც "ნაციონალურ მოძრაობასთან" იქნება კავშირში და არც "ქართულ ოცნებასთან". გახარიას გუნდის წევრი, მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ "ლელო" მათ პარტიასთან იდეოლოგიურად ყველაზე ახლოს დგას.

"ჩვენი ძალიან დიდი სურვილია და, პირდაპირ გეტყვით, სურვილიც არის, რომ ეგენი არ "განაცდნენ". ქვეყანაში უნდა მოვიყვანოთ დრო და მოცემულობა, როდესაც მარტო "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" არ არიან მსხვილი პოლიტიკური აქტორები, არამედ მნიშვნელოვანია, რომ კონკურენცია გაიზარდოს. ჩვენ გვინდა, რომ აქ იყოს "ლელოც", რადგან ვფიქრობთ და გვჯერა, მათ აქვთ რესურსი, ერთისგანაც განსხვავდებოდნენ და მეორისგანაც,"-აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

მმართველ გუნდში ყოფილი ოპონენტების შეცვლილი პოზიცია არ უკვირთ და აცხადებენ, რომ ისინი, წინასაარჩევნო ბარიერის გადასალახად, ნებისმიერი შესაძლებლობის გამოყენებას შეეცდებიან.  “ქართული ოცნების“ შეფასებით, ეს არის ფარსი და ამომრჩევლის მოტყუება.

თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, რასაც გარე ძალები დაავალებენ, იმას აკეთებს ორივე პოლიტიკური ძალა. “გიორგი გახარია არაფერს არ წარმოადგენს, არც “ლელო“, რასაც ეტყვიან, როგორც უბრძანებენ და დაავალებენ, იმას გააკეთებენ.

“გახარია და “ლელო“ რა დაპირისპირებაში იყვნენ ერთმანეთთან და რა სიტყვებით მიმართავდნენ ერთმანეთს, ეს საზოგადოებას კარგად ახსოვს, მაგრამ ყველაფერს გადააბიჯეს, რადგან ეუბნებიან, რომ მათ ასე უნდა გააკეთონ, ერთ პლატფორმაზე უნდა გაერთიანდნენ და ა.შ.“ - აცხადებს დედაქალაქის მერი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის შეფასებით კი, საზოგადოებას გახარია და “ლელო“ სთავაზობენ პოლიტიკური უთავმოყვარეობის ყველაზე ამორალურ სტანდარტს.   

„აქედან ჩანს საპარლამენტო მანდატებისთვის რა დონეზე შეიძლება დაეცეს ადამიანი და როგორი პოლიტიკური ფსკერი შეიძლება აჩვენოს მან. მერე არავის აღარ გაუკვირდეს, რომ არჩევნებზე მინიმალური მხარდაჭერაც კი აღარ ექნებათ ისეთ ადამიანებს, ვინც დაცლილი არიან ყოველგვარი პრინციპებისა და ღირებულებებისგან“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.  

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ფიქრობს, რომ ადამიანები რომლებიც წარსულში ერთმანეთს დანა-სისხლად იყვნენ გადაკიდებულები, რა არ დააბრალეს და ახლა თანამშრომლობაზე საუბრობენ,  უპრინციპო და უსინდისო პოლიტიკოსები არიან. გვენეტაძე „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ მათი გაერთიანების ამბავი დიდი ალბათობით გარედან არის ნაკარნახევი. მათ აქვთ იმედი, რომ ამით ამომრჩევლის მოზიდვას შეძლებენ. 

„ხაზარაძე და „ლელოელები“ ახლო წარსულში გახარიას და მის გუნდს რას აღარ ეძახდნენ. თვალთხარიაო და ტირანიო და ათასი უბედურება დააბრალეს. გახარია კიდევ თაღლითებს და რას არ უწოდებდათ. 

„გვახსოვს ე.წ. წერილის გავრცელებული სკანდალიც. ორივე მათგანმა ეს ყველაფერი მშვენივრად შეირგეს. ახლა კიდევ რაღაცა გაერთიანებაზე საუბრობენ. რატომ ჰგონიათ, რომ ასეთი უთავმოყვარეო პოლიტიკოსები და პარტია ამომრჩევლის სიმპატიებს დაიმსახურებს? ქართველ კაცს პირველ რიგში პოლიტიკაში მოსწონს პრინციპული და ღირებულებების მატარებელი პოლიტიკოსები. და არა ისეთები, როგორიც გახარია და ხაზარაძე-  ჯაფარიძე არიან. კარგი ესენი ვინც არიან და როგორც გაძარცვეს ქართველი ხალხი  ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ გახარიაც თურმე ასეთი შუბლგაწყვეტილი ყოფილა. 

„უკვე არაფერი აღარ შეიძლება გაგვიკვირდეს, ხაზარაძე - ჯაფარიძეზე აღარც ვსაუბრობ. გახარია  „ნაციონალურ მოძრაობას“ პირდებოდა მე თქვენ დაგასრულებთო და ამ დროს 4 საკრებულოში მათთან თანამშრომლობა დაიწყო. ესენი არიან ნამუსგარეცხილი ადამიანები, რომლებიც საკუთარი ინტერესების გამო მტერსაც კი შეეკვრებიან და  ამას აკეთებენ ზუსტად. სწორად თქვა პრემიერმა კობახიძემ, ასეთია აგენტების ბედი, რომ ნამუსზე ხელი უნდა აიღოს, რათა მის პატრონს და დამკვეთს ასიამოვნოს“,-ამბობს გვენეტაძე. 

მისივე თქმით, გარეთ მყოფი ძალები ხედავენ, რომ საქართველოში ოპოზიცია  სუსტია. ამიტომ მიმდინარეობს ყველანაირი სახის გადაჯუფება - გადმოჯგუფება. თუმცა ეს ყველაფერი ფუჭი მცდელობაა, ნულს მივუმატოთ ნული, ისევ ნულია. ამიტომ ვინც სად არ უნდა გაერთიანდეს, მათი საშველი მაინც არ არის.       

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×