რეზონანსი
26.06.2024

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ალავერდში იმყოფებოდა.

იგი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან, კახეთის მხარეში სახელმწიფოს რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან, არქიტექტორ-რესტავრატორ ნიკო ზაზუნიშვილსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო სტიქიის შედეგად სამონასტრო კომპლექსში შექმნილ ვითარებას.

მინისტრმა აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან, ადგილობრივ სასულიერო პირებსა და სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ტაძრის დაზიანებების აღმოფხვრის გზებზე იმსჯელა.

გუშინდელი მოულოდნელი სტიქიის შემდეგ განსაკუთრებით საყურადღებოა ძირითადი ტაძრის გუმბათის დაზიანება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გუშინდელი დღიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები სასულიერო პირებთან ერთად აფასებენ შექმნილ მდგომარეობას და განიხილავენ პრობლემების მოგვარების გზებს.

დაუყოვნებლივ არის ასაგები ხარაჩო, რათა სპეციალისტებს მიეცეთ გუმბათზე მუშაობის საშუალება.

მინისტრის თქმით, შეიქმნება საშუალოვადიანი პროექტი, რათა მომავალში ძეგლი მეტად იყოს დაცული მსგავსი საფრთხეებისგან.

როგორც ცნობილია, 25 ივნისის სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, სამხრეთი კალთის სხვადასხვა ადგილიდან ამოგლეჯილია ლორფინის ქვები, დანარჩენ ადგილებში დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.

ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×