თამთა ჩაჩანიძე
14.05.2024

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, სულ უფრო რეალური გახდა როგორც ზოგადად საქართველოსთვის, ასევე კონკრეტულად ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგნელებისთვის დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესება. საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯიმ ობრაიენმა ამაზე ღიად ისაუბრა.

მანამდე ევროპარლამენტის რეზოლუციებში თუ დასავლელი ლიდერების წერილებში საუბარი ეხებოდა სხვადასხვა სახის სანქციებს, რომელიც შესაძლოა კანონის მიღების საპსუხოდ ამოქმედდეს - ევროინტეგრაციის პროცესის გაყინვა, კანდინატის სტატუსის უკან გაწვევა, ევროკავშირის წევრებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება თუ პერსონალური სანქციები. ახლო მომავალში ეს ყველაფერი შესაძლოა უკვე რეალობად იქცეს.

ანალიტიკოსების აზრით, სანქციების შესახებ უფრო მეტს თბილისში დასავლელი ლიდერების ვიზიტების შემდეგ გავიგებთ, თუმცა პირველი შეფასებები და განცხადებები უკვე ტოვებს საკმაოდ მძიმე შტაბეჭდილებებს.

„თუ ეს კანონი დარჩება ისე, როგორც დღეს არის და გაგრძელდება ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, აშშ-ის მხრიდან იქნება შეზღუდვები ფინანსური და მგზავრობის კუთხით", - განაცხადა ჯიმ ობრაიენმა სამშაბათს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის რეგულირებაში, საქართველო უნდა იყოს შესაბამისობაში იმასთან, რაც არის ევროკავშირში და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში.

ობრაიენის თქმით, „არც თავად პროცესი და არც კანონი არ არის შესაბამისობაში იმ სტანდარტებთან, რაც არის ევროკავშირში და რაც მოითხოვება, რადგანაც საქართველოს სურვილია ევროკავშირისკენ და ნატო-სკენ სწრაფვა, შესაბამისად, არსებობს გარკვეული წესები, სტანდარტები, რომლებიც ამ ორგანიზაციებს გააჩნია". მისი თქმით, 30 წელზე მეტია აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში საქართველოს კონსტიტუციაში დაფიქსირდა საქართველოს სწრაფვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, თუმცა „თუ კანონი წინ წავა ისე, რომ შესაბამისობაში არ მოვა ევროკავშირის ნორმებთან, ძირი გამოეთხრება დემოკრატიას, მაშინ ვიხილავთ აშშ ის შეზღუდვებს პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან ამ ქმედებებზე".

აშშ-ის წარმომადგენლის გამოსვლას მოჰყვა პრემიერ ირაკლი კობახიძის საგანგებო ბრიფინგი, სადაც აღნიშნა, რომ „ობრაიენს განუმარტეს ყველა დეტალი, რაც ამ კანონთანაა კავშირში. თუ რაიმე შენიშვნები იქნება, ხელისუფლება კიდევ ერთხელ, მზადაა დისკუსიისთვის" და კობახიძის თქმით, ეს მზაობა ბატონ ობრაიანსაც დაუდასტურა.

კანონის მიღების პარალელურად, საქართველოს ეწვივნენ ამერიკელი და ევროპელი მაღალი თანამდებობის პირები. თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი. მასთან ერთად არიან ჩეხეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეეები. ისინი კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე იმყოფებდნენ და სიტყვითაც გამოვიდნენ, მანამდე კომენტარები გააკეთეს მედიისთვის.

„ევროკავშირში, ევროპაში არავის სჭირდება ასეთი კანონი. ძალიან მარტივი გასაგებია. და მე არ ვურჩევ ევროკავშირის ინსტიტუტებს, დაიწყონ მოლაპარაკებები ამ კანონის დეტალებისა და პუნქტების შესახებ. ჩვენ არ გვჭირდება მოდიფიკაცია. შეაჩერეთ ის, უბრალოდ, შეაჩერეთ", - განაცხადა მაილ როთმა.

მოსალოდნელია თუ არა სანქციები

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აშშ-ის წარმომადგენლის პრესკონფერენციიდან მსუბუქი შთაბეჭდილება არ დარჩა, რადგან მან დაუფარავად წარმოადგინა შენიშვნები, რაც აშშ-ს აქვს.

„ობრაიენის გამოსვლიდან მსუბუქი შთაბეჭდილება არ დამრჩა, საკმაოდ დაუფარავად გაიხსნა პრობლემური თემები, კანონის გარშემოც და რიტორიკის თაობაზეც. ვნახოთ, მისი მხრიდანაც ლაპარაკია, რომ მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

„არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის, რაზედაც იყო ლაპარაკი - განმასხვავებელ ნიშანზე ქართულ და ევროპულ კანონებს შორის - ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითია. მითუმეტეს ვიცით, რომ ქართულ კანონში სანქციები და ჯარიმები საერთოდ არაა. ამ დროს აქ ობრაიენი ამაზე ლაპარაკობდა და ამიტომ შთაბეჭდილება დანმრჩა, რომ ეს საკითხი ბოლომდე გარკვეული არაა", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ სანქციების შესახებ უფრო მეტს დასავლელი პარტნიორების ვიზიტების დასრულების შემდეგ გავიგებთ. ანჯაფარიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება კონსენსუსით ხდება ევროკავშირშიც, სტატუსის გაწვევა იქნება ეს, თუ უვიზო მიმოსვლის შეჩერება.

„სანქციების შესახებ მეტს ობრაიენის ვიზიტის შემდეგ გავიგებთ. შესაძლოა დღეს მან რაღაც მინიშნებები გააკეთოს. ვინც ამერიკელების მუშაობის სტილს იცნობს, იცის, რომ ისინი ასე წინასწარ არ აცხადებენ, რომ ჩვენ ამას სანქციებს დავუწესებთ და ა.შ. ჯერ წარმოებს მოლაპარაკებების ეტაპი, ხდება პოზიციების შეჯერება, რომ იქნებ სანქციების შესაძლო ობიექტი დაარწმუნონ, რომ თუ ის ამას გააკეთებს, სანქციებს დაექვემდებარება. თუ ეს ეტაპი უშედეგოდ დამთავრდა, მერე სანქციები განხორციელდება, როგორც ოთხ მოსამართლესთან დაკავშირებით მოხდა. ჩვენ გვახსოვს, რომ ჯერ წინასწარ მოლაპარაკებები მიდიოდა სასამართლო სისტემის რეფორმაზე და რომ დაინახეს, რომ მათი მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა, სანქციების დაწესება გადაწყვიტეს აქედან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და რამდენადაც ვიცი, ამ სანქციების დაწესებაში ლომის წილი აშშ-ს ყოფილ ელჩს მიუძღვის.

„სანქციების დაწესება იმ ქვეყნისთვის, რომელიც შენი სტრატეგიული პარტნიორია, ფაქტიურად პარტნიორული ურთიერთობების ჩამოშლას ნიშნავს. მერე უკვე ვეღარ დაელაპარაკები, ვეღარ აწარმოებ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს შენს მიერვე სანქცირებულ პოლიტიკოსებთან. როგორ შეძლებს ამერიკული ოფიოციოზი, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობები აწარმოოს, თუ ის სანქციებს დაუწესებს?!

„ამიტომაც ცოტა უფრო პრაგმატულად მიუდგებიან ამ საკითხს. ამერიკელებიც და ევროპელებიც ხვდებიან, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებასთან მათ საერთოდ გაწყვიტეს პოლიტიკური დიალოგი საქნციების მეშვეობით, ამით მხოლოდ რუსეთი ისარგებლებს. შესაბამისად, ეს ფაქტორი მათი პოზიციის განსაზღვრაში ერთ-ერთი საკვანძო იქნება.

„იმის ალბათობა არსებობს, რომ ევროპასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დეკემბერში არ გაიხსნას, მაგრამ გადაწყვეტილება ერთობლივად უნდა მიიღოს ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ. იგივე ეხება უვიზო რეჟიმის გაუქმებასაც - ეს ოთხი-ხუთი ევროპარლამენტარის წერილის საფუძველზე არ ხდება, კოლექტიური გადაწყვეტილება უნდა იყოს და როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებასაც" ამის იმედი აქვს.

„ევროპაში შესაძლოა ვიღაცეები იყვნენ, ვინც საქართველოს ხელისუფლებისა და ზოგადად საქართველოსთვის მკაცრი ზომების დაწესების მომხრეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის გაუქმების, მაგრამ არიან ისინიც, ვინც თვლის, რომ ამით საქართველო შესაძლოა აღმოჩნდეს უფრო მეტად რუსეთის გავლენის ქვეშ და ეს მხოლოდ რუსეთის პოზიციებს გააძლიერებს. ამიტომაც ასე ცალსახად იმის მტკიცება, რომ ეს აუცილებლად მოხდება, როგორც ახლა ოპოზიცია და მისი მომხრეები ცდილობენ ჩვენი საზოგადოება დაარწმუნონ, არასწორი იქნება. მემგონი ამის მაღალი ალბათობა ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცაღა არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მცირეა ალბათობა არსებობს - თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ ასეთი გადაწყვეტილებით საქართველოში ისეთ პროცესებს შეიწყობენ ხელს, რომლებიც ხელს შეუწყობდა ხელისუფლების ცვლილებას, მაგრამ ევროპის მხრიდან ეს იქნებოდა ძალიან არაპრაგმატული ნაბიჯი", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

რატომ თქვა უარი ივანიშვილმა ობრაიანთან შეხვედრაზე

პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, „ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიინა ივანიშვილმა ობრაიანთან შეხვადრაზე უარი თქვა.

„თავად ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს ეს საკითხი გამომდინარე იქიდან, რომ მიიიჩნევს ამ საკითხს არასერიოზულად. ეს შემიძლია გითხრათ. რაც შეეხება კონკრეტულად ობრაიენის ვიზიტს, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა. ამას ჰქონდა თავისი ახსნა. მინდა გითხრათ ასევე, რომ იყო გასული თვეების განმავლობაში შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებსაც უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრასთან დაკავშირებით.

„ამაზე მე მაქვს ინფორმაცია გამომდინარე იქიდან, რომ მე მიწევდა ხოლმე გარკვეული საკითხების შეთანხმება. მე მთხოვდნენ ხოლმე ამ საკითხების შეთანხმებას. ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე - ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, იმას, რომ ის ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც მან დასავლეთს რეალურად მიანდო", - თქვა კობახიძემ.

როგორც ობრაიენმა განაცხადა, დასახელებული მიზეზი ნიშნავს იმას, რომ „პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის იმ ვალდებულებაზე წინ, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში".

„კანონის განხილვებთან დაკავშირებით გვქონდა წინასწარი კავშირი პრემიერ-მინისტრთან, მივიწვიეთ აშშ-ში. იყო ასევე შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან. სანამ აქ ჩამოვიდოდით, გამოვთქვით ბატონ ივანიშვილთან შეხვედრის სურვილი. პასუხი იყო ასეთი, რომ ივანიშვილი იმყოფება დე ფაქტო სანქციებზე.

„ამ ეტაპზე მის მიმართ სანქციები არ არის. ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არის არასწორად ინფორმირებული, ნამდვილად გასაოცარი და სამწუხაროა. მიზეზი, რის გამოც ადამიანმა შეიძლება უარი განაცხადოს ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე, გარკვეულწილად ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის იმ ვალდებულებაზე წინ, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ კანონის შესახებ მსჯელობა და საუბარი მხოლოდ ერთი მიმართულებაა. თუმცა ძალიან საგულისხმოა და უნდა შევეცადოთ, რომ არ შეიცვალოს ის ნაყოფიერი და კონსტრუქციული თანამშრომლობა, რაც ჩვენს შორის არსებობს", - განაცხადა ობრაიენმა.

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს, არშეხვედრის მიზეზი სავარაუდოდ ისაა, რომ ივანიშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის დღის წესრიგი, რაც ამერიკულმა მხარემ შესთავაზა.

„რთულია ამაზე საუბარი, თუმცა, როგორც ჩანს, ის დღის წესრიგი, რაც მას ამერიკულმა მხარემ შესთავაზა და ის საკითხები, რისი განხილვაც იგეგმებოდა, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, მან ჩათვალა, რომ შეხვედრას აზრი არ ჰქონდა. თორემ, თუკი ეს შეხვედრა საქართველოს ინტერესებს მოემსახურებოდა, არ მგონია მას უარი ეთქვა.

„ობრაიანი ადგილზე სიტუაციის გასარკვევად ჩამოვიდა. ერთია რა ინფორმაციაც ვაშინგტონში მოგდის, ეს ძირითადად სხვადასხვა წყაროებიდანაა, რაც ხშირად ბოლომდე არ შეესაბამება სინამდვილეს და პრეპარირებულია ვიღაცეების პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად, ამიტომაც ამ ადამიანმა ჩამოსვლა მოინდომა, რომ უშუალოდ ძირითად აქტორებს დალაპარაკებოდა და თავად შეექმნა პირადი შთაბეჭდილება, თუ რეალურად ადგილზე რა ხდება. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა აშშ-ის სახდეპის მუშაობაში.

„ობრაიანის განცხადებიდან გავიგებთ ვისი არგუმენტები უფრო დამაჯერებელი იქნება ხელისუფლების თუ ოპიზიციის. არ გამოვრიცხავ, თუმცა ალბათობა მცირეა, რომ მიიღონ კომპრომისული ვარიანტი, რომ ორივე მხარეს სახის შენარჩუნების საშუალება მიეცეს, რომ ქვეყანა მშვიდობიანად მივიდეს არჩევნებამდე, რადგან, როგორიც არ უნდა იყოს აშშ-ის და ევროკავშირის ანტაგონიზნმი „ქართული ოცნების" მიმართ, საქართველოში დესტაბილიზაცია არავის არ აწყობს", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×