რეზონანსი
01.06.2024

ეს „ნაციონალური მოძრაობის" დრო არ არის, მათ დროს რომ ასეთი რამ ყოფილიყო, ნახევარ საქართველოს უმოწყალოდ ამოხოცავდნენ, კრიტიკული აზრის დაფიქსირებასაც კი ვერავინ გაბედავდა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა ბოლო პერიოდში მიმდინარე ბულინგის კამპანიაზე საუბრისას „ქრონიკაში" განაცხადა.

მისი განცხადებით, განსხვავებული აზრი უნდა არსებობდეს და საკუთარი აზრის მშვიდობიანად გამოხატვა ყველას შეუძლია.

„არავინ არავის უშლის მშვიდობიანად, ცივილიზებულად გამოხატოს საკუთარი აზრი, მათ შორის კრიტიკული. ეს „ნაციონალური მოძრაობის" დრო არ არის, მათ დროს რომ ასეთი რამ ყოფილიყო, ნახევარ საქართველოს უმოწყალოდ ამოხოცავდნენ, კრიტიკული აზრის დაფიქსირებასაც კი ვერავინ გაბედავდა. ძალიან ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ გამოძიების ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარებისთვის, მაგრამ ძალიან რთულია, პროვოკაციებს პასუხი არ გაეცეს. პროვოკაციებს ნუ წამოვეგებით, თუმცა, ვიტოვებთ უფლებას, რომ პრინციპულები ვიყოთ პროვოკაციებთან მიმართებაში. გარკვეულ ზღვარს როდესაც გადავა ადამიანი, მათ ნუ ექნებათ ილუზია, რომ ჩვენი მხარდამჭერები ამ ყველაფერს არ უპასუხებენ და არ შეახსენებენ, ვინ არიან ეს ადამიანები", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მან აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე ძალადობისა და ბულინგის კამპანიას წინ უძღოდა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე მამუკა მდინარაძეზე ალეკო ელისაშვილის თავდასხმა.

„ამის შემდეგ რა ვიხილეთ - ამ ეგრეთ წოდებულმა ჟურნალისტებმა, პარტიული ტელევიზიის წარმომადგენლებმა ეს ყველაფერი აიტაცეს. ხედავდით, როგორი წამახალისებელი კამპანია გააჩაღეს და მოუწონეს, შეაქეს ელისაშვილის ეს ქმედება. ეს იყო ძალადობის აშკარად გამოხატულების წახალისება მათი მხრიდან. ამის შემდეგ ვიხილეთ, რა თქმა უნდა, ძალადობა როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. როდესაც მოქალაქეები უყურებენ, რომ ძალადობს ძალა, რომელიც ამ ძალადობით ცდილობს, კვლავ მოვიდეს ხელისუფლებაში და მათი ხელწერაა ეს არაადამიანური მოქმედებები, ბუნებრივია, რომ ამას რეაქცია მოჰყვება", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპონენტები არც მცირეწლოვან შვილებს და არც ხანდაზმულ მშობლებს ინდობენ.

„მათთვის არანაირი წმინდა, რომელიც წითელ ხაზებს დაადგენდა, არ არსებობს და ეს ყველას კიდევ ერთხელ გვახსენებს, რის გამკეთებლები არიან ესენი. ესენი არიან სწორედაც ის „ნაციონალური მოძრაობაა", რომელიც არეკეტებდა ბიზნესს და ამ დარეკეტებისთვის აუპატიურებდნენ, ოჯახის წევრების მოკვდინებით ემუქრებოდნენ ადამიანებს, პირდაპირ დღისით და მზისით პირდაპირ ქუჩებში ხოცავდნენ ადამიანებს. ყველას მინდა, ვუთხრა, რომ ჩვენი ხელისუფლება არის არა ბოროტების, კაცთმოძულეობის, ბულინგის ან ნებისმიერი არაადამიანობის არამც თუ მომხრე, არამედ ჩვენ ამ ყველაფერს ვეწინააღმდეგებით," - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×