ელზა პაპოშვილი
16.05.2024

არსებობს თუ არა ქვეყანაში პროცესების განმუხტვის შანსი და ვინ ან რამ შეიძლება ამაში გადამწყვეტი როლი შეასრულოს? პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუხედავად ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ობრაიენის მოწოდებისა, არ გეგმავს ვეტოში შენიშვნები დაწეროს, რადგან „ოცნების თამაშში“ შესვლას არ აპირებს. 

თუმცა „გავლენების კანონთან“ დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება მომავალი კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება. ობრაიენის მიერ დატოვებულ კანონის კორექტირების შანსებს, ემატება შანსი ვენეციის კომისიიდან. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მოუწოდებს საქართველოს სრულად გაითვალისწინოს კომისიის რეკომენდაციები, იგივეს ამბობს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი და კონსტრუქციული დიალოგის იმედი კიდევ აქვს.

ბრიუსელსა და სტრასბურგში, ისევე როგორც ვაშინგტონში, კანონის დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ეს განამტკიცებს საქართველოს შემდგომ პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ვენეციის კომისია დასკვნას მომდევნო კვირის დასაწყისში გამოაქვეყნებს. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კანონის მოწინააღმდეგეებს შინაარსობრივი დისკუსიის შანსი იმ შემთხვევაში დაუბრუნდებათ, თუ ვენეციის კომისია სამართლებრივ არგუმენტებს წარმოადგენს და ეს სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებში მოხვდება.

დაანონსებული ვეტოს მოტივაციაზე პრეზიდენტმა უცხოელ მინისტრებთან შეხვედრაზე ისაუბრა, თუმცა არაფერი უთქვამს, აპირებს თუ არა მოტივირებულ შენიშვნებში ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებას. ამავე დროს, ოთხშაბათს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვეტოში ვენეციის კომისიის დასკვნა გათვალისწინებული იქნება.

„ამ კანონის გაპატიოსნება შეუძლებელია. გამორიცხულია უბრალოდ, რომ აღნიშნული კანონი რაიმე ფორმით შეიცვალოს. რა ეწერება კონკრეტულად ვეტოში, ამას ნახავთ ორ კვირაში. ეს იქნება ტექნიკურად და იურიდიულად აბსოლუტურად გამართული ვეტო. აღნიშნულ კანონში მუხლობრივ განხილვაში და კანონის რაიმე ფორმით განხილვაში შესვლას ჩვენ არ ვაპირებთ. წერტილი. ამაზე საუბარი ზედმეტია. მაგას ვაღიარებთ, რომ ზოგადად, ჩვენს ვეტოებში ვენეციის კომისიის დასკვნას ვითვალისწინებთ,“ - განაცხადა მსხილაძემ.

მმართველი გუნდი კი მიიჩნევს, რომ დონორებს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა უნდათ. 

„გადავხედოთ წარსულს, პირველად იყო ოპოზიციის მხრიდან მცდელობა რევოლუციის მოწყობის, შემდეგ იყო ენჯეოების, ამის შემდეგ იყო ჟურნალისტების რევოლუციის მცდელობა, დღეს, 2024 წელს გვაქვს დონორების რევოლუციის მცდელობა,“ - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

მან რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო მოვლენები უკრაინაში 2014 მიმდინარე მაიდანის რევოლუციას შეადარა და აღნიშნა, რომ საქართველოში უკრაინიზაცია არასდროს მოხდება.

„დღეს, 2024 წელს გვაქვს დონორების რევოლუციის მცდელობა, პირდაპირი ამ სიტყვების მნიშვნელობით. ის, რაც ხდება დღეს რუსთაველზე, არის აბსოლუტურად ანალოგიური, რაც 2014 წელს ხდებოდა უკრაინაში. ამას რატომ ვამბობ, 2014 წელს რაც ხდებოდა უკრაინაში, ყველა პერფორმანსი, რაც არის აქციაზე, ზოგადად შინაარსი აქციების, ერთი-ერთში არის აკერმანის სახელმძღვანელოდან, კიდევ იქ არიან ჩარჩენილები.

„დღეს 2024 წელია, 2014 წელს ფერადი რევოლუცია მოაწყვეს უკრაინაში და იმავე მეთოდებით ცდილობენ დღეს საქართველოში რევოლუციის მოწყობას და 2014 წელს, როდესაც უკრაინაში რევოლუცია მოხდა, მაიდანი, დღეს 2024 წელია და ყველა ვხედავთ რა მდგომარეობასა და რა ვითარებაშია უკრაინა.

„კიდევ ერთხელ მინდა ყველას ვუთხრა, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, უკრაინიზაცია საქართველოში ვერ მოხდება და ის ვითარება, რაც დღეს უკრაინაშია, საქართველოში არასდროს არ განმეორდება იმიტომ, რომ ჩვენ გამოვლილი გვაქვს ეს ყველაფერი და ვიცით, რას ნიშნავს ომი და რამხელა უბედურების მომტანია," - აცხადებს კახა კალაძე.   

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, რომ კონკრეტული გეგმა შემუშავდეს, რითაც პროტესტი გაგრძელდება. მისივე თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც უნდა ჩამოყალიბდნენ, თუ რა გეგმა აქვთ.

„მნიშვნელოვანია პოლიტიკოსები გამოვიდნენ და ჩამოვყალიბდეთ, რას ვაკეთებთ - ჩვენ გვინდა რევოლუცია, პიკეტირება თუ არჩევნებზე მისვლა. ამაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. თუ არჩევნებზე მივდივართ, რა იდეით მივდივართ?! - ირაკლი კობახიძის მიერ დაწერილ კონსტიტუციას ვიცავთ, თუ უკეთეს საქართველოს ვთავაზობთ ჩვენ მოქალაქეებს. ჩემი აზრით, მთავარი მოთხოვნა რაც უნდა იყოს, არის არა რუსული კანონის გაწვევა, არამედ ერთპიროვნული მმართველობის დასრულება, რომელიც ჩვენი ქვეყნის პრობლემაა უკვე 30 წელზე მეტია,“ - აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა. 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ არ ელის, რომ სიტუაცია რაიმე ფომით ამ ეტაპზე ქვეყანაში განიმუხტება. 

„არ ველი, რომ ზურაბიშვილის მიერ დადებულ ვეტოს მმართველი გუნდი არ დაძლევს და ჩააგდებს. ეს ყველაფერი მაგისთვის არ გაუკეთებიათ, რომ ახლა ბოლო მომენტში უკან დაიხიონ. საკამოდ რთული და ჩიხური სიტუაციაა შემქნილი. ერთი გამოსავალია, რომ ვეტო არჩევნებმადე არ დაძლიონ და გადადონ. თქვაან, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მიზაშეწონილად არ მიაჩნიათ. სხვაგვარად მათი პოლიტიკური მდგომარეობა არჩევნების  წინ უარესი გახდება. არც ახლა მგონია, რომ კარგად ჰქონდეთ  საქმე, მაგრამ ვეტოს არდაძლევის შემთხვევაში საკუთარ ამომრჩეველთან მართლა სახის დაკარგვა იქნება. ამიტომ თქვა ობრაიენმა, მოდი, ცვლილებები შეიტანეთო. თუმცა ზურაბიშვილის პოზიცია გასაგებია, რადგან ეს კანონი საერთოდ არ არის მისაღები. არა აქვს მნიშვნელობა იქ რა ცვლილებები შევა. მეორეც ეს უფრო „ოცნების“ პოლიტიკური ფანდი მგონია და არ ვფიქრობ, რომ ამაზე წავლენ. უბრალოდ ამით დროის მოგებას ცდილობენ“, - ამბობს ძაბირაძე. 

მისივე თქმით, ორმა რამემ შეიძლება „ოცნების“ უკან დახევა განაპირობოს. ერთი, რომ სანქციების საკითხი რეალური გახდეს და ეს საფრთხე მათ ნამდვილად იგრძნონ და მეორე, ქვეყნის შიგნით აქციები არ შეწყდეს და ამან უფორ მასშტაბური სახე მიიღოს.    

„ახლა ოცნებას ორი რამის იმედი აქვს, მაგალითად ქვეყნის შიგნით უკვე ზაფხული მოდის, ასევე ევროპის ჩემეპიონატია  და საზოგადოების ყურადღება პოლიტიკური ამბებიდან მოდუნდება. დასვენებები იწყება და ზაფხული ნაკლებად აქტიური პერიოდია. მეორეს მხრივ კი ამერიკაში, ევროკავშირში, ევროპულ ქვეყნებში არჩევნებია. ამიტომ არავინ იცის მოვლენები ქვეყნის  გარეთაც როგორ განვითარდება. შესაბამისად ხელისუფლება დროის მოგებას შეეცდება. თუმცა ოპოზიციამ გონიერება უნდა გამოიჩინოს და სექტემბრამდე ეს მუხტი შეინარჩუნოს. აქციებით თუ მივლენ არჩევნებმადე, ივანიშვილს ყველაზე მეტად ამის ეშინია. თქვა კიდევაც, რომ პროცესები ამიტომ გადმოიტანა ახლა. შესაბამისად, ყველაფერს დრო სჭირდება. ასე უცბად მმართველი გუნდი არ გატყდება, მითუმეტეს ოპოზიცია სუსტია და ხელისუფლებას იმედი აქვს, მათ  ხალხი არ აჰყვება. ამიტომ თუ სანქციების თემა ძალიან რეალისტური გახდა და ხალხიც ყოველ დღე ქუჩაში გამოვიდა, მმართველი გუნდის უკან დახევის შანსები არსებობს“, - ამბობს ძაბირაძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×