თამთა ჩაჩანიძე
14.06.2024

გიორგი გახარია ოპოზიციის ერთიან სიაზეც უარზეა და წინასაარჩევნოდ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან გაერთიანებაზეც. პარტიაში აცხადებენ, რომ „ყველაზე პრაგმატული და შედეგიანი იქნება", „ გახარია საქართველოსთის" არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდეს. კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სტრატეგია საინტერესოა, რადგან თუ ვერც „ოცნებამ" და ვერც ოპოზიციამ ვერ მოაგროვა 50%-ზე მეტი, მაშინ შესაძლოა გახარიას ხმა გადამწყვეტი აღმოჩნდეს პარლამენტში. ასეთ შემთხვევაში, კონფლიქტოლოგი ორ შესაძლო სცენარზე გვიყვება.

პარტია „ გახარია საქართველოსთვის" წევრი, მიხეილ დაუშვილი მიესალმება, საერთო იდეოლოგიისა და ღირებულებების მქონე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი საარჩევნო სია შექმნან, თუმცა აცხადებს, რომ მოქმედებას ძველი სტრატეგიით გააგრძელებენ და დამოუკიდებლად გავლენ არჩევნებზე.

„ჩვენი სტრატეგიით ვაგრძელებთ მოქმედებას. ჩვენს ნაწილში არაფერი შეცვლილა. ვისაც სურვილი აქვს ერთიანი სია ჩამოაყალიბოს, რა თქმა უნდა, ეს უნდა გააკეთონ. ვისაც იდეოლოგიური, ღირებულებითი და რაღაც ტიპის ერთიანობა აქვს, მივესალმებით, ხმები გააერთიანონ, რათა არ დაიკარგოს. ვფიქრობთ, რომ ყველაზე პრაგმატული, პრაქტიკულად ყველაზე სწორი და შედეგიანი იქნება, რომ ჩვენ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდეთ", - აღნიშნა დაუშვილმა.

„ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ ოპოზიციაში არც გაერთიანების ძალა აქვთ და ვერც ცალ-ცალკე ყოფნის შემთხვევაში აჩვენებენ სერიოზულ შედეგს.

„მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთიდან ბევრ საკვებს აწვდიან, რათა მათი არსებობა შედეგიანი იყოს, ვხედავთ, რომ ოპოზიციას არანაირი ხედვა არ აქვს, როგორი იქნება მათი პოზიციონირება მომავალი თვეების დროს. მათ არც გაერთიანების ძალა გააჩნიათ და ვერც ცალ-ცალკე ყოფნის შემთხვევაში აჩვენებენ რაიმე სერიოზულ შედეგს. ეს ის ღრმა კრიზისია, რაშიც ოპოზიციაა. მათ ვერც NDI-ის დაფინანსება უშველით და ვერც უცხოეთიდან გაკეთებული განცხადებები, რითაც ჰგონიათ, რომ ქართულ საზოგადოებას აღაშფოთებენ", - აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.

როგორც კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, ერთი სცენარის შემთხვევაში, არაა გამორიცხული, რომ „ოცნებამ 35%-ის ფარგლებში აიღოს, შესაბამისად ვერ მოეხერხოს მარტომ ჩამოაყალიბოს მთავრობა, მიიღოს ბიუჯეტი და კანონები, ამიტომ მას დასჭირდება კოალიციური მთავრობა და არაა გამორიცხული, რომ ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში მიადგეს გახარიას. მეორე ვარიანტში კი გახარია ოპოზიციასტან ჩამოაყალიბებს კოალიციას, ოღონდ თავისი პირობებით.

„გახარიას პარტიამ საინტერესო სტრატეგია აირჩია - როცა ყველა ერთობაზე საუბრობს, ეს გარკვეული რაოდენობის ამომრჩეველს არ მოსწონს, მათთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობა" მისი წარსულით. ამით „ოცნება" ხშირად სპეკულირებს და ამომრჩევლის დიდ ნაწილს მუდმივად ახსენებს თუ რა იყო ოდესღაც ენმ. „ოცნების" ეს სტრატეგია რამდენად სწორია, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ეს მუშაობს.

„ახლა გახარიას პარტიისთვის მთავარია დისტანცირება შეინარჩუნოს როგორც ყოფილი ხელისუფლებისგან, ისე „ოცნებისგან". ოპოზიციაში ბევრი ცდილობს დააბრალოს, რომ ეს ივანიშვილის კიდევ ერთი სათადარიგო პროექტია, თუმცა არადამაჯერებელია, რადგან გახარია ხელისუფლებიდან სკანდალით წამოვიდა, „ოცნება" დაუნდობლად ლანძღავს და არჩევნებამდე შესაძლოა კიდევ იყოს დაუნდობელი შეტევა.

„გახარია ორი წამყვანი პოლიტიკური ძალისგან დისტანცირებას მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებს და ქმნის მდგრად განცდას, რომ მესამე ძალაა, რომელიც არცერთთან არაა კავშირში. ამომრჩევლის დიდ ნაწილს ამის სჯერა და აპირებს, რომ ხმა მისცეს ასეთ „სუფთა" პარტიას. ეტყიბა პარტია შიდა კვლევებს ატარებს და ჩანს, რომ ასეთი ამომრჩეველი 5%-ს აღემატება და შესაძლოა 7-8%მდე ავიდეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო ადგილობრივი არჩევნების დროს, გახარიას პარტიამ 9% აიღო, შანსი იმისა, რომ ძველი წარმატება გაიმეოროს, საკმაოდ მაღალია.

„თუ გახარიას გაიგივება არცერთთან არ მოხდა და ეს „სისუფთავე" შეინარჩუნა და მოხვდა პარლამენტში, მაშინ იქ უკვე შეიძლება შეიქმნას რამოდენიმე ვარიანტი - პირველი: როგორც ჩანს „ქართული ოცნება" მაინც პირველ ადგილზე გავა, თუმცა მთავარია რამდენ პროცენტს აიღებს და არაა გამორიცხული, რომ „ოცნებამ 35%-ის ფარგლებში აიღოს, შესაბამისად, ვერ მოეხერხოს მარტომ ჩამოაყალიბოს მთავრობა, მიიღოს ბიუჯეტი და კანონები. ამიტომ მას დასჭირდება კოალიციური მთავრობა და არაა გამორიცხული, რომ ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში მიადგეს იმ არტიას და თანამშრომლობა შესთავაზოს, რომელიც არ იქნება „გაჭუჭყიანებული" „ნაცმოძრაობით" და ეს იქნება გახარია. არაა გამორიცხული, რომ „ქართულ ოცნებასთან" კოალიციური მთავრობის შექმნა მოახერხოს, იმ პირობით, რასაც გახარია წაუყენებს - მინისტრების თანამდებობები და უპირველეს ყოვლისა, იქნება მოთხოვნები, რომ გატანილ იქნას ბოლო დროს მიღებული კანონები - რუსული კანონი თუ სხვები, რომელიც ხელს შეუწყობს მაქსიმალურად შესრულდეს 9 პუქნტი. თუ გახარიას პარტიის მოთხოვნები „ოცნებამ" დააკმაყოფილა, ოღონდ ხელისუფლებაში დარჩეს, მაშინ შესაძლოა ეს იყოს გამოსავალი.

„მეორე ვარიანტი - კი გავიდა „ქართული ოცნება" პირველ ადგილზე, მაგრამ დანარჩენ ადგილზე გასული პარტიების ჯამი აღემატება „ოცნების" ხმებს, მაშინ გახარიასთვის ეს ვარიანტი უფრო მისაღები იქნება ოპოზიციისკენ წავიდეს, რადგან ის უფრო თამამი იქნება, რომ თავისი ძალით და თავისი ამომრჩევლებით გავიდა პარლამენტში. თუმცაღა პირველი სცენარის შანსი უფრო მეტია, ვიდრე მეორესი. მე მეორე ვარიანტს ვემხრობი, რისიც „ქართულ ოცნებას" ეშინია და როგორც პოლონეთში მოხდა, როცა უმცირესობების მთავრობა შეიქმნა. ასეთ შემთხვევაში, გახარიას პარტია ოპოზიციურ ფლანგს ერთიორად გააძლიერებს, თავის პრეტენზიებს წაუყენებს და ვერავინ ვერაფერს ვერ უკარნახებს, რადგან ის მარტო გავიდა.

„ყოველი პარტია თუ ერთობა, რომელიც ენმ-სგან დამოუკიდებლად ცალკე გავა პარლამენტში, ყველას ექნება საშუალებას უკარნახოს „ნაცმოძრაობას" თავისი პირობები. თუ ენმ-მ მოახერხა საერთო სიის შედგენა და მასში ბევრი პარტიის წარმომადგენლები მოხვდნენ, იმ პარტიის წარმომადგენლებს ხმის ამოღების საშუალება არ ექნებათ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გახარიასი, არამედ მელია-გვარამიას და „ლელოს" ცალკე გასვლაც, ასეთ შემთხვევაში, „ნაცმოძრაობას" საშუალება არ ექნება თქვას, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა ვარო.

„თუ ენმ ერთობას ჩააგდებს იმის გამო, რომ მე ვარ მთავარიო, „ოცნება" ოპოზიციის დაცინვას დაიწყებს და შესაძლოა სასწრაფოდ ვადამდელი არჩევნები გამოაცხადოს, რათა კვლავ ხელისუფლებაში მოვიდეს. აი ამ დროს გახარიას პარტია იქნება გადამწყვეტი, რათა სიტუაცია გადარჩეს, რუსულ კანონებზე უარი თქვან და დავადგეთ ევროპის გზას. ფაქტია ცალკე გახარია ვერაფერს ვერ ჩამოაყალიბებს, ამიტომ მათ მოუწევთ ან ერთ ძალასთან კოალიცია, ან მეორესთან. ნებისმიერ შემთხვევაში, მას შეუძლია დამოუკიდებლად პირობების დაყენების უფლება",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×