რეზონანსი
20.05.2024

სამართალდამცავებმა სენაკში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი უკვე დააკავეს. ჩვენი ინფორმაციით, 2003 წელს დაბადებულ ლევან სახოკიას თორნიკე გოგიას განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სენაკის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის შედეგად, ბრალდებულსა და მის სამეგობროს, კონფლიქტი მოუვიდათ, 1998 წელს დაბადებულ თ.გ.-სა და მის მეგობრებთან, რის შედეგადაც ბრალდებულმა თ.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თ.გ. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მომხდარი ინციდენტის შედეგად ასევე ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო რამდენიმე პირმა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ლ.ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 ჯერჯერობით სამართალდამცავებს არ უსაუბრიათ თუ რა ძველი წყენა იყო მათ შორის და რატომ მივიდა საქმე ამხელა ტრაგედიამდე. უმძიმესი დანაშაული სენაკში, გორის ქუჩაზე წუხელ მოხდა. როგორც ირკვევა, ძმებ გოგიებს სახლში მიუვარდნენ ახალგაზრდები და კონფლიქტი სწორედ მათი სახლის წინ მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კონფლიქტში 15-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა, რა დროსაც სასიკვდილოდ დაჭრეს თორნიკე გოგია, მისი ძმა, ალექსი გოგია, ძმების მეზობელი გიორგი მეფიშვილი, რომელიც როგორც ჩანს, ფაქტს შეესწრო და დაჭრილია ასევე კიდევ ერთი სენაკელი ახალგაზრდა, რუსლან კინწურაშვილი, რომელიც ამ დრომდე სენაკის საავადმყოფოში იმყოფება. 

"ძმებიდან მხოლოდ ერთი, 27 წლის ალექსია დაოჯახებული, დანარჩენს არ ჰყავს ცოლ-შვილი. სულ 6 დედამიშვილი არიან, 5 ძმა და ერთი და. გუშინ რა მოხდა, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ის შემიძლია გითხრათ, რომ, არც თორნიკეს აქვს კრიმინალებთან კავშირი და არც ალექსის. მისი პატარა ძმებიც სკოლის ასაკიდან სულ ფიზიკურად შრომობენ და მართლა პატიოსნად ცხოვრობენ. ვინ და რატომ გაიმეტა ისინი ასე სასიკვდილოდ, ნამდვილად არ ვიცი.

ძალიან კარგი ოჯახი აქვთ, ბებიას და ბაბუას დიდი წვლილი აქვს მათ აღზრდაში. ბებო პედაგოგია. ბიჭების დედა აფხაზეთიდან არის და საზღვარგარეთ დადიოდა სამუშაოდ. ამჟამადაც თურქეთში იმყოფებოდა და სწორედ იქ გაიგო ეს თავზარდამცემი ამბავი. ახლა დედა მოდის, გზაშია და ამ მწარე რეალობის წინაშე დადგა ეს ოჯახი. ალექსის ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ქუთაისში წევს და როგორც მითხრეს, გადარჩება", - ამბობს ჩემთან საუბარში ადგილობრივი.

დილით ითქვა, რომ ბიჭებს შორის კონფლიქტი წლების წინ დაიწყო. გუშინ ისინი ერთმანეთს ისევ შეხვდნენ და ძველი წყენა გაიხსენეს. საქმის გარჩევა კი ამ მძიმე შედეგით დასრულდაო. თუმცა მოგვიანებით კიდევ ერთი ვერსია თქვა ადგილობრივმა ჩვენთან საუბარში. 

"ძველი წყენა იყო მოკლულის ძმასა და ამ ჯგუფის წევრებს შორის, მაგრამ როგორც გავიგე, ამჯერად მათ შორის კონფლიქტი ქალის გამო მოხდაო. ახლა ჭორ-მართალი ისეა ერთმანეთში არეული, სიმართლე რა არის, მხოლოდ იცის კონფლიქტში მონაწილეებმა. ფაქტი ის არის, რომ გოგიებს სახლში მიუვარდნენ. დაკავებულის ნათესავის გამო დაწყებულა ეს კონფლიქტი. ისევ უცხოეთში მყოფ მათ ძმას ეხება ეს ამბავი. დიდი ამბავი ყოფილა, 15-20 კაცი ირეოდა თურმე წუხელ მათ სახლთან. ამბობენ დანებით იყვნენ შეიარაღებულები. მეორე მხარესაც არის დაჭრილი. 

მოკლული მშრომელი ბიჭია, მათი მეზობელი გიორგი მეფიშვილიც დაჭრილია, როგორც ვიცი, შემთხვევით მოხვდა ის ამ კონფლიქტში. პატიოსანი ბიჭები არიან ესენი. უბრალოდ მათ ძმას ჰქონდა ხოლმე კონფლიქტები ადრე, ახლაც ამბობენ ძმის გამო მოხდაო. თორნიკეც დაჭრილი მიუყვანიათ კლინიკაში, მაგრამ სისხლისგან დაიცალა თურმე. დანა, "შტირები", ხელნაკეთი რაღაცები ფიგურირებს საქმეში. კონფლიქტის მონაწილეები ყველა სენაკელები არიან. ახლა ითქვა რომ დაკავებულია ლევან სახოკია, კიდევ ვინ იყო ჩართული ამ ჩხუბში და სხვები ვინ დაჭრა, ალბათ ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. დაკავებული როგორც ვიცი, ადრე ნასამართლევია. იმასაც ამბობენ, ამ საქმის გარჩევაში კრიმინალური ავტორიტეტები კი იყვნენ ჩართულები და მათ ურჩიეს მოჩხუბრებს დამშვიდებულიყვნენ, მაგრამ მაინც მიუვარდნენ ძმებს სახლში და ეს დატრიალდაო. ძველი წყენაც იყო დაგროვილი ეტყობა, ახალიც დაემატა და მოხდა ეს ამბავი. პატიოსანი ბიჭი იყო თორნიკე, ამიტომ ყველას უკვირს რატომ გაუსწორდნენ მას ასე სასტიკად", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ადგილობრივი.

კვირის პალიტრა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×