ელზა პაპოშვილი
19.05.2024

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ გამოიყენა ორკვირიანი მოსაფიქრებელი ვადა და 14 მაისს მესამე მოსმენით მიღებულ კანონს „გამჭვირვალების კანონს“ 18 მაისს დაადო ვეტო. თუმცა, ვეტოს თან არ ახლავს მოტივირებული შენიშვნები კანონის შინაარსთან დაკავშირებით, რახ ხელისუფლებას მისი კორექტირების და ამ გზით ქვეყანაში შექნილი დაძაბულობის განმუხტვის საშუალებას მისცემდა. რა სცენარით შეიძლება ამის შემდეგ განვითარდეს მოვლენები და რჩება თუ არა ამ შემთხვევაში კომპრომისის პოვნის საშუალოება?

დოკუმენტი მედიისთვის ხელმისაწვდომი ამ ეტაპზე არ არის და ის მხოლოდ ორშაბათს დილით იქნება ხელმისაწვდომი, როდესაც პარალმენტის ვებგვერდზე აიტვირთება. 

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი ვეტოს შემდეგ მმართველი პარტია ერთგვარ პოლიტიკურ ცუგცვანგში აღმოჩნდა და შექმნილ სიტუაციაში „ოცნების“ ნებისმიერი ნაბიჯი მათთვის პოლიტიკურად წამგებიანი იქნება. 

რა გზა დარჩა ახლა „ოცნებას“? არსებობს მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარი და სწორედ მმართველ პარტიაზეა დამოკიდებული, რა ნაბიჯებს აირჩევს კრიზისის განმუხტვისათვის.

პირველი შესაძლო სცენარი ვეტოს დაძლევაა. „ოცნებას“ შეუძლია სწრაფად და მარტივად დაძლიოს ვეტო, რისთვისაც მხოლოდ 76 ხმაა საჭირო, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარე კანონს ხელს მოაწერს და მისი გამოქვეყნების შემდეგ კანონი ძალაში შევა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მყისიერად დადგება ის პოტენციურად ნეგატიური შედეგები, რაზეც ოპოზიცია საუბრობს. როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა შაბათს „იმედის“ ეთერში განაცხადა, იმ ორგანიზაციებს, რომლებზეც ეს კანონი გავრცელდება, საკუთარი შემოსავლების ამ კანონის შესაბამისად დეკლარირების პირველი ვალდებულება მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მომავალი წლის იანვარში გაუჩნდებათ.

მეორე სცენარის მიხედვით, „ოცნებას“ შეუძლია უბრალოდ „დაივიწყოს“ ეს კანონიც და მასზე დადებული პრეზიდენტის ვეტოც. როგორც კონსტიტუციონალისტები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ პარლამენტს კონსტიტუციით აქვს უფლება ვეტო დააიგნოროს და ის არ დაძლიოს, რადგანაც ვეტოს დაძლევის პროცედურა დროში არ არის გაწერილი. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობას შეუძლია ყველაფერი ისე დატოვოს, როგორც არის და კანონი უბრალოდ თაროზე შემოდოს. 

მესამე სცენარია კენჭისყრისას ვეტოს დაძლევის ჩაგდება. ამგვარი რამ უკვე მოხდა შარშან, როდესაც მასშტაბური საპროტესტო გამოსვლებისა და დასავლეთის ზეწოლის ფონზე, პარლამენტმა მეორე მოსმენის დროს კანონი ჩააგდო. თუმცა, ანალიტიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოვლენების ასეთი განვითარება პოლიტიკური თვალსაზრისით ყველაზე მეტად დააზიანებს „ოცნებას“ და შესაბამისად, ნაკლებად მოსალოდნელია.

მეოთხე სცენარის მიხედვით, შესაძლებელია მოხდეს კანონის იმგვარად კორექტირება, რომ იგი ყველა დაინტერესებული მხარისათვის მეტნაკლებად მისაღები გახდეს. ეს სცენარი ყველაზე რეალისტური ჩანს თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ამაზე ბოლო დღეებში თავად „ოცნების“ წარმომადგენლები საუბრობენ საკმაოდ აქტიურად. თუკი პრეზიდენტი ვეტოსთან ერთად წარმოადგენდა მოტივირებულ შენიშვნებს, მმართველი პარტია მზად იყო ისინი გაეთვალისწინებინა.

თუმცა, ამის მიუხედავად, კანონის კორექტირება ჯერ კიდევ შესაძლებელია და ამისათვის „ოცნებას“ შეუძლია გამოიყენოს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც რამდენიმე დღეში იქნება მზად. ამის შესახებ შაბათს იგივე მარიამ ლაშხმა ისაუბრა.

„კანონი არის ცოცხალი ორგანიზმი და იმედი გვაქვს, რომ ვენეციის კომისიის მხრიდან მივიღებთ შინაარსობრივ, ლეგიტიმურ დასაბუთებებს და ამის შემდგომ შესაძლებელი იქნება გარკვეული ცვლილებების შეტანა იმის მიხედვით, თუ რა იქნება რეკომენდაციად წარმოდგენილი“, - აღნიშნა ლაშხმა.

ამ თვალსაზრისით, არსებობს კიდევ ერთი სცენარი, რომელიც შესაძლოა გულისხმობდეს ჯერ ვეტოს დაძლევასა და კანონის მიღებას და პარალელურად მასში შესაბამისი ცვლილებების მომზადებას და კანონის ამოქმედებამდე პარლამენტში ინიცირებას.

რა თქვა ზურაბიშვილმა 

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადების შესახებ განცხადება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შაბათს ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ამჯერად პრეზიდენტს ჟურნალისთა კითხვებისათვის არ უპასუხია. თავისი სათქმელი მან წუთში ნაკლებ დროში ჩაატია და ბრიფინგიც დასრულდა.

„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

„ოცნების“ პასუხი 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის დეპუტატი მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ „აგენტების კანონის“ შესახებ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები და პრეზიდენტის ვეტოც ამას ნიშნავს.

„დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები“, - წერს მამუკა მდინარაძე „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ჯერჯერობით არაფერს ამბობენ იმაზე, დაძლევენ თუ არა ვეტოს. მათი განცხადებების ძირითადი შინაარსი ისაა, რომ პრეზიდენტს შეეძლო შექმნილ კრიზისულ ვითარებაშ კონსტრუქციული როლი შეესრულებინა, რაც არის კიდეც მისი კონსტიტუციური მოვალეობა, და ვეტოსთან ერთად კონკრეტული შენიშვნებიც გადაეგზავნა პარლამენტისათვის, რაც შექმნიდა სადავო კანონის იმგვარად კორექტირების შესაძლებლობას, რომ იგი მისაღები ყოფილიყო როგორც ხელისუფლებისათვის, ისე ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორებისათვის. თუმცა მან ეს არ გააკეთა.

რას ნიშნავს ზურაბიშვილის გადაწყვეტილება 

როგორც კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან“ ამბობს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მოტივირებული შენიშვნები მაინც დაწერა, ოღონდ მხოლოდ იმაზე, თუ რატომ არის ეს კანონი გასაუქმებელი. შესაბამისად, მას კონსტიტუცია არ დაურღვევია.  

„ზურაბიშვილის განცხადებიდან რაც გავიგეთ, არის ის, რომ ვეტო იურდიულად არის გამართული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მან მოტივირებული შენიშვნები მაინც დაწერა. ანუ დაასაბუთა რატომ არის ეს კანონი მიუღებელი და გასაუქმებელი. 

„მას „ოცნება“ სთხოვდა ასეთ რამეს - რომ კანონი შეესწორებინა ის, როგორც მას სათანადოდ მიაჩნდა. თუმცა პრეზიდენტმა გარკვევით თქვა, რომ აქ ჩასასწორებელი და გადასაკეთებელი არაფერი იყო, რადგან კანონი საერთოდ თავისი არსით არის მიუღებელი. ხელისუფლებას თუ მასში შესწორებების შეტანა უნდოდა და ამის რეალური სურვილი ჰქონდა, ეს უნდა გაეკეთებინა მესამე მოსმენის დროს, როცა ოპოზიცია საერთოდ დარბაზიდან გამოაძევეს. მაშინ შესაძლებელი იყო ასეთი ცვლილებების შეტანა და პრეზიდენტზე ეს აღარ უნდა გადაეტანათ. 

„ეს არის პოლიტიკური თამაში, რაშიც ზურაბიშვილი არ შევიდა და სწორადაც მოიქცა. მას აძლევს კანონის სრულიად იმის ულფებას, რომ უარი ეთქვა მოტივირებულ შენიშვნებზე და დაესაბუთებინა რატომ. ასევე შეეძლო მხოლოდ მოტივირებული შენიშვნები შეეტანა და შესასწორებლად პარლამენტისთვსი დაებრუნებინა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა და აირჩია მეორე გზა, როცა ვეტო თან დაადო და თან ახსნა, რომ კანონის გაუქმება უნდა მოხდეს ამა და ამ მიზეზების გამო. 

„მას ასევე ჰქონდა მესამე ვარიანტიც, როცა შეეძლოა არც ვეტო დაედო და არც ხელი მოეწერა. ასეთ შემთხვევაში პაპუაშვილს ჰქონდა უფლება ხელი თავად მოეწერა კანონსითვის და ის უკვე ლეგიტიმური გამხდარიყო“, -ამბობს ხმალაძე. 

კითხვაზე, რა გამოსავალია ქვს ახლა „ოცნებას“  ხმალაძე ამბობს, რომ ვეტოს განხილვის ვადა კანონით არ არის გაწერილი. ამიტომ „ოცნებას“ შეუძლია ის დღის წესრიგში არ დააყენონ და მის დასაძლევად პარლამენტი არ შეკრიბოს. ამით კი, შესაბამისად, არც ვეტოს დაძლევენ და არც კანონს აამოქმედებენ. 

კონსტიტუციონალისტის აზრით, მმართველ პარტიას აქვს კიდევ მეორე შანსი - რომ ვეტო უბრალოდ გაიტანონ კენჭისყრაზე და ჩააგდონ, როგორც ეს შარშან გააკეთეს იგივე კანონის მეორე მოსმენის დროს. თუმცა პოლიტიკურად მათ ეს ყველაზე მეტად დააზიანებთ.     

„ნებისმიერი გადაწყვეტილება „ოცნებისთვის“ პოლიტიკურად წამგებიანია“

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში პოლარიზაციას კიდევ უფრო გაზრდის და დაპირისპირების მუხტი უფრო გამწვავდება. თუმცა „რეზონანსთან“ საუბრისას ის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას მაინც დადებითად აფასებს, რადგან მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი მმართველ გუნდს პოლიტიკურ თამაშში არ უნდა აჰყოლოდა.

„ზურაბიშვილის გადაწყვეტილების სრულად მესმის, რადგან ისრების გადატანა მასზე და პოლიტიკური პასუხისმგებლობის ზურაბიშვილზე დაკისრება არ იყო სამართლიანი. „ოცნებას“ თუ უნდოდა, ამ ცვლილებებს თავად შეიტანდა და ამ სახით ეცდებოდა ზურაბიშვილისთვის გადაგზავნას. ეს იყო დროის მოგების მცდელობა, რისი საშულებაც ზურაბიშვილმა მმართველ პარტიას არ მისცათ. 

„სამწუხაროდ, ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვას ამის შემდეგ კიდევ ველი, თუ „ოცნება“ ვეტო არ დაძლია და ის თაროზე არ შემოდო. მას აქვს კონსტიტუციის ამის სრული უფლება, რომ უბრალოდ ასე გააჩეროს. თუმცა, მე არ ველი, რომ მმართველი გუნდი ამას იზამს. მას ეს კანონი სჭირდება არჩევნებისთვის და ალბათ პირიქით, იჩქარებს, რომ ვეტო დაძლიოს. „ოცნებამ“ საითაც არ უნდა გადადგას ნაბიჯი, ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკურად წამგებიან სიტუაციაშია.

„ჯერი ასევე დასავლეთზეც არის, თუმცა იქაც რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მოგვიანებით გამოჩნდება. ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დარეგისტრირებაზე უარს იტყვის, დაჯარიმდება, ან საბოლოოდ მათი გაუქმება მოხდება. ამიტომ ვითარება რთულია. ჩიხში საკუთარი თავი „ოცნებამ“ თავად შეიყვანა და ზურაბიშვილის იმედად არ უნდა ყოფილიყო. ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს. 

„მმართველ გუნდს იმედი აქვს, რომ ზაფხული მოვა, ახალგაზრდობა გავა ქალაქიდან. სტუდენტებისთვის გამოცდები დაიწყება და ა.შ. აი, ამის წყალობით დროში მოიგებენ. თუმცა ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული თუ ქვეყნის შიგნით რა პროცესები წავა“, - ამბობს ძაბირაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×