2 მაისს სვანეთში, მდინარე ნაკრას ხეობაში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ მთელი სვანეთი აატირა. იმ საბედისწერო დღეს სამი სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა იჯდა იმ ავტომობილში, რომელიც გზიდან მოცურდა და ხეობაში გადავარდა.
ნაკრას საჯარო სკოლის დირექტორი სპარტაკ გვარმიანი სვანეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე და დაღუპულ სკოლის მოსწავლეზე საუბრობს:
"ეკუნას მამა განადგურებული იდგა და მეუბნებოდა, ოღონდ ჩემი შვილი დამიბრუნდეს და ხმას არ ამოვიღებო. ეძებდა ისიც და შეევედრა ეკუნას, მამიკო დამიბრუნდი და აწი არსად არ გაგიშვებო. მერე, რომ იპოვეს თქვა, სულ მიჯერებდა ჩემი შვილი და ახლაც დამიჯერა, აწი არსად არ გავუშვებო.
ჩემთვის ყველაზე მტკივნეულია ყველა ბოლო ზარი, როცა შენი სკოლის დამთავრებულები მიდიან, თითქოს ცარიელდება სკოლა, ისე ეჩვევი და გიყვარდება თითოეული მათგანი, როგორც ოჯახის წევრები, ისე არიან. ახლა წარმოიდგინეთ ამხელა ტრაგედიის მერე დარეკო ბოლო ზარი. წარმოუდგენლად მწარე იქნება, მათ სახელზეც დაირეკება და ჩვენი სკოლის წლევანდელი კურსდამთავრებულების სიაში ეკა და საბა იქნებიან და ყველა ბოლო ზარის დროს ავლენ მათი უმცროსი მეგობრები მათ საფლავებზე და მიულოცავენ ბოლო ზარს.
ეკუნა იპოვა ბიძამ. იმ მონაკვეთზე ჩასულა ბიძა, მანამდე ერთ ჯგუფს დათვალიერებულიც კი ჰქონდა იქაურობა. წინ მიმავალ ჯგუფს თურმე დაუძახა, ეს მონაკვეთი გაიარეთო? დავათვალიერეთო - იყო მათი პასუხი, ბიძა ამბობს, ამის შემდეგ შემობრუნებას ვაპირებდი, მაგრამ ერთ ადგილას რატომღაც გავჩერდი, 5 წუთი იქ ვიდექი გარინდული და ვუყურებდი მდინარე ხან იკლებდა, ხან ემატებოდა წყალიო. ესეც ბედისწერა იყო ალბათ, მერე რაღაც თეთრი გამოჩნდა, მერე ისევ დაიკარგა, რომ დავიხარე, რაღაც რბილი მომეჩვენა, დავხედე და ეკუნას ხელის თითები ვიცანიო.
ეკუნას დედა ძალიან მორწმუნეა, მისი ხელმძღვანელობით სკოლის ეზოში აშენდა ტაძარი და დედა ამბობდა, არ გამწირავს უფალი და აღდგომის დღეს დამიბრუნებს ჩემს შვილსო. მართლაც აღდგომის დღეს ვიპოვეთ ეკუნა.
ბანკეტი არ ჩატარდება, მეზობელი სკოლის ბავშვებმაც უარი თქვეს ბანკეტზე. ამდენი ცრემლი არ დაღვრილა ალბათ ჩვენი სოფლის ისტორიაში. თავზარდაცემულები ვართ" - აღნიშნა სპარტაკ გვარმიანმა.
წყარო: ambebi.ge
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე