რეზონანსი
20.05.2024

„გამჭვირვალობის კანონზე ვადაზე ადრე ვეტოს დადებით სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, ის რასაც ჩვენ წლებია ვამბობთ, არაფერ შუაშია გამჭვირვალობის კანონი, სულ არ აინტერესებთ რა ეწერება ან არ ეწერება ამ კანონში, მათ სურთ მოხდეს რადიკალიზაცია," - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, გამჭვირვალობის კანონზე ვადაზე ადრე ვეტოს დადებით, პრეზიდენტი კვლავ არაადეკვატური აღმოჩნდა და ჩაკეტა კარი მოლაპარაკებებისთვის.

„პრეზიდენტს, რომელსაც ჰგონია, რომ გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დადებით, რაღაც მანევრი ჩაატარა, მხოლოდ კანონის ამოქმედების მუხლს დაადო ვეტო და დაწერა შენიშვნები, ყველაფერი უკან შეუტრიალდა. ამ საქციელის გამო პრეზიდენტს ვეუბნებით დიდ მადლობას, რადგან გამოდის, რომ ის ჩვენ ყველაფერში გვეთანხმება. რეალურად, ბრიფინგზე რაც ისაუბრა, იმისგან განსხვავებული დაწერა ვეტოში, ანუ ის გამჭვირვალობასაც ეთანხმება - უსაფრთხოება რომ საჭიროა, ამასაც ეთანხმება და ამ კუთხით შენიშვნა არ აქვს. ერთადერთი გვეუბნება, რომ უსაფრთხოება და გამჭვირვალობა კარგია, მაგრამ მოდით იყოს ერთი დღითო. ჩვენ ამ მსჯელობაში შევალთ და ვიტყვით, რომ კარგია, რომ უსაფრთხოებაზე და გამჭვირვალობაზე გვეთანხმება, მაგრამ რატომ ერთი დღით? მოდით იყოს მუდამ, იმიტომ, რომ საქართველოს უსაფრთხოება მუდმივად სჭირდება. როცა გავხდებით ევროკავშირის წევრი, მერე თავისთავად მოხდება გადახედვა ზოგადად კანონმდებლობის.

შეიძლება ითქვას, რომ ვადაზე ადრე ვეტოს დადებით პრეზიდენტმა ცივი წყალი გადაასხა ყველა იმ უცხოელ პარტნიორს, რომელსაც იმედი ჰქონდა და ჩვენი მხრიდანაც იყო თანხმობა, რომ თუ იქნებოდა რეალური შენიშვნები შეიძლებოდა შევჯერებულიყავით კანონთან დაკავშირებით.

ვიცით, რომ პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და მომხსენებლებმა განაცხადეს თანხმობა, რომ თუ იქნებოდა პრეზიდენტის მხრიდან ისეთი შენიშვნები, რომელიც გამჭვირვალობისა და დეკლარაციის შევსების პრინციპს არ შეეწინააღმდეგებოდა, განხილვა შესაძლებელი იქნებოდა. თუმცა ამ შემთხვევაშიც, ზურაბიშვილი არაადეკვატური აღმოჩნდა და კანონს ვეტო ვადაზე ადრე დაადო, რითაც ჩაკეტა კარი მოლაპარაკებებისთვის.

ამ ნაბიჯით, რეალურად ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ წლებია ვამბობთ - არაფერ შუაშია გამჭვირვალობის კანონი, სულ არ აინტერესებთ რა ეწერება ან არ ეწერება ამ კანონში, მათ სურთ მოხდეს რადიკალიზაცია.

გამჭვირვალობის კანონი ახლა არის საბაბი და საფუძველი. რომ არ ყოფილიყო ეს კანონი, იქნებოდა სხვა მიზეზი - ზუსტად ეს დაადასტურა ზურაბიშვილმა თავისი საქციელით," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×