ნატალია ჯვარიძე
10.06.2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო ლიდერებთან ერთად უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს, რომელიც 11-12 ივნისს ბერლინში გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიების მთავარი მიზანი უკრაინის აღდგენა, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაა.

„აღნიშნული კონფერენცია ფოკუსირებული იქნება ოთხ თემატურ მიმართულებაზე:

1. კერძო სექტორის მობილიზება აღდგენისა და ეკონომიკური ზრდისთვის;

2. სოციალური აღდგენა და ადამიანური კაპიტალი უკრაინის მომავლისთვის;

3. მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების აღდგენა;

4. ევროკავშირში გაწევრიანება და მასთან დაკავშირებული რეფორმები.

კონფერენციის ფარგლებში ასევე განხილული იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მდგრადობა და უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, განათლება და ა.შ.

მაღალი დონის პოლიტიკურ ღონისძიებაში, რომელსაც პირველად ევროკავშირის წევრი ქვეყანა მასპინძლობს, მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები, მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მთავრობის მეთაური ბერლინში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან", - ნათქვამია განცხადებაში.

ანალიტიკოს გია აბაშიძეს მიაჩნია, რომ საქართველო აქამდეც და მომავალშიც უკრაინის უპირობო მხარდამჭერია. როგორც იგი აღნიშნავს, საქართველოს ამ კონფერენციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია და ჯანსაღად მოაზროვნე დასავლელი აქტორები, მათ შორის უკრაინელი პოლიტიკოსები ამას ჯეროვნად შეაფასებენ.

„უკრაინაში აგრესორი რუსეთის შეჭრის პირველი დღიდანვე საქართველომ არაერთხელ ანახა, რომ ყველა საერთაშორისო ფორმატსა და პლატფორმაზე უკრაინის მხარდამჭერია. აღარ ჩამოვთვლი რეზოლიციებს, რომელიც ძალიან ბევრია და ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც უკრაინაში გაიგზავნა.

„თუმცაღა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ზელენსკის ადმინისტრაცია ყოველთვის მიუთითებდა საქართველოს და არ ითვალისწინებდა, რომ ჩვენ რუსეთზე სანქციების პირდაპირი დაწესებით ვერაფერ შედეგს ვერ მივაღწევდით, გარდა ქვეყანის ჩამოშლა-ჩამონგრევისა.

„ასე რომ, მთავრობის მეთაური იქნება, მინისტრები თუ პარლამენტის წევრები, ისინი ასეთ საერთაშორისო ფორუმებში მუდმივად მონაწილეობას მიღებენ, სადაც უკრაინის უპირობო მხარდაჭერა იქნება გამოხატული. როგორ შეიძლება საქართველო უკრაინის მტერი იყოს, როდესაც ჰააგის სასამართლოში რუსი ჩინოსნების დაპატიმრების რეზოლუციაზე ხელი მოაწერა. აღარ ვიძახი სხვადასხვა რეზოლუციასა და დოკუმენტებზე.

„ამ ღონისძიებაში ირაკლი კობახიძის მონაწილეობა რასაკვირველია კარგია. ჯანსაღად მოაზროვნე დასავლელი აქტორები, მათ შორის უკრაინელი პოლიტიკოსები ამას ჯეროვნად აფასებდნენ და დააფასებენ მომავალში", - აცხადებს გია აბაშიძე „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×