რეზონანსი
22.05.2024

შიშები გვაქვს და ამ შიშებით ვლაპარაკობთ - უკრაინიზაცია არის ის თემა, რომელიც აბსოლუტურად რეალურია და ის ჩვენ წინ დადგება, თუ ჩვენ დესტაბილიზაციისაგან თავს არ დავიცავთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპელებს ჰგონიათ, რომ საქართველოს აქვს რესურსი, რომელიც რუსეთის ფედერაციას დააზიანებს, თუმცა ქვეყანა იმავე შეცდომის წინაშე დგას, რომელიც 2008 წლის ომამდე დაუშვა.

როგორც მან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა, თანხა, რომელსაც დესტაბილიზაციის "მთავარი დირიჟორი განაგებს", საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს.

"ჩვენ გვაქვს შიში და ამ შიშს აქვს საფუძველი. უკრაინიზაცია არის ის თემა, რომელიც აბსოლუტურად რეალურია და ის ჩვენ წინ დადგება, თუ ჩვენ დესტაბილიზაციისაგან თავს არ დავიცავთ. ჩვენს თვალწინ დესტაბილიზაციის არაერთი მცდელობა იყო, აქედან გამომდინარე, ერთადერთს ვითხოვთ, რომ თანხა, რომელსაც ამ დესტაბილიზაციის მთავარი დირიჟორი განაგებს, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს. ეს იმისთვის, რომ ვიღაცებმა ვეღარ გაბედონ ის, რაც აქამდე გაუბედავთ.

კავკასიის რეგიონში, ამერიკისთვის ყოველთვის ყველაზე სანდო პარტნიორი ვიყავით. მე იმ ოჯახებს დარდში არ დავეჯიბრები, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს ბრძოლებში, სადაც ჩვენ ამერიკელებთან ერთად მხარდამხარ ვიბრძოდით, მაგრამ არასოდეს არავის სურვილი არ გასჩენია, რომ მაგალითად, რომელიმე ვეტერანის ოჯახს დახმარებოდა. 2008 წლის ომამდეც განა ეს დასავლეთის ქვეყნები სააკაშვილს არ უჭერდნენ მხარს, რომელმაც მოლაპარაკებების მაგიდა ააყირავა და შემდგომში ამან ომამდე მიგვიყვანა? მერე უკვე ბუშმა აღიარა, რომ აქ დიდი შეცდომა დაუშვეს, შემოუთვალა მიშას, რუსების მახეში გაებიო. დღეს მგონია, რომ იგივე შეცდომას ვუშვებთ. დასავლეთში ჰგონიათ, რომ საქართველოს აქვს ის რესურსი, რომელიც რუსეთის ფედერაციას დააზიანებს. ახალგაზრდებს მივმართავ - ვერ წარმოგიდგენიათ, რამდენად ცივსისხლიანი და საფრთხისშემცველი ვითარებაა ჩვენს გარშემო. შიშები გვაქვს და ამ შიშებით ვლაპარაკობთ. არ შეიძლება საქართველოში დესტაბილიზაციის ის ხარისხი, რაც შეიძლება გაუმჭვირვალობამ მოიტანოს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×