ნატალია ჯვარიძე
29.06.2024

პარასკევს, 28 ივნისს აშშ-ში გამართული პირვცელი დებატები დემოკტრატებისათვის კატასტროფული გამოდგა. ამას უკვე დემოკრატების მხარდამჭერი ამერიკული მედიაც აღარ მალავს. სხვადასხვა წყაროების ცნობით, პარტიაში ნამდვილი პანიკაა და უკვე სერიოზულად დაიწყო საუბრები პრეზიდენტობის კანდიდატის ჩანაცვლებაზე. თუმცა, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია რამდენად დათანხმდება ამას მოქმედი პრეზიდენტი, 82 წლის ჯო ბაიდენი.

ამის მიუხედავად, მედიაში უკვე დაიწყო პოტენციურ კანდიდატებზე მსჯელობა. რესპუბლიკურ პარტიაში კი პირიქით, საზეიმო განწყობაა. მათი შეფასებით, დემოკრატებს სხვა ძლიარი კანდიდატი არ ჰყავს, რომელიც შეძლებს სრულფასოვნად დაუპირისპირდეს დონალდ ტრამპს. ბაიდენი კი, როგორც პირველივე დებატებმა აჩვენა, ტრამპის წინააღმდეგ მარცხისათვისაა განწირული.

რაც შეეხება დემოკრატთა რიგებში არსებულ განწყობებს, გამოცემა „პოლიტიკოს" ცნობით, სამ პოტენციურ დემოკრატ კანდიდატთან დაახლოებული სამი სტრატეგის განცხადებით, მათ დებატების განმავლობაში უამრავი ტექსტური შეტყობინება მიიღეს.

ერთ-ერთი შესაძლო დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის მრჩეველმა აღნიშნა, რომ მან მნიშვნელოვანი დონორებისგან მიიღო რამდენიმე შემდეგი შინაარსის შეტყობინება: „კატასტროფაა", „პარტიამ რაღაც უნდა გააკეთოს", თუმცა მან აღიარა, რომ ბევრი არაფერია შესაძლებელი, თუ ბაიდენი თავად განზე არ გადგება.

გამოცემის ინფორმაციით, ერთმა მნიშვნელოვანმა დონორმა და ბაიდენის მხარდამჭერმა განაცხადა, რომ დროა პრეზიდენტმა თავის კამპანია დაასრულოს.

მისივე თქმით, ბაიდენის გამოსვლა იმდენად „ცუდი იყო, რომ არავინ მიაქცევს ყურადღებას ტრამპის ტყუილებს".

„ბაიდენი უნდა გამოეთიშოს (საპრეზიდენტო რბოლას), ამასთან დაკავშირებით კითხვა არ არსებობს", - აღნიშნა დონორმა ტექსტურ შეტყობინებაში.

ამასთან, „დემოკრატიული პარტიის" მნიშვნელოვანი დონორების ერთ-ერთმა მრჩეველმა განაცხადა, რომ ატლანტაში დონორთა შეხვედრიდან მას დებატების მიმდინარეობისას შეტყობინებებს უგზავნიდნენ, ზოგი წერდა: „wtf" (რა ჯანდაბაა).

კანდიდატთა განცხადებები დებატების შემდეგ

თავად ბაიდენმაც აღიარა, რომ მან დებატებს თავი კარგად ვერ გაართვა და აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, საქმის კარგად შესრულება იცის და ამის სჯერა, სწორედ ამიტომ იღებს არჩევნებში მონაწილეობას.

„ვიცი, რომ ახალგაზრდა აღარ ვარ, პირდაპირ რომ ვთქვა. ისე იოლად ვეღარ დავდივარ, თავისუფლად ვეღარ ვლაპარაკობ და ვეღარ ვკამათობ, როგორც ადრე, მაგრამ ვიცი როგორ ვთქვა სიმართლე. ვიცი რა არის კარგი და რა ცუდი. ვიცი როგორ შევასრულო ეს საქმე. ვიცი ის, რაც მილიონობით ამერიკელმა იცის: როდესაც ეცემი, ისევ დგები. ისე არ ვიყრიდი კენჭს, მთელი გულით და სულით რომ არ მჯეროდეს, რომ მე ამ საქმის კეთება შემიძლია", - აღნიშნა ბაიდენმა.

მისივე თქმით, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან სასწორზე დემოკრატია დევს: „ყველაფერზე მეტად, ჩვენ ვაპირებთ შევინარჩუნოთ და დავიცვათ ჩვენი დემოკრატი7ა. ეს არის ის, რაც სასწორზე დევს ამ არჩევნებში".

დებატების შემდეგ დონალდ ტრამპი მხარდაჭერების წინაშე ვირჯინიაში გამოვიდა სიტყვით და განაცხადა, რომ ეს იყო დიდი გამარჯვება ჯო ბაიდენზე. ტრამპის თქმით, ბაიდენის პრობლემა ასაკი არ არის, რადგან თავად ბევრ ხანდაზმულს იცნობს, რომლებიც კარგ ფორმაში არიან, ბაიდენის პრობლემა არაკომპეტენტურობაა.

ეს არჩევნები არის არჩევანი ძალასა და სისუსტეს შორის, კომპეტენციასა და არაკომპეტენტურობას შორის, მშვიდობასა და კეთილდღეობას შორის, ომსა თუ „არა ომს შორის", - ამბობს ტრამპი.

როგორც მან აღნიშნა, ეს დებატები არა მხოლოდ ბაიდენის, არამედ რადიკალი მემარცხენეებისა და ყალბი ახალი ამბების მედიის დამარცხებაც იყო.

პოლიტიკური შეფასებები

დებატების შემდეგ დემოკრატების პანიკის მიუხედავად, პრეზიდენტის მრჩევლები კატეგორიულად არ ეთანხმებიან მოწოდებას ბაიდენის მხრიდან კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. ამის შესახებ პრეზიდენტის ერთ-ერთმა მრჩეველმა „სიენენს" განუცხადა.

„ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. არაფერი არ მიანიშნებს იმაზე, რომ ამომრჩევლები ამას ეთანხმებიან", - ამბობს ბაიდენის მრჩეველი.

ამასთან, ბაიდენის საარჩევნო კამპანიის სპიკერის, სეთ შუსტერის განცხადებით, ჯო ბაიდენი არ დატოვებს საარჩევნო რბოლას.

კონგრესის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი კი მიიჩნევს, რომ დემოკრატები ძალიან სწორი მიზეზის გამო არიან პანიკაში. მისივე თქმით, დემოკრატები იძულებული არიან აღიარონ ობიექტური სიმართლე - რომ დებატების დროს სცენაზე მხოლოდ ერთი ადამიანი იდგა, რომელიც კვალიფიციურია და შეუძლია იყოს პრეზიდენტი და ეს არის დონალდ ტრამპი.

„დებატების ისტორიაში უდიდესი შეუსაბამობა ვნახეთ და ეს არის ის, რასაც ჩვენ აქ, კაპიტოლიუმზე ყოველდღე ვხედავ. ახლა დემოკრატები იძულებული არიან ღიად თქვან, რაც დიდი ხანია იცოდნენ - რომ ბაიდენის მეორე ვადით პრეზიდენტობა არ შეიძლება. ძალიან სწორი მიზეზის გამო არიან პანიკაში. ყველგან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხალხმა საკმარისი ნახა, მათ მობეზრდათ ბაიდენის პოლიტიკა და სურთ ცვლილება", - განაცხადა ჯონსონმა.

ჯონსონის თქმით, დემოკრატებს ტრამპის წინააღმდეგ ეფექტური ალტერნატიული კანდიდატი არ ჰყავთ.

„მათ არ შეუძლიათ კამალა ჰარისის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა. მე ვერ ვხედავ რაიმე ჯადოსნურ გამოსავალს. არ ვფიქრობ, რომ არსებობს რომელიმე სუპერგმირი, რომელსაც შეუძლია გადაარჩინოს ისინი იმისგან, რაც მოსალოდნელია", - ამბობს ჯონსონი.

პოტენციური კანდიდატები

ჯო ბაიდენის წამგებიანმა დებატებმა დემოკრატებში პანიკა გამოიწვია და ახლა პარტიაში აქტიურად ეძებენ მის შესაძლო ჩამნაცვლებელს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამ კონტექსტში ამერიკულ მედიაში რამდენჯერმე გაიჟღერა ყოფილი პირველი ლედის, მიშელ ობამას სახელმა. თუმცა, ეს ვერსია ნაკლებად სავარაუდოა იქიდან გამომდინარე, რომ თავად მიშელ ობამა, მისი დიდი პოპულარობის მიუხედავად, არაა დაინტერესებული პოლიტიკით და ამ მხრივ არც გამოცდილება აქვს.

ასევე ნახსენები იყო კიდევ ერთი ყოფილი პირევლი ლედი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, თუმცა თავად დემოკრატების მნიშვნელოვანი ნაწილი, სავარაუდოდ, მისი კანდიდატურის წინააღმდეგი იქნება ერთი მარტივი მიზეზის გამო - ჰილარი კლინტონმა უკვე იყარა კენჭი აშშ-ის პრეზიდენტობაზე 2016 წელს, თუმცა დონალდ ტრამპთა დამარცხდა. წაგებული კანდიდატის კიდევ ერთხელ წამოყენებას, თანაც მაშინ, როცა მისი კონკურენტი იგივე ტრამპი იქნება, ბევრი დამუშვებლად მიიჩნევს.

თავის დროზე დემოკრატები დიდ იმედს ამყარებდნენ მოქმედ ვიცე-პრეზიდეტ კამალა ჰარისზე, თუმცა ეს იმედები გაუცრუვდათ. ჰარისის რეიტინგი ამჟამად საკმაოდ დაბალია და მან ვერ წარმოაჩინა თავი, როგორც ქარიზმატულმა ლიდერმა.

პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ასევე ასახელებენ მოქმედ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს. თუმცა, იგი თავად დემოკრატებში არ სარგებლობს დიდი პოპულარობით.

ამერიკული ანალიტიკური წრეების შეფასებით კი, თუკი ბაიდენის ჩანაცვლების საკითხი მართლაც დადგა დღის წესრიგში, არჩევნებზე მისი ჩანაცვლების ყველაზე რეალური შანსი რომელიმე დემოკრატ გუბერნატორს ექნება.

ამ კონტექსტში ყველაზე ხშირად ასახელებენ კალიფორნიის გუბერნატორ გევინ ნიუსომს. იგი საკმაოდ პოპულარულია და ანალიტიკოსთა უმრავლესობ შეფასებით, 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორედ ის გახდება დემოკრატების მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატი. თუმცა, წელს შექმნილი არაორდინალური ვითარებიდან გამომდინარე, დონალ ტრამპის მთავარ მეტოქედ შესაძლოა ნიუსომი ვიხილოთ.

ასევე საუბარია მიჩიგანის გუბერნატორ გრეტჰენ უიტმერზე. იგი დემოკრატიულ პარტიაში ამომავალ ვარსკვლავად ითვლება და ასევე განიხილებოდა 2028 წლის პრეზიდენტობის კანდიდატად.

შემდეგი, ვისაც დემოკრატიულ პარტიაში განიხილავენ, ილინოისის გუბერნატორი ჯეი რობერტი პრიცკერია - მილიარდერი ბიზნესმენი, რომელიც ბოლო წლებში საკმაოდ პოპულალური გახდა.

2023 წელს პრიცკერმა შექმნა ეროვნული არაკომერციული ჯგუფი, რომელიც აბორტის უფლებების კენჭისყრის ღონისძიებებს აფინანსებს მთელ ქვეყანაში.

პრიცკერმა დებატებისას გააკრიტიკა ტრამპი, მას დამნაშავე და მატყუარა უწოდა, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს.

თუმცა, სანამ დემოკრატების მხარდამჭერი მედია და ანალიტიკური წრეები ბაიდენის პოტენციურ ჩამნაცვლებელზე მსჯელობენ, ჯერჯერობით გადაუწყვეტელი რჩება მთავარი საკითხი - თავად ბაიდენი დათანხმდება თუ არა, რომ უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე. როგორც ამერიკული მედია წერს, მოქმედ პრეზიდენტს მტკიცე ხასიათი და ერთგვარი სიჯიუტე ახასიათებს. შესაბამისად, მის დასაყოლიებლად თანაპარტიელების მხრიდან დიდი ძალისხმევა და ძლიერი ზეწოლა იქნება საჭირო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×