ნატალია ჯვარიძე
18.05.2024

4 ივნისს საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ის კონგრესში მოსმენაა დანიშნული. გარდა ამისა, მზადდება კანონპროქეტი, რომლითაც სახელმწიფო მდივანმა კონგრესს საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიში უნდა წარუდგინოს. რას ნიშნავს აშშ-ში ასეთი პროცესების დაწყება და რა გაგრძელება ექნება ამას საქართველოსათვის?

საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ აშშ-ის კონგრესში მოსმენა 4 ივნისს ჰელსინკის კომისიის ფარგლებში გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს. კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული სტილის „უცხოური აგენტების შესახებ" კანონის ამჟამინდელი მიღება „ქართული ოცნების" მთავრობის აშკარა ანტიდასავლურ ნაბიჯს და მის რუსეთთან, ისევე როგორც სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიც ჩინეთია, იმავდროულ დაახლოებას ასახავს.

„რუსული სტილის „უცხოური აგენტების შესახებ" კანონის ამჟამინდელი მიღება „ქართული ოცნების" მთავრობის აშკარა ანტიდასავლურ ნაბიჯს და მის რუსეთთან, ისევე როგორც სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიც ჩინეთია, იმავდროულ დაახლოებას ასახავს. სამი ათწლეულის განმავლობაში არსებული პროდასავლური, დემოკრატიული და ევროატლანტიკური სტრატეგიული პროგრამის შემდეგ, ამ და კრემლის მიერ შთაგონებული სხვა კანონების მიღებით საქართველოს მთავრობა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური არჩევანის მიმართ ნდობას აშკარად და უხეშად არღვევს. „ქართული ოცნების" მთავრობის ამ სტრატეგიულმა ვექტორის ცვლილებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე კვირის განმავლობაში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია და იგი ქვეყანაში უკვე არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას არყევს", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მოსმენაზე მომხსენებლები იქნებიან „ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ივანე ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი და „ჩეთემ ჰაუსის" უფროსი მკვლევარი ნატალი საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი და „რენდის კორპორაციის" უფროსი მკვლევარი უილიამ კორტნი.

„აღნიშნული მოსმენის ფარგლებში წამყვანი ექსპერტები საქართველოში განვითარებული მოვლენების, საქართველოს დემოკრატიასა და სუვერენიტეტზე მისი გავლენის და აშშ-ის შესაძლო პოლიტიკური პასუხების შესახებ ჩვენებას მისცემენ", - ნათქვამია განცხადებაში.

კონგრესმენი, ჯო უილსონი კი ამზადებს კანონპროექტს იმის შესახებ, რომ სახელმწიფო მდივანმა წარმოადგინოს ანგარიში საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე, რომელიც შესაძლო სანქციებსაც ითვალისწინებდეს.

„კანონპროექტი მოითხოვს, რომ სახელმწიფო მდივანმა კონგრესს საქართველოში არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიის, ელიტური კორუფციის, სანქციების თავიდან აცილების და რუსეთის დაზვერვის აქტივების შესახებ ანგარიში წარუდგინოს. „უცხოური აგენტების შესახებ კანონსა" და დემოკრატიაზე განხორციელებულ უფრო ფართო თავდასხმაზე პასუხისმგებელ პირებს შესაძლოა სანქციები დაემუქროთ.

„კანონპროექტი საქართველოს შესაძლებლობას სთავაზობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო, თავდაცვისა და კულტურული კავშირები გააძლიეროს, თუ ის კურსს შეიცვლის. ეს შეიძლება საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის გადამწყვეტი მომენტი იყოს, მაშინ როცა მისი მოსახლეობა ავტორიტარული კონტროლის ინსტრუმენტის შეჩერებას ცდილობს", - ნათქვამია „უოლ სტრით ჯორნალის" სტატიაში.

„ყველა მომხსენებელი ხელისუფლების ოპონენტია..."

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, ამერიკელებს საქართველოში შექმნილ სიტუაციაში გარკვევა რომ მოუნდათ, ეს მისასალმებელია, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ არიან მომხსნებებლები. მისივე თქმით, ეს მომხსნებლები ხელისუფლების ოპონენტები არიან და შესაძლებელია, მათ კონგრესმენები შეცდომაში შეიყვანონ. ხოლო რაც შეეხება სანქციებს, ანჯაფარიძის აზრით, ეს ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ამ შემთხვევაში ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობა შეწყდება და ამერიკელები ამ ნაბიჯს არ გადადგამენ.

„ამერიკელ კონგრესმენებს რომ მოსმენების სურვილი გაუჩნდათ, რათა დეტალურად გაეცნონ, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ეს მისასალმებელია. თუმცა, დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ იქნებიან მომხსენებლები. ისინი ყველანი ხელისუფლების ოპონენტებია და სავსებით გასაგებია, თუ რა კონტექსტში და რა ჭრილში მიაწვდიან ისინი ინფორმაციას იქ დამსწრე კონგრესმენებს.

„აქედან გამომდინარე, ძალიან მცირეა იმის იმედი, რომ ჩვენ ობიექტურ მსჯელობებს და დასკვნებს უნდა ველოდოთ. სამწუხაროა, რომ ისეთ ადამიანებს იწვევენ, რომლებიც ხელისუფლებასთან ოპონირების რეჟიმში არიან. მე ვფიქრობ, რომ მმართველი პარტია კომისიის ორგანიზატორებთან კონტაქტზე უნდა გავიდეს და უთხრას, რომ თუ მოსმენა იქნება, ამ მომხსენებლებს შორის ალტერნატიული პოზიციის მქონე მომხსნებლებიც იყვნენ. ეს იქნებოდა სამართლიანი.

„ჯო უილსონის წამოწყებულ ინიციტივას რამდენად ექნება შედეგი, რთულია წინასწარ განჭვრეტა. მისი ინიციატივა ის არის, რასაც ხელისუფლება აშშ-ს სთავაზობდა და სთავაზობს დღემდე. პარტნიონული ურთიერთობა და სტრატეგიული მოკავშირეობა, რომელიც ქაღალდზე გაფორმებული გვაქვს, უნდა გადაიზარდოს უფრო კონკრეტული და შინაარსობრივ თანამშრომლობაში. იმ კუთხით, რომ ჩვენ მოგვეცეს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, დაიწყოს პირდაპირი მიმოსვლები, შემსუბუქდეს სავიზო რეჟიმი და ა.შ. და თუ ამას კიდევ დაემატება თანამშრომლობის სხვა ფორმები, რასაკვირველია, ეს კარგი იქნება და ორმხრივ ურთიერთობას წაადგება, თუმცა ეს რამდენად რეალურია, არ ვიცი.

„სანქციების დაწესება ძალიან სენსიტიური საკითხია, რადგან თუ ამერიკელებმა საქართველოს ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესეს, იქნება ეს პარლმანეტარები თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მაშინ პოლიტიკური ურთიერთობები ორ ქვეყანას საერთოდ შეწყდება. ამიტომ არ მგონია, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ასეთ ხისტ ნაბიჯებზე წავიდეს. მათი ეს განცხადებებიც არ მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკელები მზად არიან ეს უკიდურესი გადაწყვეტილება მიიღონ", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

„ალბათ ჯერ იქნება მინიშნება, თუ რა შემთხვევაში დაწესდება სანქციები"

რონდელის ფონდის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი კი ფიქრობს, რომ მოსმენები საკმაოდ დეტალური იქნება და ყველაფერი დამოკიდებულია „ოცნებაზე" მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. მისივე თქმით, გამჭვირვალობის შესახებ სადავო კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, აშშ სანქციებს დაუწესებს როგორც კონკრეტულ პირებს, ასევე საქართველოსაც.

„მოსმენები იქნება საკმაოდ დეტალური და ყველაფერი დამოკიდებულია „ოცნებაზე", თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. იქამდე პრეზიდენტის ვეტო დადებული იქნება და გაირკვევა მიიღებენ თუ არა კანონს.

„ანგარიშის შემდეგ სანქციები აუცილებლად იქნება. პირველ რიგში შეერთებული შტატები კონკრეტულ პირებზე დააწესებს. ალბათ ეს ბიძინა ივანიშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი იქნება, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მათ საქართველოს სახელმწიფოს დახმარება შეუჩერონ, ყოველ შემთხვევაში რაღაც დარგებში დაფინანსება მნიშვნელოვნად შეამცირონ.

„ანგარიშში ალბათ მინიშნებული იქნება, თუ რა შემთხვევაში უნდა დაუწესდეს მთავრობას და საქართველოს, როგორც ქვეყანას, სანქციები. სანამ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ნახავენ ეს პირობები დადგა თუ არა და ამის მიხედვით იმოქმედებენ", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×