მარიამ ვეკუა
28.08.2026

 

თბილისში, ნაქირავებ ბინაში, 30 წლის აფხაზი ბლოგერი და სამოქალაქო აქტივისტი დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა კაცი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ღიად უჭერდა მხარს და დე ფაქტო რეჟიმის მიერ „სახელმწიფო ღალატის" ბრალდებით იდევნებოდა, სავარაუდოდ, ოთხი დღის გარდაცვლილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაურ ბუავას ცხედარს, პირველადი დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლოს ბუავა მეზობლებმა რამდენიმე დღის წინ ნახეს. გუშინ კი ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს, რადგან კორპუსში გაუსაძლისი სუნი იყო. ადგილობრივების თქმით, კამერების ჩანაწერების მიხედვით, ბუავა 23 აგვისტოს შემდეგ სახლიდან არ გასულა. მეზობლები ვარაუდობენ, აფხაზი ბლოგერი 4 დღის გარდაცვლილია.

  • მეზობელი: „ძაან დასიებული ყოფილა. როგორ ჩანს უნდოდა დახმარების თხოვნა, მარა ვერ ითხოვა".

„გუშინ დილით, ჩემს ზემოთ მცხოვრებმა გოგონამ დაწერა, კორპუსში საშინელი სუნიაო. ყარდა აქაურობა, გაფუჭებული ხორცის სუნი იყო. გვეგონა რომ უეჭველი მაცივარი დარჩა და რამე გაუფუჭდაო. სამაშველო გამოვიძახეთ, მოვიდნენ და ბინაში დახვდათ გარდაცვლილი. ძირს ეგდოო. ძაან დასიებული ყოფილა. როგორ ჩანს უნდოდა დახმარების თხოვნა, მარა ვერ ითხოვა. შარშან გადმოვიდნენ ამ ბინაში, მეუღლესთან ერთად იყო, მერე დაშორდნენ. ბოლოს შაბათს დაწერა სამეზობლო ჩათში, ჩიპი მოგვიგლიჯეს და ეს ვინ გააკეთაო, დაწერა", - ამბობს მეზობელი.

დაურ ბუავას მეგობარი ამბობს რომ ბოლოს 22 აგვისტოს ეკონტაქტა, გარდაცვლილს კი გულის პრობლემები ჰქონდა.

"ბოლოს 22-ში ვეკონტაქტე. ტელეფონი ჰქონდა დაზიანებული და ამიტომ შემდეგ დღეებში, გუშინწინ დავურეკე. რომ არ გადიოდა ზარი, ვიფიქრე არ გაუკეთებიათქო და გუშინ უკვე ასეთი ამბავი შევიტყვე. დაური და მე ისეთ საქმეს ვაკეთებდით, რომ იქ მუქარები ჩვეულებრივი ამბავია, მეც მემუქრებიან, დაურსაც ემუქრებოდნენ, მაგრამ ეს სოციალურ ქსელებს არ სცდება. გუშინ ექსპერტები ადგილზე იყვნენ მობილიზებული და ერთადერთი ის არის ცნობილი, რომ გარეგნული დაზიანება არ აქვს, ძალადობრივად არ გარდაცვლილა და ექსპერტიზის პასუხს ველოდები მე პირადად... ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მაგალითად, გუშინ ვიხსენებდით ყველაფერს და სასწრაფო გამოიძახა ორჯერ, გულის პრობლემა ჰქონდა. ზოგჯერ ძაან ნერვიულობდა. ესეთი საქმე სანერვიულოა, რასაც აკეთებდა"

თუმცა, რა გახდა ახალგაზრდა ბლოგერის გარდაცვალების ოფიცილური მიზეზი უცნობია, ამაზე ექსპერტიზა მუშაობს. მომხდარზე გამოძიება 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

საზოგადოებაში ახალგაზრდა ბლოგერის სიკვდილს დიდი მწუხარება მოჰყვა, „გადაუხადეთ სამოქალქო პანაშვიდ"„ დასანანია", „არ მჯერა", წერენ სოციალურ ქსელში მოქალაქეები.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის" დირექტორი, თამთა მიქელაძე აფხაზი ბლოგერის გარდაცვალებას ეხმაურება:

(...)როგორც ვიცი, ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო და შესაძლო ძალადობის მიზეზი და გარემოება სათანადოდ უნდა გამოირიცხოს.

ვიზიარებ მისი ოჯახის წევრების და მეგობრების მწუხარებას," - წერს მიქელაძე.

ვინ იყო დაურ ბუავა?

დაურ ბუავა ცნობილი აფხაზი ბლოგერი და სამოქალაქო აქტივისტი ,წარმოშობით ტყვარჩელიდან იყო და ბოლო წლებში თბილისში ცხოვრობდა. ვიდეოებს ქართულ-აფხაზური შერიგებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების მხარდასაჭერად აქტიურად ავრცელებდა. ბუავა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზებსა და ქართველებს შორის ძმობის აღდგენას საჯაროდ უჭერდა. თავისი ვიდეოებითა და სოციალური აქტივობებით ცდილობდა სტერეოტიპების მსხვრევას ცდილობდა .

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დაურ ბუავას ბრალი „სახელმწიფო ღალატში" ოფიციალურად 2022 წლის მაისში წაუყენა. ეს იყო პირველი შემთხვევა ოკუპირებული აფხაზეთის ისტორიაში, როდესაც რიგით მოქალაქეს მსგავსი მუხლით ბრალი წაუყენეს. ოფიციალურ განცხადებაში კი მიზეზად „მტრული საქმიანობისთვის დახმარების გაწევა" სახელდებოდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×