
მშვიდობიანი მოლაპარაკებების ჩაშლისა და დიპლომატიური ჩიხის ფონზე, რუსეთი უკრაინასა და მთელ რეგიონში მასშტაბური ესკალაციის ახალი ტალღისთვის ემზადება. დასავლური დაზვერვის მონაცემებითა და პოლონეთის პრემიერ დონალდ ტუსკის გაფრთხილებით, მომდევნო 7-8 თვე უსაფრთხოების კუთხით კრიტიკული იქნება.კიევზე ბალისტიკური დარტყმების გაძლიერებისა და ბირთვული შანტაჟის ფონზე, როგორ ჩანს, მოსკოვი ფსონს ომის კიდევ უფრო გამწვავებასა და პარტნიორების გამოფიტვაზე დებს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსეთი ესკალაციისთვის სერიოზულად ემზადება და მომდევნო 7-8 თვე შესაძლოა უკრაინის, პოლონეთის და მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის, კრიტიკული აღმოჩნდეს.
ტუსკს, სხვა საკითხებთან ერთად, შეკითხვა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ რატკლიფის მოსკოვში ვიზიტის შესახებაც დაუსვეს. საპასუხოდ, პოლონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ვარშავა მუდმივ კონტაქტზეა CIA-ს ხელმძღვანელობასთან და რატკლიფის საქმიანობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ის მოულოდნელად არ შეხვედრია.
ტუსკის თქმით, უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობისას გარკვეული ინფორმაცია საიდუმლოდ უნდა დარჩეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებას მთავარი საფრთხეების შესახებ ცნობები დაუმალონ.
ტუსკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკითხი მხოლოდ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტით აღარ შემოიფარგლება. პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მოსკოვი უაღრესად სერიოზულად გეგმავს ვითარების გამწვავებას როგორც უკრაინის წინააღმდეგ ომში, ისე მთელ რეგიონში, ხოლო მომავალი შემოდგომა და ზამთარი რუსეთისთვის გადამწყვეტი იქნება.
"პოლიტიკოს" ცნობით, მოსკოვში ვიზიტისას რატკლიფმა რუსი ოფიციალური პირები გააფრთხილა, არ დაუშვან კონფლიქტის ესკალაცია ნატო-ს წევრ აშშ-ის მოკავშირეებთან, კერძოდ ესტონეთთან, ლატვიასა და ლიეტუვასთან. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო ვარაუდები იმის შესახებ, თითქოს ვიზიტის მიზანი პუტინის შეჩერება იყო, რათა ნატო-ს სიმტკიცე არ გამოეცადა ან თავს არ დასხმოდა დიდ ბრიტანეთს. ტრამპმა ამ ვიზიტს „ნახევრად რუტინული" უწოდა, თუმცა დაადასტურა, რომ შეხვედრის მიზანი ომის დასრულების ხელშეწყობა გახლდათ.
რა ინფორმაციები ჟონავს კრემლიდან?
კრემლთან დაახლოებული სამი წყაროს ინფორმაციით, რუსეთმა დაასკვნა, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და უკრაინაზე თავდასხმების ესკალაციისთვის ემზადება. ანონიმური წყაროების ცნობით, ამ ეტაპზე მოსკოვი კიევზე - მათ შორის დედაქალაქის ცენტრზე და უკრაინის სხვა ქალაქების ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მძლავრი კონვენციური ბალისტიკური რაკეტებით დარტყმების ინტენსიფიკაციას განიხილავს.
წყაროების შეფასებით, მოლაპარაკებების ჩარჩო ფაქტობრივად ჩაიშალა და მეომარი მხარეები კვლავ საწყის პოზიციებს დაუბრუნდნენ. მათივე თქმით, ვლადიმერ პუტინი ომს არც სანქციებით გამოწვეული ეკონომიკური ზეწოლისა და არც რუსულ გადამამუშავებელ ქარხნებსა თუ ლოგისტიკურ ქსელებზე უკრაინის იერიშების გამო არ შეაჩერებს.
წყაროების ცნობით, მოსკოვი უკრაინის მიერ განხორციელებულ დარტყმებს სულ უფრო ხშირად ნატო-ს წევრი ქვეყნების იერიშებად აღიქვამს, ვინაიდან ალიანსის პარტნიორები კიევს იარაღითა და სადაზვერვო მონაცემებით უზრუნველყოფენ.
მათვე დასძინეს, რომ საბრძოლო მოქმედებების მიმდინარე ეტაპი სამხედრო ესკალაციის პიკი ჯერ კიდევ არ არის. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკუთარ განზრახვებზე მინიშნება გასულ უქმეებზე, სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტთან ინტერვიუში გააკეთა, სადაც რუსეთის ეკონომიკაზე უკრაინული დარტყმების გავლენას ხაზი არ გაუსვა.
„უკრაინამ პანდორას ყუთი თავად გახსნა," განაცხადა მან. „ახლა კი მოემზადეთ საპასუხო დარტყმებისთვის თქვენი ეკონომიკის ყველაზე მგრძნობიარე სექტორებში".
ომის დასასრულებლად აშშ-ის მცდელობებს გარღვევა არ მოჰყოლია და მოლაპარაკებები შეჩერდა, ვინაიდან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყურადღება ირანთან კონფლიქტზეა გადატანილი. აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლების, სტივ ვიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტი მოსკოვში 8-თვიანი პაუზის შემდეგ იგეგმებოდა, ხოლო კიევში - პირველად, თუმცა შეხვედრების კონკრეტული თარიღები ჯერჯერობით უცნობია.
დიპლომატიური ძალისხმევის არარსებობის ფონზე, კრემლთან დაახლოებული ოთხი წყაროს ცნობით, მოსკოვი საკუთარი ომის მიზნების მისაღწევად შემდგომი ესკალაციის გარდა თითქმის ვერანაირ ალტერნატივას ვერ ხედავს. წყაროების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი კუშნერისა და ვიტკოფისგან მოსკოვში ახალი წინადადებებით ჩასვლას ელის, გარღვევის მოლოდინი უაღრესად დაბალია.
ორ წყაროზე დაყრდნობით, კრემლში მიიჩნევენ, რომ ომის განმავლობაში დათმობებზე ისედაც წავიდნენ და თითოეულმა მათგანმა რუსეთის პოზიციები დაასუსტა. მათივე შეფასებით, მოსკოვმა ენქორიჯის შეხვედრაც მორიგ წარუმატებელ კომპრომისად აღქვა.
ტაქტიკური ბირთვული იარაღი
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ტელეგრამში" განაცხადა, რომ ღამით, ხმელეთიდან, ჰაერიდან და ზღვიდან უკრაინაზე „მასშტაბური იერიში" განახორციელა - დარტყმები მიაყენეს კიევსა და ხუთ სხვა ქალაქს, ასევე ოდესის, ჩორნომორსკისა და რენის პორტების ინფრასტრუქტურას.
კრემლთან დაახლოებული წყაროების ცნობით, საპასუხო დარტყმების ესკალაციის ფონზე, რუსი ოფიციალური პირების ნაწილი სულ უფრო ხშირად მიდის იმ დასკვნამდე, რომ უკრაინაში უკიდურეს ზომად ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს.
იმის რისკი, რომ პუტინი დაარღვევს ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენების გლობალურ ტაბუს - რომელიც 1945 წელს აშშ-ის მიერ იაპონიაში ორი ატომური ბომბის ჩამოგდების შემდეგ მოქმედებს -დასავლელი ოფიციალური პირებისთვის დიდ შეშფოთებას დიდხანს იწვევდა.
მოსკოვში ბოლო დროს იმატა „რადიკალურად განწყობილთა" (ომის მომხრეების) მოწოდებებმა მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ. უკიდურესი პასუხი შესაძლებლად მიიჩნევა, ვინაიდან პუტინისთვის ომის გაგრძელებაზე უარესი ერთადერთი შედეგი -მასში დამარცხებაა- წერს "ბლუმბერგი".
ტაქტიკური ბირთვული იარაღი სტრატეგიულ რაკეტებთან შედარებით ნაკლებად მძლავრი საბრძოლო ქობინითა და ნაკლები მოქმედების რადიუსით ხასიათდება და ის კონკრეტული საბრძოლო ველის შედეგზე ზემოქმედებისთვისაა განკუთვნილი, ვიდრე მთელი ქალაქის თუ ქვეყნის განსანადგურებლად. მიუხედავად ამისა, აფეთქების სიმძლავრე მაინც უზარმაზარია, ხოლო ბირთვული ნალექი მიწის ვრცელ ტერიტორიებს აბინძურებს.
შანტაჟი თუ რეალური ნაბიჯი
რა თქმა უნდა, ჯერჯერობით არ არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავს. სრულმასშტაბიანი შეჭრა, რომელიც პუტინმა 2022 წლის თებერვალში დაიწყო და რამდენიმე დღეში გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო, უკვე მეხუთე წელია გრძელდება. წლების განმავლობაში პუტინი ბირთვულ რიტორიკასა და შანტაჟს („ბირთვული ხმლის ჟღრიალს") ხშირად მიმართავდა.
„პუტინი არსად ხედავს მის წინააღმდეგ მიმართულ კოლექტიურ ნებას, სამაგიეროდ ხედავს უამრავ გზას, თუ როგორ გატეხოს ხალხი", -განაცხადა ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, ფიონა ჰილმა, რომელიც აშშ-ის სამი პრეზიდენტის, მათ შორის ტრამპის პირველი ვადის დროს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იყო.
„სწორედ ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მის ქმედებებთან დაპირისპირების შეთანხმებული, კოლექტიური და თანმიმდევრული ძალისხმევა, ასევე დიპლომატიაში ჩართულობა. მას მკაფიოდ ფოკუსირებული მიზანი აქვს, ჩვენ კი დაბნეულები ვართ".
ამასთან, რუსეთის საკვანძო პარტნიორებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებისგან მკაცრად გააფრთხილეს. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, გასულ თვეს ჩინეთმა მოსკოვს მკაფიო გზავნილი გადასცა - უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის ამოქმედება განხილვის დონეზეც კი არ დაუშვას.
მომდევნო კვირას, ყირგიზეთში დაგეგმილ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე, მოსალოდნელია პუტინის შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან.