ელზა პაპოშვილი
11.06.2024

სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკური დაპირისპირება, ბულინგი და მუქარა საპარლამენტო არჩევნებამდე 5 თვით ადრე ფაქტიურად ყოველდღიურად იძაბება. გახშირდა ქუჩაში სიტყვიერი დაპირისპირებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევები. რატომ არ ეცემა დაძაბულობის ხარისხი და ვის ინტერესშია პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება?

ოპოზიცია და მმართველი გუნდი ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ. მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ მას შემდეგ, რაც ქუჩის აქციები მინელდა, ოპოზიცია სიძულვილის ენით დაპირისპირებას აგრძელებს. მათი თქმით, ვითომ აღშფოთებული მოქალაქეების სახელით, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები „ოცნების“  დეპუტატებს ურეკავენ, უგზავნიან ესემეს შეტყობინებებს, ქუჩაში თავს ესხმიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. 

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ხელისუფლება არჩევნების წინ მოქალაქეების დაშინებას ცდილობს. ყველას, ვინც კი ხმის ამოღებას და წინააღმდეგობის გაწევას ბედავს, სასტიკად უსწორდებიან. ამის ბოლო მაგალითად კი „სირცხვილიას“ აქტივისტსა და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერ დავით ბერძენიშვილის ვაჟზე, ზურაბ ბერძენიშვილზე თავდასხმა მოჰყავთ. 

ოპოზიციის შეფასებით, ამ ინციდენტს დროში საეჭვოდ ემთხვევა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის მიერ  სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი. ის „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებულ პოსტში ახსენებს მოძრაობა „სირცხვილიას“ დამფუძნებლებს სალომე ბარკერსა და ზურა ბერძენიშვილსაც.

„მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეში ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები:

- დაემუქრნენ პარლამენტის წევრებს „კეფაში ტყვიით“ (ლევან დათუნაშვილი, „ჯემნიუსი“);

- ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს მუქარით და შეურაცხყოფით (სალომე ნიკოლაიშვილი, ზუკა ბერძენიშვილი, „სირცხვილია“);

- საჯარო სივრცეში თავს დაესხნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს ოჯახთან ერთად მყოფ პარლამენტის წევრს (მარიამ წიწიკაშვილი, „გრასი“ - „ფაქტჩეკი“);

ცხადია, რომ მედიისთვის დადგმული ეს ვითომ „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენები, სინამდვილეში, ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა, რომელიც ევროპის სახელით მიმდინარეობს. 

დონორები, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების პოლიტიკური ექსტრემიზმის წაყრუებით, ტერორის ნორმალიზებას ახდენენ“, - წერს პააპუაშვილი სოციალურ ქსელში. 

გახმაურებული ინციდენტები

აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

„სირცხვილიას“ წევრს სამშაბათს დილით საკუთარ სახლთან დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქტივისტების ინფორმაციით, მას სამი პირი ზურგიდან მიეპარა. ბერძენიშვილი ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. 

„აღენიშნება სახის მიდამოზე რბილი ქსოვილების ტრავმა. ამ ეტაპზე იმყოფება კვლევის პროცესში. დინამიკაში განვსაზღვრავთ მკურნალობის ტაქტიკას,"- აცხადებს ექიმი ილია ოქროჯანაშვილი.

მანამდე კი, 9 ივნისს, ინციდენტი მოხდა თბილისის აეროპორტში. „ხალხის ძალის“ წევრ ვიქტორ ჯაფარიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დეპუტატთან საქართველოს რეფორმების ასოციაცია „გრასის“ თანამშრომელი მარიამ წიწიკაშვილი მივიდა და მას მოღალატე უწოდა, რასაც კამათი მოყვა.

წიწიკაშვილმა ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა და დაწერა, რომ ის სამართალდამცავებმა „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის“ ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს. სასამართლომ ის მალევე გაათავისუფლა და პროცესი 19 ივნისისთვის გადაიდო.   

9 ივნისს მოხდა ასევე ინციდენტი „ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუასთან დაკავშირებით, როდესაც მას ქალბატონი დაუპირისპირდა და „მონა“ უწოდა.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ მომხდარს ზარქუა „ფეისბუქში“ გამოაეხმაურა. მისი თქმით, მოქალაქემ კადრების მხოლოდ მისთვის სასურველი ნაწილი გამოაქვეყნა, რაც მომხდარის სრულ სურათს არ ასახავს და აღნიშნული მოქალაქე „რადიკალ-ნაც-აქტივისტია“, რომელიც „თანამზრახველთან ერთად სპეციალურად ამ საქმისთვის იყო მოსული“. ზარქუამ მომხდარს „ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხტომა“ უწოდა. 

ზარქუა „გამჭვირავლობის“ კანონის მხარდამჭერი ერთადერთი დეპუტატი არ არის, ვისაც მოქალაქეები საჯარო სივრცეში ღიად დაუპირისპირდნენ და „მონა“ უწოდეს. მანამდე მსგავსი ინციდენტები ჰქონდათ ელისო ბოლქვაძეს, ზურა ხაჩიძეს და ვიქტორ სანიკიძეს.

თუმცა, ამის პარალელურად  გრძელდება „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების დევნა, დაშინება და შეურაცხყოფა. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს სახლებისა და ოფისების კედლებზე მუქარის შემცველი წარწერები ხვდებათ. ასევე მოხდა თავდასხმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე.

7 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან რამდენიმე პირი თავს დაესხა და სცემა აქტივისტს და სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკო მანაგაძეს. გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს იდენტიფიცირებული აქტივისტებზე თავდამსხმელი არც ერთი პირი.  

რატომ არ ხდება გამოძიება 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ მიჩნევს, რომ ოპოზიციისა და მათი აქტივისტების მხრიდან დეპუტატებთნ მისვლა და მათ შესახებ საკუთარი აზრის დაფიქსირება სიტყვის გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში ჯდება. თუმცა, როდესაც იგივე აქტივისტებს ფიზიკურად უსწორდებიან, ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. 

„ქვეყანაში ძალიან დაძაბული სიტუაციაა და ეს ხდება არჩევნებამდე 5 თვით ადრე. ხომ წარმოგიდგენიათ რა შეიძლება მოხდეს არჩევნები რომ მოახლოვდება. ის, რასაც ოპოზიცია აკეთებს, თუნდაც ქუჩაში დეპუტატების მიმართ აზრის გამოხატვა, ჯდება ჩვენი კონსტიტუციის ნებისმიერ ფორმებში. ეს არის აზრის გამოხატვა და ამის  უფლება აქვს ნებისმიერ მოქალაქეს, იქნება ეს ოპოზიციის მომხრე თუ სხვა ვინმე. ფაქტი ერთია, რომ ამას ხელისუფლება პასუხობს სისხლის სამართლის დანაშაულით. 

„ის, რაც ახლა ზუკა ბერძენიშვილის მიმართ ჩაიდინეს, არის დაშინების და ტერორის ფაქტი. მითუმეტეს ეს დროში ემთხვევა პაპუაშვილის განცხადებას. მანამდე ვნახეთ სხვა ოპოზიციურ ლიდერებს როგორ და რა ფომითაც გაუსწორდნენ, თუმცა ხელისუფლებას არანაირი  რეგირება არ მოუხდენია. ამიტომ, როდესაც ეჭვმიტანილი ხარ, მაგრამ არ ჩაგიდენია დანაშაული, ხომ უნდა ეცადოს ხელისუფლება, რომ ეს დანაშაულები გამოიძიოს? ხელისუფლება კი ამას არ აკეთებს. ამ ეტაპზე არცერთი ის პირი არაა დასჯილი, ვინც ოპოზიციის ლიდერებს და მათ მხარდამჭერებს ქუჩაში თავს დაესხა. უმეტესობა მათგანის იდენტიფიცირებაც კი იმდენად მარტივია, რომ მათ პასუხისგებაში მიცემა იმ დღესვე შეიძლებოდა. თუმცა ხელისუფლება ამას არ აკეთებს. ამიტომ ფაქტია, რომ ეს დაძაბულობა ყველაზე მეტად მის ინტერესებში შედის“, - ამბობს ძაბირაძე. 

მისივე თქმით, თუკი ხელისუფლებას 60%-იანი რეიტინგი აქვს, მაშინ ხელიც არ უნდა გაატოკოს და არ უნდა შევიდეს ოპოზიციასთან ამ დაპირისპირებაში. თუმცა თავადაც იციან, რომ ეს ტყუილია, ამიტომ ცდილობენ პოლიტიკური ველის კიდევ უფრო პოლარიზებას და დაპირისპირების იმიტაციას, რათა მოსახლეობა დააშინონ, ოპოზიცია კი დესტრუქციაში დაადანაშაულონ.

„დაძაბულობა აწყობს იმას, ვისი რეიტინგიც უფრო დაბალია“

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს  რომ ეს ყველაფერი მხოლოდ „ჟურნალია“ და სიტუაცია არჩევნების წინ კიდევ უფრო დაიძაბება. როგორც მან „რეზონანსთან“ განაცხადა, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში პოლარიზაციის მუხტი კიდევ უფრო იწევს, რაც ქვეყნისთვის ძალიან დიდი საფრთხის შემცველია. თუმცა საყვარელიძე ფიქრობს, რომ რადიკალიზმი და დესტრუქციული ენით საუბარი უფრო ოპოზიციის ინტერესებშია და ამას თავისი მიზეზები აქვს.  

„ჩვენი ამომრჩეველი და მოსახლეობა პოლიტიკურად  გაიზარდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკოსები ვერ გაიზარდნენ. საქმე კი ისაა, რომ რაც უფრო ეცდებიან სიტუაციის დაძაბვას, ქუჩაში თუ პარლამენტში საქმეების გარჩევას, ხალხის დამოკიდებულება მათ მიმართ უფრო უარყოფითი იქნება. 

„სამწუხროდ, ეს დაპირისპირება არ შენელდება და რაც არჩევნები მოახლოვდება, უფრო მასობრივ სახეს მიიღებს. თუმცა, აქ  ერთი რამ არის აღსანიშნავი - დაპირისპირება წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტად იმ პოლიტიკურ ძალას აწყობს, რომლის რეიტინგიც დაბალია. დაბალი რეიტინიგი კი ოპოზიციას აქვს. ამიტომ მათ ინტერესში შედის, რომ მაქსიმალურად მისაღები იერი ჰქონდეთ. 

„სააკაშვილი პოლიტიკოსობის დასაწყისში ბათუმში ჩავიდა და იქ ასლანის ხალხი ქვებით გამოუდგა. ესენი გამორბოდნენ და აღფრთოვანებული სახე ჰქონდა სააკაშვილს. იმიტომ უხაროდა, რომ ამით მიაღწია იმას,  თავად ყოფილიყო მსხვერპლი და აგრესორები - ასლანის ხალხი. 

„ახლაც ასეთი მცდელობაა. ოპოზიცია ცდილობს მსხვერპლის როლი მოირგოს, რომ რეიტინგი გაიზარდოს. სააკაშვილმა ეს ბევრჯერ მოახერხა და ახლაც იგივე ტაქტიკას იყენებენ. 

„დღევანდელი ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლების გამოწვევას. ამის ნათელი მაგალითი იყო ლევან ხაბეიშვილის პოლიციის კორდონში შევარდნა, სადაც, ფაქტობრივად, თავი აცემინა. იგივე ხდება ახლა, როცა მმართველი გუნდის დეპუტატებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და თუ მათგან რაიმე რეაგირება მოხდა, თავს მსხვერპლად ასაღებენ. ამიტომ ხელისუფლებას ვურჩევ ფრთხილად იყოს, რადგან არჩევნები რაც უფრო მოახლოვდება, სიტუაცია მით უფრო დაიძაბება“, - ამბობს საყვარელიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×