ნატალია ჯვარიძე
12.06.2024

უკრაინის გენშტაბი ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საზენიტო სარაკეტო სისტემებს დაარტყეს. მათივე ცნობით, დარტყმების სამიზნეს ბელბეკთან და სევასტოპოლთან ერთი S-300 და ორი S-400 სისტემა წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირაში ეს ყირიმში რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე უკრაინის მიერ განხორციელებული მეორე სარაკეტო დარტყმაა.

„დარტმის შედეგად S-300 და S-400 კომპლექსების ორი რადარი განადგურდა. მესამე რადარის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება", - წერს უკრაინის გენშტაბი ტელეგრამზე.

„როგორც ჩანს, უკრაინამ მიიღო დასავლეთისგან შეიარაღება და რუსეთის წინააღმდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ ყირიმში გამოიყენა, რომელიც თავად დასაყრდენი ძალაა. ამ ძალას ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებითაც იყენებენ.

„ორივე მხარე გააქტიურებულია და თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობს. ჯერჯერობით არცერთს რაიმე უპირატესობა არ აქვს. უკრაინელები თავდაცვით ბრძოლებს ახორციელებენ და რუს ოკუპანტებს აკავებენ. რუსები გარკვეულწილად წინ საკმაოდ ნელა მიიწევენ", - აცხადებს სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან".

გენშტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძის აზრით კი, ყირიმის საჰერო დაცვა იმდენად დასუსტებულია, რომ ადგილობრივ თავდაცვაში მომსახურე სამხედროებს ოჯახების ყირიმიდან გახიზვნა ურჩიეს. როგორც იგი ამბობს, უკრაინის გააქტიურება ასევე დაკავშირებულია დახმარების პაკეტზე, რომელიც რამდენიმე ხნის წინ მიიღეს. მისივე თქმით, ამჟამად, უკრაინელები რაიმე ფართომასშტაბის შეტევას არ გეგმავენ, თუმცა, რუსების დასუსტებას ეცდებიან.

„ის ფაქტი, რომ უკრაინელებმა ყირიმზე მეორეჯერ განახორციელეს შეტევა, ნიშნავს იმას, რომ მათ დახმარების პაკეტი მიიღეს და გააქტიურდნენ, თან ყირიმიდან საჰაერო თავდაცვის გარკვეული ნაწილი ხარკოვის მიმართულებისკენაა გადასროლილი. ყირიმის საჰერო დაცვა იმდენად დასუსტებულია, რომ ადგილობრივ თავდაცვაში მომსახურე სამხედროებს ოჯახების ყირიმიდან გახიზვნა ურჩიეს.

„რუსები ლოკალურ შეტევებს ცდილობენ, მაგრამ დიდი წინსვლა არ აქვთ. მას შემდეგ კი, რაც უკრაინელებმა სამხედრო დახმარება მიიღეს, მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ და რუსების წინსვლა საკმაოდ შეაფერხეს. შეიძლება ითქვას, რომ რუსების შეტევა ხარკოვის მიმართულებაზე საერთოდ ჩაიშალა. ხოლო დონბასის მიმართულებაზე საომარი მოქმედებები ისევ მიმდინარეობს, თუმცა, ძალიან ცოტა მასშტაბებით.

„ეს დაპირისპირება არის იმის წინაპირობა, რომ ეს ომი გრძელვადიანი იქნება. ამ ხნის მანძილზე რუსებმა მაქსიმუმ რობოტინო აიღონ და კრინკის ბაზა გაწმინდონ. რაც შეეხება უკრაინელებს, ისინი თავიანთ ძირითად პოზიციებს შეინარჩუნებენ. ამჟამად, უკრაინელები რაიმე ფართომასშტაბის შეტევას არ გეგმავენ, ყოველ შემთხვევაში ამის ნიშნები არ არსებობს, მაგრამ რუსების დასუსტებას ეცდებიან", - აცხადებს ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×