ელზა პაპოშვილი
12.06.2024

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საზენიტო სარაკეტო სისტემებს დაარტყეს - ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს უკრაინის გენშტაბი. უწყების  ცნობით, დარტყმების სამიზნეს ბელბეკთან და სევასტოპოლთან ერთი S-300 და ორი S-400 სისტემა წარმოადგენდა. "დარტყმის შედეგად S-300 და S-400 კომპლექსების ორი რადარი განადგურდა. მესამე რადარის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - აცხადებს უკრაინის გენშტაბი.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საბრძოლო მასალა აფეთქდა სამ რაიონში, სადაც განთავსებული იყო საზენიტო-სარაკეტო სისტემები. საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული, თითქმის ორი საათის განმავლობაში, ღამით, უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. აფეთქებები მოხდა კიევში. მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ჩამოაგდეს ყველა რუსული დრონი და რაკეტა. იერიში იყო ოკუპირებულ ყირიმზეც. ისმოდა აფეთქებების ხმა.    

New York Times-ის ცნობით, აშშ-ის პრეიზდენტმა, ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა უკრაინაში კიდევ ერთი "პატრიოტის" სისტემის გაგზავნას. გამოცემას ოფიციალური წყაროები ეუბნებიან, რომ გადაწყვეტილება გასულ კვირას, მაღალი დონის შეხვედრებისა და დებატების შემდეგ მიიღეს. საუბარი ეხებოდა საკითხს, თუ როგორ შეიძლება დააკმაყოფილონ საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად უკრაინის გადაუდებელი საჭიროებები ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას აშშ-ის საბრძოლო მზადყოფნას.  

მეორე სისტემა, როგორც NYT წერს, უკრაინას პოლონეთიდან მიეწოდება. ის შეიძლება განლაგდეს უკრაინაში მომდევნო რამდენიმე დღეში, იმისდა მიხედვით, თუ რა მოვლას ან მოდიფიკაციას მოითხოვს, განაცხადეს ოფიციალური პირები.

უკრაინის პრეზიდენტმა გასული თვის ბოლოს ითხოვა დამატებითი ამერიკული წარმოების პატრიოტის სისტემები, რომელიც მისი თქმით, კიევს დაეხმარება საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში.  

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას  კი განაცხადა, რომ  ომი არასოდეს უნდა გახდეს ნორმა.

"ომი არ შეიძლება და არც არასოდეს არ უნდა გახდეს ნორმალური მდგომარეობა. უკრაინელები არასოდეს ნებდებიან - ისინი იცავენ საკუთარ ქვეყანას და აგრძელებენ ამას. დღეს ბერლინში ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ძლიერი, თავისუფალი, ევროპული უკრაინის აღდგენაზე. სიმტკიცე, პრინციპების დაცვა ეს არის წინაპირობა, რომ პუტინმა აღიაროს, რომ ვერ იქნება სამხედრო გამარჯვება და მისი ნაკარნახევი მშვიდობა. 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება. მე მინდა, გულწრფელად ვთხოვო ყველას, ვინც დღეს აქ არის: დაუჭირეთ მხარი ჩვენს ინიციატივას უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიზნით, ყველაფრით რითაც შესაძლებელია. რადგან საუკეთესო რეკონსტრუქცია არის ის, რომ შევძლოთ შევაჩეროთ უკრაინაში ნგრევა. 

„როდესაც ვსაუბრობთ უკრაინის რეკონსტრუქციაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის მომავალი ახალი წევრი ქვეყნის რეკონსტრუქციაზე. რუსეთის ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, ჩვენ ერთად მივეცით უკრაინას მტკიცე პირობა, რომ "უკრაინის მომავალი ევროკავშირშია". და ეს მართალია. მას შემდეგ უკრაინამ ყველაზე რთულ პირობებში აიღო გზა ევროკავშირისკენ. ომის მიუხედავად, ის მუდმივად მუშაობს რეფორმებზე“, - განაცხადა შოლცმა.   

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი  უფროსი ვახტანგ კაპანაძე ამბობს , რომ ამ ეტაპზე ფრონტის ხაზზე რადიკალურად არაფერი შეცვლილა. გენერალი „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ რუსეთი ჩასოვ იარზე, კრინიკზე, რობოტინოზე, შეტევებს ცდილობს, თუმცა ხელშესახები არაფერი აქვს. მისი თქმით, უკვე მერამდენე თვე ამ მცირე ზომის დასახლებული პუნქტებისთვის ბრძოლები მიდის. 

„რუსეთს ჰქონდა ფანჯარა, 18 მაისს იყო უკრაინაში მობილიზაცია გამოცხადებული. შესაბამისად,  ნორმატივებით 6 თვე მაინც უნდა იყოს მომზადებული სანამ ბრძოლის ხაზზე წავა. ამას ემთხვევა ზუსტად ის პერიოდი, როდესაც იარაღის პრობლემა შეექმნათ უკრაინელებს. 

„ზუსტად ეს ფანჯარა უნდა რუსებს რომ გამოეყენებინა და სწორედ ამიტომ იყო ის აქტიურობა, რომელიც ფრონტის ხაზზე შეიმჩნეოდა. ეს იყო ლოკალური, მაგრამ საკმაოდ მძიმე ბრძოლები. რუსებმა გადაწყვიტეს ფრონტის ხაზი გაეწელათ, რათა უკრაინელები კიდევ უფრო  გაეფანტათ. ამიტომ მათ ბრძოლები ხარკოვის მიმართულებით უფრო  ინტენსიური გახადეს. თუმცა ეს უფორ ძალების გადანაწილების და ყურადღების მიქცევა იყო. 

„ბოლოს გარკვეული შედეგი ამან გამოიღო და უკრაინელები იძულებულები გახდნენ ჩრდილოეთ მიმართულებაზე გარკვეული ძალები გადაესროლათ. ამასაც ორი მიმართულება აღმოაჩნდა, რომ ეს გაწელილი ფრონტი რუსეთისთვისაც პრობლემა აღმოჩნდა. რუსების დაჯგუფება ამ მანძილის ფრონტზე კონცენტრაციისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. 

„შესაბამისად, ეს ვოლჩანსკის დასახლება, რომელიც მიწასთან არის გასწორებული ისიც კი ვერ აიღეს. ამავე დროს, შემოვიდა ის დახმარება, რასაც უკრაინელები ელოდებოდნენ და ის დარტყმები, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელდა. ბელგოროდის მახლობლად მართვის პულტი გაანადგურეს რუსების და 8 ოფიცერია დაკარგული. ჩავთვალოთ, რომ კობზონთან კონცერტზე წავიდნენ“,-ამბობს გენერალი. 

მისივე თქმით, რუსებმა თითქოს და ამ გაწელვით და გაფართოვებით, რა თქმა უნდა, გარკვეულ შედეგს მიაღწიეს, მაგრამ ესეც დიდი დანაკარგის და ბრძოლის ფასად დაუჯდათ. 

„სამხედრო ტერმინოლიგიაში არის ასეთი სიტყვები, შიდა და გარე საოპერაციო ხაზები. სწორედ რომ ავიღოთ, მის შუაგულიდან უფრო სწრაფად მიხვალ ნებისმიერ წერტილამდე, ვიდრე წრედის გარედან. 

„ამ შემთხვევაში მრუდე გამოდის და უკრაინელებმა უფორ სწრაფად მოახერხეს გადაადგილება. რუსები იძულებულები გახდნენ ახლა ჩრდილოეთ მიმართულება რომ გაეძლიერებინათ ბელგოროდის და ამ დარტყმებისგან დაეცვა, უკვე ყირიმიდან გადაიტანა საჰაერო თავდაცვითი საშუალებები და უკვე ამის გამო დარტყმები ყირიმმა მიიღო. 

„ვინაიდან ყირიმის ნახევრაკუნძულზე ეს დაუცველობა გაჩნდა, ესეთი ინფორმაციაც კი გამოვიდა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს ოჯახების ყირიმიდან  გაყვანა ურჩიეს. ვინაიდან ყირიმი ისეთი დაცული აღარ არის, როგორადაც ითვლებოდა“,-ამბობს კაპანაძე.         

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×