ელზა პაპოშვილი
20.05.2024

სენაკში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის ახალი დტალები ხდება ცნობილი. მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი უკვე დააკავა. ირკვევა, რომ 21 წლის ლევან სახოკიას თორნიკე გოგიას განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. ახალგაზრდა კაცს კონფლიქტი ორ ძმასთან ჰქონდა. ის გოგიების საცხოვრებელ სახლთან სხვა პირეებთან ერთად მივიდა და კონფლიქტის დროს ძმები ცივი იარაღით დაჭრა. 

სენაკის მცხოვრებლები „რეზონანსს“ უყვებიან, რომ კონფლიქტში 15-დან 20-მდე  ადამიანი იღებდა მოანწილეობას. დაჭრილები არიან ასევე ძმების ერთი მეზობელი და მეორე მეგობარი, რომლებიც მათ დახმარებას ცდილობდნენ. ოჯახში სულ  6 დედმამიშვილია, 5 ძმა და ერთი და. დანარჩენი სამი ძმა სკოლის მოსწავლეები არიან. 

ადგილობრივები ოჯახს და ძმებს დადებითად ახასიათებენ. რა წყენა ჰქონდა ძმებთან ლევან სახოკიას, ამ დრომდე უცნობია. თუმცა ქალაქის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ შორის წარსულშიც არსებობდა კონფლიქტი, რომელიც სავარაუდოდ, ახალმა დაპირისპირებამ გაამწვავა. 

მოკლული თორნიკე გოგიას ძმა, ალექსი გოგია დაჭრილია და ის საავადმყოფოში იმყოფება. მას ოპერაცია გაუკეთეს და მისი ჯამრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე  სტაბილურია. დაჭრილებს შორის კი ძმების მეზობელი გიორგი მეფიშვილია, ასევე დაჭრილია კიდევ ერთი სენაკელი ახალგაზრდა, რუსლან კინწურაშვილი, რომელიც ძმების მეგობარია. ისიც ამ დრომდე სენაკის საავადმყოფოში იმყოფება. 

„ძალიან კარგი და პატიოსანი ოჯახია. არავ ვიცით რა მოხდა. ათასი ჭორი და მართალი ამბავი ერევა ერთმანეთს. ზოგი ამბობს, გოგოს გამო მიუვარდნენ ძმებს და ამის გამო დაიწყო კონფლიქტიო. ახლა ვინცაა დაკავებული იმის ნათესავ გოგოზეა საუბარი. რა მოხდა, ვინ რა შუაში იყო არ ვიცით. თორნიკე, რომელიც დაიღუპა, უკარგესი მშრომელი ბიჭი იყო. ყველას გვიკვირს ასე რატომ გაუსწორდნენ. მისი ძმა უფროსი იყო ხოლმე ასეთ ჩხუბებში გარეული უფრო. 

ამბობენ კრიმინალური ავტორიტეტებიც იყვნენ საქმეში ჩართულები. მათ უთქვამთ სჯობს სიტუაცია განიმუხტოსო და არ მიხვდეთ ძმებთანო, მაგრამ მაინც მიუცვივდნენ. 20-მდე კაცი ყოფილა ძმების სახლთან მივარდნილი. დანები, ე.წ. შპიცები  და  ხელჯოხები, რა აღარ ფიგურირებს საქმეში. რატომ არავინ გამოიძახა პოლიცია, რას უყურებდნენ, არ ვიცი. ორივე ძმა მძიმედ იყო დაჭრილი. თორნიკე დაიღუპა, რადგან სისხლად დაიცალა და ვერ უშველეს. მეორეს ოპერაცია გაუკეთეს. ის გადარჩა და ქუთაისის საავადმყოფოში წევსო“,-ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“

კიდევ ერთი მეზობელი გვიყვება, რომ ბიჭების დედა თურქეთში იმყოფება სამუშაოდ. მას უთხრეს, რომ ორივე შვილი დაჭრილია და საავადმყოფოში იმყოფებიან. გარდაცვალების შესახებ არაფერი იცის.   

„6 დედმამიშვილები არიან. 5 ძმა და ერთი და ჰყავთ. დანარჩენი ძმები სკოლაში დადიან. ესენი დაჭრილი და  მოკლული 25 და 27 წლისები არიან. უკარგესი ოჯახია, კრიმინალებთან ურთიერთობა არ ჰქონიათ. რა მოხდა კაცმა არ იცის. ადრე მაგ ბიჭთან რაღაცა კონფლიქტი  ყოფილა, ახლა კი კიდევ რაღაცა დამატებია, რაზეც ამხელა უბედურება მოხდა. დედა მოდის და ატყუებენ ორივე დაჭრილიაო. საშინელი ამბავია. ასე როგორ გაიმეტეს ახალგაზრდებმა ერთმანეთი მიჭირს საუბარი. თან ყველა მათგანი სენაკელია და ერთმანეთს იცნობენ. პატარა ქალაქია  და აქ ყველა ყველას ვცნობთ, როგორ ვერ მოხერხდა ისე, რომ უფროსები ვერ ჩაერივნენ და ვერ გაანეიტრალეს სიტუაცია“,-ყვება კიდევ ერთი სენაკელი „რეზონანსთან“ 

შსს-ს ინფორმაციით კი სენაკში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარედგინა - საქმის მასალების მიხედვით, 2003 წელს დაბადებულ პირს (ლ.ს) ბრალდება წარუდგინა და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსისი 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა დაზარალებულს გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ასევე ფიზიკური დაპირისპირების დროს ცივი იარაღით დაზიანებები 5 პირმა მიიღო", - წერს პროკურატურა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×