მარიამ ვეკუა
13.08.2026

მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ძებნის მე-4 დღეს, ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკას შეიყვანენ -12 წლის წინანდელი საქმის განახლებული საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ მეწყრის ვერსია გამორიცხულია, ხოლო საქმეში არსებული ახალი ვიდეოჩანაწერი მოწმეთა ჩვენებებს თავდაყირა აყენებს.

დაკარგული გურამ დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ ხუთშაბათს ტერიტორიაზე, საიდანაც მისი შვილის კვალი იკარგება, მძიმე ტექნიკა შედის.

„დავრწმუნდი, რომ ადგილი, რომელიც მე თვითონ მეეჭვებოდა, ის ადგილი სუფთაა. ასე რომ, ახლა გამოძიება მიმდინარეობს სხვა მიმართულებით, ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, სამაშველო რაზმს, ექსპერტიზას. მე მოვდიოდი დილით, ესენიც აქ იყვნენ და იწყებდნენ იმ ადგილის დათვალიერებას, რასაც ვთხოვდი.

„გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება და მიწა, რაც დარჩა, იქ სკანერი ვერ გაივლის. თვითონ უფროსმა მითხრა, გულში ისე რომ არ დაგრჩეს რამე, დღეს 10:00 საათზე ტრაქტორებს შემოვიყვანთო. მეწყრის ვერსია გამოირიცხა, მეწყერს მე ვიძახი, თორემ როგორც მითხრეს, ქვა-ღორღია. ეს მასა ჩამოწვა და გაჩერდა ადგილზე.

„ადგილზე დალუქული ჭაა, ადრე არ იყო დალუქული და დღეს მაგასაც ვეტყვი, რომ შეამოწმონ. ჯერ ორმოა და მერე ჭა. ორმოდან, რომ ჩაიხედავ ეს ჭა დაცემენტებულია. ვინ დააცემენტა და რატომ?" - განაცხადა სოფო ბიბილაშვილმა.

დადიანიძის ოჯახის ადვოკატი აღნიშნავს, რომ რაც უფრო წინ მიდის საქმის მოკვლევის ეტაპი, მეწყერის ჩამოწოლის ვერსიაც უფრო გამოირიცხება:

„წლების განმავლობაში გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, აღნიშნულ საქმეში მით უფრო მეტად გამოირიცხება მეწყრის ვერსია. ჩემი შეფასებით, ვიღაცას აწყობდა, ვიღაცის ინტერესში შედიოდა, რომ მიჩქმალულიყო გამოძიება, გაჩერებულიყო საგამოძიებო მოქმედებები, არ დადგენილიყო ჭეშმარიტება", - აღნიშნა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

მან ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ „აღნიშნული ვიდეოს შინაარსი თავდაყირა აყენებს ძალიან ბევრ საკითხს და შინაარსობრივად ეწინააღმდეგება მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს".

„რაც შეეხება გასაჯაროებულ ვიდეოს, გამოკითხულია ის პიროვნება, ვინც გადაიღო და ატვირთა „იუთუბში". აღნიშნული ვიდეოს შინაარსი თავდაყირა აყენებს ძალიან ბევრ საკითხს და შინაარსობრივად ეწინააღმდეგება მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს. ეს საჭიროებს დამატებით შესწავლას. ძალიან ბევრი ახალი გარემოება გამოჩნდა აღნიშნული ჩანაწერით",- აღნიშნა კაკაბაძემ.

საუბარია იმ ვიდეოზე, რომელიც ტარიელ კაკაბაძემ იუთუბიდან მოიპოვა. ვიდეოს ბოლო წამებზე ისმის ბიჭის განწირული ხმა და სავარაუდოდ, ფრაზა: „კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები", რასაც დაკარგული მოზარდის დედა, სოფო ბიბილაშვილი ადასტურებს და საკუთარი შვილის ხმად მიიჩნევს.

 

  • „წლების განმავლობაში გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, აღნიშნულ საქმეში მით უფრო მეტად გამოირიცხება მეწყრის ვერსია. ჩემი შეფასებით, ვიღაცის ინტერესში შედიოდა, რომ მიჩქმალულიყო გამოძიება"

საინტერესო დეტალია ისიც, რომ ადვოკატის ინფორმაციით, მასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა დადიანიძის მამიდამ.

„გურამ დადიანიძის დედა, მას (მამიდას) რამდენიმე დღე სთხოვდა შემხვედროდა მე, თუმცა, საბოლოოდ, მან უარი განაცხადა ჩემთან შეხვედრაზე, დღეს კი, როცა გავიდა საკმაოდ დიდი დრო, ეს ქალბატონი აცხადებს, რომ მას სურდა ჩემთან შეხვედრა. სინამდვილეში ამ ქალბატონმა დღეს გადაწყვტა გამოსვლა და ამ თემაზე საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ ის ნათლად ხედავს თუ როგორ ნეგატიურად აღიქვა საზოგადოებამ ეს - არ შემხვედროდა და არ ეთანამშრომლა ჩემთან. ასევე მან ნათლად დაინახა, რომ გამოძიება განახლდა და უკვე ძალიან ბევრი რამ კეთდება სიმართლის დასადეგნად, მე აღნიშნულ ქალბატონს შევახსენებ, რომ მე ვიცავ მისი ძმისშვილის ინტერესებს, იმ ადამიანის ინტერესებს , რომელიც 17 წლის ასაკში უგზო უკვლოდ გაუჩიანრდა, მე ვიცავ მისი ოჯახის ინტერესს და არ ვიცავ მისი მტრის ინტერესს".

წლების შემდეგ კი საჯარო კომენტარი გააკეთა გაუჩიანრებული გურამ დადიანიძის ახლო მეგობარმა, რომელიც 12 წლის წინ დადიანიძესთან ერთად მლეთაში იმყოფებოდა, მისი აზრით, გურამ დადიანიძე მონასტერში წავიდა.

„ზოგადად, გურიკას დახასიათება რომ დავიწყოთ ახლა, იყო ზედმეტად მხიარული, ზედმეტად ტრიპაჩი და აი, პირდაპირ რომ გითხრათ, უინტერესო ნებისმიერი საქმის მიმართ. ამას ხაზგასმიტ ვიტყვი, არ ყოფილა რომელიმე კონკრეტული საქმე, რომლითაც ის დაინტერესდებოდა, რას შეიძლება განეპირობებინა, რომ ის შეიძლება მონასტერში ყოფილიყო. ეს არის, ალბათ, მთავარი კითხვა, რომელზეც მე პასუხი მე არ მექნება, ეს ვერსია ოჯახის მხრიდან გაჟღერდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გურიკა დაიკარგა, მანამდე ეს ჩვენთვის საერთოდ არ იყო ცნობილი. მინდა მივმართო საპატრიარქოს, ძალიან გთხოვთ დედას აცნობოთ თუ რომელიმე ეპარქიაში ერთელ მაინც ნახეთ გური," - განაცხადა ტვ „პირველთან" დადიანიძის მეგობარმა.

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან კვალს ვერ მიაგნეს.

ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვდა. დარწმუნებულია, რომ ექსკურსიაზე მყოფი ახალგაზრდები იტყუებიან და თავიდანვე საგამოძიებო უწყება შეცდომაში შეიყვანეს. მისი თქმით, მეგობრების მიერ გავრცელებული პირვანდელი ვერსია (თითქოს გურამი დაიღალა, ქვაზე ჩამოჯდა და სხვებს უთხრა, წინ წასულიყვნენ) სიმართლეს არ შეესაბამება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×