დასახელდა საგანგაშო ნიშნული, რასაც ახლო მომავალში ერვნულმა ვალუტამ შეიძლება მიაღწიოს
გვანცა წულაია
11.06.2024

„უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონის მიღების მცდელობის პროცესში ლარის კურსი 20 პუნქტით გაიფასურდა. გაუფასურების შესაჩერებლად და კურსის დასაჭერად ეროვნულმა ბანკმა გუშინ მორიგი ინტერვენცია განახორციელა. ეკონომისტები პირდაპირ ამბობენ, რომ კურსის დაცემა მთლიანად „გამჭვირვალობის კანონს" და არასახარბიელო მოლოდინს უკავშირდება. 

სანამ საქართველოს პარლამენტი „უცოხური გავლენის გამჭირვალობის სესახებ“ კანონპროექტს მიიღებდა, ლარის კურსი 2.66-2.67-ის ფარგლებში იყო. მას შემდეგ, დღემდე ლარი 19-20 პუნქტით გაუფასურდა და „ბლუმბერგის“ სავაჭრო პლატფორმაზე დოლარი ფასმა, გუშინ 2.87-საც გადააჭარბა. 

გაუფასურების შესაჩერებლად და კურსის დასაჭერად ეროვნულმა ბანკმა გუშინ მორიგი ინტერვენცია განახორციელა, რა დროსაც ბაზარზე 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. სებ-მა სავალუტო აუქციონი 16 მაისსაც გამართა და მაშინაც 60 მილიონი დოლარი მიაწოდა ბაზარს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიტანა 28 მაისსაც, თუმცა მაშინ ბაზარზე მხოლოდ 48.7 მილიონი გაიყიდა. 

16 მაისიდან მოყოლებული, ეს უკვე ეროვნული ბანკის მე-3 სავალუტო ინტერვენციაა. 3-კვირიან პერიოდში სებ-მა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის ჯამში 168.7 მლნ დოლარი გაყიდა. 

გუშინდელი აუქციონის შემდეგ, ეროვნული ბანკში თქვეს, რომ სავალუტო ინტერვენცია ბაზარზე ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების ეფექტის შემცირებას უკავშირდებოდა, რადგანაც ბაზარზე მსხვილი მოცულობის გარიგებები განხორციელდა.

„ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები, კერძოდ საფინანსო სექტორის მიერ, წინა წლებში გამოშვებული ლარით დენომინირებული ვალდებულებების დაფარვა, დივიდენდების გადახდა, სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას დროებით ზრდის. იმისათვის, რომ აღნიშნულმა ტრანზაქციებმა გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობა არ განაპირობოს ეროვნული ბანკი ბაზარს სავალუტო აუქციონების გზით უცხოურ ვალუტას საჭიროების მიხედვით აწვდის“, -  წერია სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ეროვნული ბანკის ინტერვენციას ეკონომისტთა ერთი ნაწილი დაგვიანებულს უწოდებს. ასეთი პოზიცია აქვს საერთაშორისო კვლევების და პროგნოზების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტს, ფინანსისტს ნიკა შენგელიას, რომელიც მიიჩევს, რომ გუშინდელმა ინტერვენციამ შედეგი ვერ გამოიღო.

„ცხადია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ ჩვენ გვაქვს ე.წ. პოლიტიკური კურსი. ლარის ბედ-იღბალი შემდგომში დამოკიდებულია იმ სანქციების ზომასა და ხარისხზე, რომელზეც საუბარია. 

ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი ნორმაშია, გარდა საინვესტიციო ნაწილისა. როგორც ვიცით, 65%-მდეა შემცირებული პირველი კავრტალში ინვესტიციები წინა საბაზისო პერიოდთან შედარებით. 

თუ ასე გაგრძელდება, სამწუხაროდ, ლარი დარჩება გაუფასურებული. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ პირველ ეტაპზე კურსი მივა 2.95-იან ნიშნულამდე. მიუხედავად 60-მილიონიანი ინტერვენციისა, ვერ მოხერხდა კურსის დარეგულირება და სებ-მა ვერ შეინარჩუნა 2.85-ზე დაბალი ნიშნული. ამ შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა კვლავ დააგვიანა ინტერვენციები. საკმარისი იყო ამის ნახევარი ინტერვენცია განეხორციელებინა გუშინწინ, მაგრამ დააგვიანეს. ამიტომ გუშინდელმა ნაბიჯმა, ფაქტობრივად შედეგი ვერ გამოიღო. 

თუ კვირის ბოლომდე, სებ-ი კიდევ ვერ დაარეგულირებს კურსს, მაშინ ორშაბათიდან საწვავზე უნდა ველოდოთ მაღალ ფასს, რაც ნიშნავს იმას, რომ სადღაც 25 ივნისიდან პირველადი მოხმარების პროდუქცია და მომსახურება გაძვირდება, რაც უკვე მომდევნო თვეებში ინფლაციას დააჩქარებს“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნიკა შენგელიამ. 

განსხვავებული მოსაზრება აქვს ეკონომისტმა მეორე ნაწილს. სებ-ის გუშინელ ინტერვენცია დადებითად შეაფასა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და განაცხადა, რომ მიმდინარე გაუფასურებას ეკონომიკური საფუძველი არ აქვს. 

„როდესაც ქვეყანაში ეროვნული ვალუტა განიცდის გაუფასურებას დღის წესრიგში დგება გაირკვეს რა არის ამისი მიზეზი, რათა მას მიეხედოს. ფაქტია, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს თუ შევხედავთ, არაფერი იძლევა იმის საფუძველს, რომ გაუფასურება მიმდინარეობდეს, ანუ ეკონომიკური მიზეზი არ აქვს. ამის უკან არის მოლოდინი, რომ ქვეყნის გარშემო შექმნილი პოლიტიკური ურთიერთობიდან გამომდინარე შეიძლება იყოს გარკვეული სირთულეები. 

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ დღის წესრიგიდან საფრთხის მოლოდინი განეიტრალდეს და მეტ-ნაკლებად შენარჩუნდესს მაკროეკონომიკური სტაბილურობა,  ანუ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი“, - აღნიშნავა ლადო პაპავა და დასძინა, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საფრთხის წინაშე არ დგას, რადგანაც სტაბილურობა არის გარანტირებული.

„ვიდრე პოლიტიკური დაძაბულობა დღის წესრიგიდან არ მოიხსნება, ეს საფრთხე არსებობს, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოს ეკონომიკაში რაიმე უარყოფითი ტენდენციები არ არსებობს. ყველაფერი გამოწვეულია პოლიტიკური სიტუაციიდან, განსაკუთრებით საერთაშორისო ფაქტორიდან. ამ შემთხვევაში სებ-ის ქმედება არის გამართლებული, რომ სტაბილურობა შეინარჩუნოს და მოსახლეობაც არ დააზარალოს“, - აღნიშნა პაპავამ.

ეკონომისტებმა ისიც განაცხადეს, რომ ყველაზე ძლიერ ფაქტორი, რამაც  ლარის გაუფასურებაზე იმოქმედა, იყო პოლიტიკური გარემო, რომელშიც აღმოჩნდა დღეს საქართველო. სწორედ ასეთი პოზიცია აქვს ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილ წევრს და საბანკო სფეროს სპეციალისტს მიხეილ თოქმაზიშვილს.

„რა კურსს აიღებს ქვეყანა და საით გადაწყდება მისი კავშირების ბედი, როგორ განვითარდება მოვლენები, ამასთან დაკავშირებით გაურკვევლობამ შექმნა პანიკაც, შიშიც და ამან იმოქმედა ინვესტორებზე. მათ გაუჩნდათ მოლოდინი, რომ ლარის კურსი შესაძლოა, გაუფასურებულიყო, შემდეგ უკვე ეს მოლოდინი გადაიზარდა რეალობაში და ლარმა დაიწყო გაუფასურება“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა. 

მისივე აზრით, სებ-ი რომ არ ჩარეულიყო ბაზარზე, შედეგი ბევრად უფრო მძიმე იქნებოდა, ხოლო გაცილებით მკაცრი ზომები რომ მიეღო, ასეთ შემთხვევაში გაუფასურება შენელდებოდა, თუმცა ზემოთჩამოთვლილი ფაქტორი გავლენას მაინც მოახდენდა და გაუფასურება ნახტომისებრი იქნებოდა.

„ეროვნული ბანკის ჩარევით, გარკვეულწილად, შერბილდა ეს პროცესი. სჯობს, ცოტა-ცოტა გაუფასურდეს და გარკვეული ადაპტაციის საშუალება მიეცეს ეკონომიკურ სუბიექტებს და აქედან გამომდინარე, უმტკივნეულოდ გადაიარონ პროცესი. მეორე მხრივ, თუკი პროცესი არ განეიტრალდა და არ აჩვენა საქართველოს მთავრობამ რას გააკეთებს, მომავალში შესაძლებელია სამომხმარებლო ფასებიც გაიზარდოს“, - განაცხადა თოქმაზიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.

რაც შეეხება ინვესტიციებს, რომლის შემცირება ლარის გაცვლით კურსზე ასევე მნიშვნელოვნად მოქმედებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის პირველ კვარტალში 201.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის პირველი კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია. შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური კაპიტალის სამივე კომპონენტის – სააქციო კაპიტალის, რეინვესტიციისა და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით. 

„ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს“ პრეზიდენტის პაატა შეშელიძის თქმით, ინვესტიციების მკვეთრი ვარდნის მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან მძლავრი კონტროლი და ეკონომიკაზე პოლიტიკის დიდი გავლენაა, რაც ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს ასუსტებს. 

„პირველი კვარტალი იყო მანამდე, ვიდრე ეს პროცესები დაიწყებოდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ამიტომ ასეთ მაჩვენებელს ამას ვერ დავაბრალებთ. უნდა ვეძებოთ უფრო ფუნდამენტური მიზეზი იმის, თუ რატომ არის ასეთი ცვლილება, რომ საქართველო საინვესტიციო მიმზიდველობას. 

თუ დავაკვირდებით გასული წლის მონაცემებს, უცხოური ინვესტიციების კლება დაიწყო სწორედ წინა წლიდან და ასეთი ტენდენცია გრძელდება. 

პირადად ჩემთვის, ამის მიზეზი არის ის, რომ მსხვილი ინვესტიციების მართვა პოლიტიკური გავლენის შენარჩუნების პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამიტომ, მოქმედი ხელისუფლება უკვე წლებია, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მეწარმეობის კონტროლს. 

თუ შევხედავთ მონაცემებს, ვნახავთ, რომ უცხოური ინვესტიციები ძირითადად ხორციელდება ისეთ სექტორებში, სადაც სახელმწიფო მონაწილეობს, მაგალითად ენერგეტიკა და სხვა. ესენი სინამდვილეში ტენდერებია. ასევე მსხვილი ინვესტიციები ხორციელდება ხელისუფლების შტოებს დაქვემდებარებულ სფეროებში, იგივე ტრანსპორტში, რომლის მნიშვნელოვანი წილი მუნიციპალიტეტების მართვაშია. უცხოური ინვესტიციების დიდი ნაწილი მოდის ისეთ სექტორებში, სადაც ჯერ კიდევ სახელმწიფოა მთავარი მონაწილე. 

შედარებით თავისუფლად სექტორებში კი, როგორიც ვაჭრობა და ტურიზმია, იქ ინვესტიციები მცირდება და რაც დრო გადის უფრო ნაკლები და ნაკლებია. სწორედ სახელმწიფო კონტროლის ფაქტორია მთავარი მიზეზი, რის გამოც უცხოური ინვესტიციები მკვეთრად მცირდება“, - განუცხადა პაატა შეშელიძემ „კომერსანტს“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×