თამთა ჩაჩანიძე
01.07.2024

ზაფხული პოლიტიკურად არააქტიური სეზონია, რომლის გასვლის შემდეგ, მალევე არჩევნებია, 4-თვიანი შუალედია დარჩენილი წინასაარჩევნო კამპანიისთვის და იქიდან გამომდინარე, რომ 26 ოქტომბერი ერთ-ერთი გადამწყვეტი დღეა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, ანალიტიკოსები თვლიან, რომ ეს შუალედი უქმად არ უნდა დაიკარგოს.

ამ დრომდე ოპოზიციამ ერთობის ორ დეკლარაციას მოაწერა ხელი - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ქართულ ქარტიას" და ერთი კვირის წინ ოპოზიციის ერთობის დეკლარაციას, ამ უკანასკნელს ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" და „ევროპული საქართველო" არ უერთდებიან.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ხელმომწერი პარტიები, მათ შორის ენმ, "სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა", „ახალი", „ლელო" და „რესპუბლიკური პარტია" 8 ივლისამდე შეთანხმდებიან კონფიგურაციასა და გეგმებზე, ეს კი ერთიან სიას არ ნიშნავს.

„ქართულმა ოცნებამ" რეგიონებში გასვლები დაასრულა. ორი დღის წინ კი პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ოცნების" საარჩევნო კამპანია „თავიდან ბოლომდე აგებული იქნება სამომავლო გეგმებზე". მისი თქმით, „მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ინფრასტრუქტურის განვითარებას, გაგრძელდება მუშაობა ყველა მიმართულებით, ავტობანის ქსელის შემდგომ განვითარებაზე, პორტების, აეროპორტების და ა.შ. ყველა მიმართულებით წარმოდგენილი იქნება ამბიციური გეგმები".

როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, პოლიტიკური ტაიმ-აუტი საერთოდ ძალების მოსაკრებად გამოიყენება ხოლმე, თუმცა, როგორც ანალიტიკოსი დასძენს, ამ ეტაპზე ასე ჩანს, რომ ოპოზიციას თითქმის ყველა რესურსი ამოწურული აქვს. ძველი სტრატეგია კი ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც დიდ შედეგს არ დადებს.

„საერთოდ ტაიმ-აუტი ძალების მოსაკრებად გამოიყენება ხოლმე, თუ ჩვენს პოლიტიკოსებზე გადმოვიტანთ, იმათაც ძალები უნდა მოიკრიბონ, მაგრამ ამ ეტაპზე თითქოს ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მათ ფაქტიურად ყველა რესურსი უკვე ამოწურული აქვთ. მგონია, რომ მათ შორის გადაჯგუფების რესურსიც. მართალია კრილოვი რუსი იყო, მაგრამ მას ეკუთვნის ფრთიანი ფრაზა ცნობილ იგავ-არაკში, რომ „როგორც არ უნდა დასხდეთ, მუსიკოსებად არ ვარგიხართო" - გადაჯგუფება არ ქმნის იმ შედეგს, რასაც დავუშვათ, ფეხბურთში ქმნის.

„პოლიტიკურ პარტიებში სიტუაცია ცოტა სხვანაირია. მითუმეტეს, რომ თითოეული შეჯგუფება დაოჯახებისმაგვარია და არჩევნების მერე, ისინი ალბათ ერთმანეთს „გაეყრებიან" კიდეც, მერე „ქონება" თანაბრად უნდა გადანაწილდეს და „ნაციონალურ მოძრაობას" ნებისმიერ ოპოზიციონერთან უფრო მეტი „ქონებით დაოჯახდება", ვიდრე ის შემოიტანს და მაგაზე დაიწყება ჩხუბი, რომ მე ბევრი „შემოვიტანე" და შენ ცოტა ადგილებს მაძლევო და ა.შ. მანდ რთული პრობლემები იქნება სწორედ იმიტომ, რომ ისინი არათანაბარი ფიგურები არიან.

„ოპოზიციას ამოწურული აქვს ინტელექტუალური რესურსიც, ასევე არ აქვს კონცეფცია თუ ქვეყანა საით უნდა წავიდეს. ამ დღეებში ტრამპის და ბაიდენის დებატები გაიმართა, ცენტრალური თემა იყო - რა კონცეფციით უდგება ბაიდენი უკრაინა-რუსეთის ომს, აღმოჩნდა, რომ ამხელა მოვლენაზე კონცეფცია არ აქვს და პროცესს მიჰყვება. ყოველ შემთხვევაში, იმ კამათში არ გამოვლინდა სერიოზული პოლიტიკური სტრატეგია. ანალოგიურად გაუგებარია რა სტრატეგია აქვს ოპოზიციას შექმნილ სიტუაციაში და მეეჭვება, რომ დარჩენილ დროში ეს მოასწრონ",- განაცხადა საყვარელიძემ.

„თუმცაღა ოპოზიციამ 12 წლის განმავლობაში არ დადო რაიმე კონცეპტუალური და ახლა რას მოასწრებენ? „ნაციონალურ მოძრაობას" ისევ იმაზე ექნება პედალირება, რომ „ქართულ ოცნებას" ქვეყანა რუსეთისკან მიჰყავს. „ოცნება" კი ანალოგიურად პედალირებას გააკეთებს იმაზე, რომ ქვეყანა თუ ვინმეს რუსეთისკენ მიჰყავს, ეს „ნაცმოძრაობაა".

„ერთმანეთში ამ ტიპის ბრალდებები ექნებათ. ენმ-ს მხრიდან ბრალდებას არგუმენტაცია ერთადერთი ის კანონი ექნება, „ქართულ ოცნებას" კი 9 წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენები, რაც საკმაო მასალას მისცემს საიმისოდ, რომ ამ თემაზე ისაუბროს. მაგრამ მეეჭვება, რომ ეს სვლები დიდად შედეგიანი აღმოჩნდეს პოლიტიკური ჯგუფებისთვის",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დრო უქმად არ უნდა დაიკარგოს, რადგან 2024 წლის არჩევნები გადამწყვეტია სახელმწიფოებრივობის მხრივ. ამბობს, რომ ოპოზიცია დიდი ალბათობით 8 ივლისის მერე გააქტიურდება, რაც შეეხება ხელისუფლებას ისიც გავა რეგიონებში, თუმცა მოქმედებას „შავი პიარკამპანიის აგორებით დაიწყებენ".

„ჩემი აზრით, პოლიტიკური ძალები შეეცდებიან მოსახლეობას შეხვდნენ. მაგალითად ოპოზიცია რეგიონებში ჩავა მას მერე, რაც 8 ივლისს ერთიანობასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდებიან. მერე უკვე მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს. რაც შეეხება ხელისუფლებას, საპარლამენტო საგაზაფხულო სესია დაიხურა და შავი პიარკამპანიის აგორებით ეცდებიან მოქმედებას და ასევა შეხვედრები ექნებათ სხვადასხვა რეგოონებში.

„ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს ბედი წყდება საით მივდივართ, საერთოდ სახელმწიფო გვერქმევა თუ არა. თუ ხელისუფლებაში კვლავ „ქართული ოცნება" იქნება, ქვეყანას უკვე ნომინალური დამოუკიდებლობა ექნება და აღარ იქნება საუბარი ევროპულ ინტეგრაციაზე, ჩვენ ვასალურ დამოკიდებულებაში აღმოვჩნდებით იზოლაციაში ერთის მხრივ რუსეთის და მეორეს მხრივ ჩინეთის თვალსაზრისით და ამიტომ ზაფხულის სეზონი ისე არ უნდა დაიკარგოს",-განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×