რეზონანსი
19.06.2024

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 19 ივნისის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც კომიტეტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში, შიდა და გარე გამოწვევების ფონზე გაურკვევლობამ მოიმატა, რაც ინფლაციურ რისკებს ზრდის.

"საქართველოში ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. 2024 წლის მაისში ფასების საერთო დონე წლიურად 2.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 1.7 პროცენტი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის ზომიერი ზრდა მეტწილად იმპორტირებული ინფლაციის ზრდამ განაპირობა, ხოლო ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასების ცვლილება კვლავ მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელთან ახლოსაა. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ინფლაცია 3 პროცენტიანი მაჩვენებლის გარშემო იქნება.

ბოლო პერიოდში, შიდა და გარე გამოწვევების ფონზე გაურკვევლობამ მოიმატა, რაც ინფლაციურ რისკებს ზრდის. ამ ფონზე, გაცვლითი კურსის მაღალი მერყეობა იმპორტირებული ინფლაციიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს საყურადღებოს ხდის. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ნავთობზე საერთაშორისო ფასები შემცირდა, თუმცა სურსათის ფასების საერთაშორისო ინდექსი ბოლო ორი თვეა იზრდება. ასევე საყურადღებოა, რომ ბოლო თვეებში ინფლაციური მოლოდინები მომატებულია. შიდა ეკონომიკური აქტივობაც მოსალოდნელზე ძლიერია, რასაც გაზრდილი საკრედიტო აქტივობა ასტიმულირებს.

ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით და ამ ეტაპზე არსებული შიდა და გარე გამოწვევების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.0 პროცენტზე შეინარჩუნა. თუკი დამატებითი რისკები არ რეალიზდება, ეროვნული ბანკი, ფრთხილი ბიჯებით, პოლიტიკის განაკვეთის მის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას დაუბრუნდება. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება ან მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრება გახდეს საჭირო.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს",- აღნიშნავენ სებ-ში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 31 ივლისს ჩატარდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×