გვანცა წულაია
20.06.2024

ლარი როგორც მკვეთრადაც გაუფასურდა, ისე მკვეთრად მყარდება. ერთ დღეში კურსი 6 თეთრით გამყარდა და ახლა უკვე 1 აშშ დოლარი 2.7950 ლარი ღირს. საინტერესოა, რას უკავშირდება სავალუტო ბაზარზე მკვეთრი ცვალებადობა და საბოლოოდ შეძლებს თუ არა ლარი დასტაბილურებას?

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ გაცვლითი კურსი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების საფუძველზე ყალიბდება. როგორც სებ-ის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსმა თამთა სოფრომაძემ აღნიშნა, ბაზარზე გაცვლითი კურსის მოკლევადიანი მერყეობა ბუნებრივი მოვლენაა.

"მცურავი რეჟიმის პირობებში, გაცვლითი კურსი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების საფუძველზე ყალიბდება. ეს ფაქტორები კი კვლავ ძლიერია. წინასწარი მონაცემებით, მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა. ფულადი გზავნილები მაღალ დონეზეა. სუსტ ექსპორტს იმპორტის კლება აბალანსებს. 

ბაზარზე გაცვლითი კურსის მოკლევადიანი მერყეობა ბუნებრივი მოვლენაა. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ბაზარზე გაცვლითი კურსის მოკლევადიან მერყეობას აჟიოტაჟი და ბაზრის მონაწილეობის მოლოდინი განაპირობებს. ასეთი ტიპის აჟიოტაჟი დროებითია და გაცვლით კურსზე მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა აქვს", - განაცხადა თამთა სოფრომაძემ.

ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებენ ფინანსისტებიც. საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა ვარაუდობს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გარკვეული ზემოქმედება მოახდინა სავალუტო კურსზე, მას შემდეგ, რაც ნათია თურნავას განცხადება გავრცელდა.

"კომერციულ ბანკებსა და სხვა კომერციულ სტრუქტურებს შორის ვაჭრობის პროცესი საზოგადოებისთვის არის აბსოლუტურად დახურული და ეს ყველაფერი იცის მხოლოდ და მხოლოდ თავად მოვაჭრეებმა და ეროვნულმა ბანკმა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სებ-მა გარკვეული ზემოქმედება მოახდინა სავალუტო კურსზე და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ნათია თურნავას განცხადება გასაჯაროვდა. 

როგორც ვხედავთ, კურსი სავსებით რეგულირებადია, თუ ამას მოინდომებს ეროვნული ბანკი და თუ შეასრულებენ კომერციული ბანკები. სულ ესაა და ეკონომიკური საფუძველი იმისა, რომ ლარი გამყარდეს, არ არსებობს. ისევე, როგორც არ არსებობდა კურსის გაუფასურების ეკონომიკური მიზეზიც”, - განუცხადა "რეზონანსს” ლია ელიავამ. 

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნულ ბანკში პირდაპირ ითქვა, რომ ლარის გაუფასურება ხელოვნური პროცესია. მოკლე მონაკვეთში შექმნილ პანიკას ნათია თურნავამ შეგნებული დესტაბილიზაცია უწოდა. ეკონომისტების ნაწილმა კი ხელი კომერციული ბანკებისკენ გაიშვირა. 

როგორც ლია ელიავამ განაცხადა, კურსის გაუფასურება და გამყარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ოდენობის უცხოური ვალუტა გადის და რჩება ქვეყანაში. 

"ზაფხულის სეზონი დაიწყო, მაგრამ ვნახეთ, რომ ლარი გაუფასურდა. რა თქმა უნდა, ტურისტული სეზონი დაკავშირებულია უცხოური ვალუტის შემოდინებასთან და რასაკვირველია, ეს პროცესი ამცირებს კომერციული ბანკების ჭარბ მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე, რადგან ისედაც შესდით ფული. 

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ლარის მკვეთრი რყევა ძალიან მცირედით არის დამოკიდებული ეკონომიკურ ფაქტორებზე. ამას მოწმობს ლარის ე.წ. დერეგულირების პრინციპი, რომელიც აღებული იყო ეროვნული ბანკის ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებების მიერ. დერეგულირების, ასე ვთქვათ თავისუფალი მცურავი კურსი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მას ეკონომიკასთან ძალიან სუსტი კავშირი აქვს. 

ფაქტობრივარად, ლარის კურსის ვარდნა დამოკიდებულია იმაზე თუ რა ოდენობის უცხოური ვალუტა გადის ქვეყნიდან, ბუნებრივია, კომერციული ბანკების მეშვეობით. ლარის გამყარებაც სწორედ იმასთანაა კავშირში, თუ რამდენად არ გაედინება უცხოური ვალუტა ქვეყნის ეკონომიკიდან; ანუ კომერციული ბანკები რამდენად არ გადარიცხავენ დიდი ოდენობით თანხას უცხოეთში. ეს ოდენობა კი ძალიან ადვილი დასადგენია ეროვნული ბანკის მიერ გაღებული ინტერვენციების მოცულობით.

სებ-ს რამდენი ვალუტაც გააქვს გასაყიდად, იმდენი ფული აკლია კომერცილ ბანკებს და იმდენივე არის გატანილი ქვეყნიდან. ეს არის ძალიან მარტივი პროცესი.

საერთოდ, ეს არის მახინჯი სისტემაა. ლარის კურსი დამოკოდებული უნდა იყოს ეკონომიკურ პროცესებზე და იმ შემთხვევაში, თუ სებ-ი რაიმე რეფორმას განახორციელებს, მაშინ მას უფრო მეტი ინტერესი გაუჩნდება იზრუნოს ქვეყნის ეკონომიკაზე, სტაბილუტობაზე და არა მხოლოდ კომერციული ბანკების კეთილდღეობაზე”, - განუცხადა "რეზონანსს” ელიავამ. 

ეკონომისტთა დიდი ნაწილი იმაზე თანხმდება, რომ ლარის გაუფასურების არავითარი მიზეზი არ არსებობდა, ამიტომ დევალვაცია მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციის შედეგია. საერთაშორისო კვლევების და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტი ნიკა შენგელია ფიქრობს, რომ ლარის კურსი 2.75-2.80-იან ნიშნულს იტრიალებს. 

`იგივე ხდება ახლა, რაც გაუფასურების დროს აღვნიშნეთ. ბანკების აჟიოტაჟი იყო ის, რომ ლარი ასე გაუფასურდა. შემდეგ მოსახლეობას დოლარი ძვირად მიყიდეს და ახლა მიმდინარეობს შებრუნებული პროცესი. ასე ხდება წლების განმავლობაში და ამაზე პასუხის მომთხოვნი არავინ არ არის! გაიხსენეთ, ნებისმიერი შემთხვევა, კურსის მკვეთრი გაუფასურება ყოველთვის სრულდება მკვეთრი გამყარებით. იგივე ხდება ახლაც. 

რაც შეეხება პროგნოზს, ეროვნული ვალუტა პირველ ეტაპზე გაჩერდება 2.76-2.77-ზე და შეინარჩუნებს 2.75-2.80-იან შუალედს”, - განუცხადა ნიკა შენგელიამ "რეზონანსს”.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×