ელზა პაპოშვილი
28.06.2024

მოხდება თუ არა ოპოზიციური ერთობის ფორმირება - „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის გაერთიანების სანაცვლოდ გარკვეულ პირობებზე საუბრობს. პარტია მზადაა, ერთიანი სიისა და ერთობის შემთხვევაში, პარტიული ნომერი და სიაში საკუთარი წილიც დათმოს.

ოპოზიციის ნაწილი კი სწორედ ყოფილი მმართველი პარტიის ფაქტორის გამო, საერთო ოპოზიციური გაერთიანების შექმნისგან თავს იკავებს და დამოუკიდებელ გეგმებს აწყოს. თუმცა, ბლოკების აკრძალვისა და 5%-იანი ბარიერის პირობებშიც კი, ოპოზიციური ფლანგის ნაწილისთვის, ხელისუფლების შეცვლის გზა მაინც რამდენიმე ცენტრის ჩამოყალიბებაზე გადის.    

რჩება ოპოზიციური ერთობის დეკლარაცია, რომელსაც ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი ბრიუსელში მოაწერა. მათ შორის არიან „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ახალი“, „ლელო“, „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“. მოგვიანებით, ერთიანობის დეკლარაციას, რომელიც გულისხმობს ერთიანობას როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ, „რესპუბლიკური პარტიაც“ შეუერთდა.

ერთიან შეთანხმებაში მონაწილეობას გამორიცხავენ „გირჩისა“ და „საქართველოსთვის“ პარტიების წევრები. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა დეკლარაციის ირგვლივ შეთანხმების პროცესის ფასილიტაციისთვის მადლობა გადაუხადა „ევროპის სახალხო პარტიასა“ და ცალკეულ ევროპარლამენტარებს, მათ შორის ანდრიუს კუბილიუსს. 

ამ მოცემულობიდან გამომდინარე, მმართველი გუნდისთვის ოპოზიციასთან მიმართებაში შეკითხვები აღარ არსებობს, რომ ოპოზიციის ნაწილის დღის წესრიგს უცხო ქვეყნის წარმომადგენლები განსაზღვრავენ.  

საზოგადოება უკვე კარგად არჩევს შავს და თეთრს, ვინ ემსახურება საკუთარ ქვეყანას, ვინ ემსახურება სხვა ინტერესებს, ვინ მტრობს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ისიც, რომ ოპოზიციის რეიტინგი არის ისტორიულ მინიმუმზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, თუ წინა არჩევნებზე მხოლოდ პარტია „ნაცმოძრაობამ“ მიიღო ხმების 30%, ამ შემთხვევაში მთელი კოლექტიური ნაცმოძრაობის შედეგი არის 30%-ზე ნაკლები.

„საზოგადოება უკვე კარგად არჩევს შავს და თეთრს, ვინ ემსახურება საკუთარ ქვეყანას, ვინ ემსახურება სხვა ინტერესებს, ვინ მტრობს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ისიც, რომ ოპოზიციის რეიტინგი არის ისტორიულ მინიმუმზე. წინა არჩევნებზე თუ მხოლოდ პარტია „ნაცმოძრაობამ“ მიიღო ხმების 30%, ამ შემთხვევაში მთელი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შედეგი არის 30%-ზე ნაკლები. 

„რეალურად, საკუთარ თავს უნდა დააბრალონ ეს ყველაფერი და უნდა დააბრალონ იმ არასწორ გზას, რომელსაც ისინი ადგანან უკვე რამდენი ხანია, ორ ათწლეულზე მეტია. დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ აქ ხუთ რიგსაც ვერ შეავსებს. რაც ნაკლები, მით უკეთესი. მათ შორის, ქართული პარლამენტარიზმის განვითარებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.  

პარტია “ახალის” თანადამფუძნებლის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ჩატარდა კვლევა, რომელმაც გამოკვეთა რომ ერთიანი სიით ოპოზიციური პარტიები “ქართულ ოცნებას” ვერ დაამარცხებენ. მელიას თქმით, კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით ჩატარდა და მის შესახებ ინფორმირებული იყვნენ ოპოზიციური პარტიები.

“მიმდინარეობდა კვლევა, ყველა პარტიასთან შეთანხმებული. არასამთავრობო ორგანიზაციები ლიდერები იყვნენ ამ პროცესში, რომ კვლევა ჩატარებულიყო და ჩვენ ყველას გაგვეგო ემპირიულად, რა ცნობები მოვა, ყბადაღებული ერთიანი სია იმუშავებს თუ არა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს არ იმუშავებდა. კვლევის შედეგები ახლა მუშავდება. ხვალ-ზეგ ეს ყველასათვის ცნობილი იქნება. დამკვეთი გადაწყვეტს გაასაჯაროოს თუ არა. თუ არა და ყველა პარტიას ჩამოყალიბდება.

ჩვენი, პარტია “ახალის” და კიდევ სხვების პროგნოზი გამართლდა, რომ ერთიანი სია არ არის ალტერნატიული ფორმულა ივანიშვილის დასამარცხებლად […] პროცენტებზე, მაჩვენებლებეს მე ვერ ვისაუბრებ, არ მაქვს ამის უფლება, მაგრამ უფლება არ მაქვს, მინიშნება არ მოგცეთ – რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი არის ბევრად უფრო ეფექტური ფორმულა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. ეს დადო [კვლევამ] ძალიან მკაფიოდ და ეს, რა თქმა უნდა, არ გადაიხედება ძალიან ბევრი პასუხისმგებლობიანი პარტიის მიერ”, – განაცხადა ნიკა მელიამ TV პირველის ეთერში.   

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ  თუკი მელიამ და სხვა ოპოზიციის წარმომადგენლებმა კვლევები ჩაატარეს და ნახეს, რომ ხალხს საერთო სია არ უნდა, მაშინ იმასაც გაიგებდნენ, რომელი პოლიტიკოსები არ მოსწონთ. 

„მელია ცდება თუ ჰგონია, რომ ნაციონალური მოძრაობის ცოდვები ან მას ან კიდევ ნიკა გვარამიას არ აკისრიათ. იგივე პრობლემა აქვს საზოგადოებას ნიკა გვარამიასთანაც, რაც კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან და სააკაშვილთან აქვთ. გვარამიაც არანაკლებ თანამდებობებზე იყო. ამიტომ მხოლოდ ხელის გაშვერა ამ ორ ადამიანზე არასწორია. მითუმეტეს სააკაშვილი იყო ყველაფრის თავი ასევე და მასზე რატომ არა აქვს ეს გართულება? 

„გვარამია კი მითუმეტეს, გენერალური პორკურორის მოადგილე იყო, იუსტიციის მინისტრი და არანაკლები წვლილი აქვს მაშინდელი რეჟიმის მმართველობაში. კვლევებით დადიგნდა, რომ საერთი სია ხალხს არ უნდა, მაშინ იმასაც გამოიკვლევდნენ რომელ პოლიტიკოსებს რა რეიტინგი აქვთ. რა განწყობა აქვს ხალხს მათ მიმართ.

„ამიტომ ჩვენს ოპოზიციას ერთი საინტერესო რაღაცა სჭირს,  ნაციოანლების ხმები და რესურსი უნდათ, მაგრამ თან ამპარტავნობენ და ვითომ მათ გვერდით ყოფნა არ სურთ. ეგ რანაირად არის, ანუ შენ გინდა გამოიყენო და იმათმა შენგან რა ხეირი უნდა მიიღონ? მოკლედ სიტუაცია არის ასეთ, ამ 1%-იანმა ოპოზიციურმა პარტიებმა კარგად იციან რაც ელით, რომ 5%-იან ბარიერს ესენი ვერ გადალახავენ“,-ამბობს საყვარელიძე. 

მისივე თქმით, ამას ხვდებიან ქვეყნის გარეთაც, ამიტომ ბრიუსელში სხვანაირად ჭიკჭიკებენ და როგორც კი დაბრუნდებიან ქვეყანაში, ხალხის განწყობა რომ იციან, მერე ისევ სხვანაირად იწყებენ საუბარს. ამიტომ ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამომრჩეველშიც ასეთი გაურკვევლობა ამიტომ არის. თუმცა მას მაინც ჰგონია, რომ ამათი საბოლოო მაინც  ერთიანი სიაა და ტყუილად იპრანჭებიან. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×