ნატალია ჯვარიძე
28.06.2024

სატელევიზიო დებატების დროს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკელების" პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ქვეყანა მესამე მსოფლიო ომისკენ მიჰყავს - ბაიდენის თქმით კი, აშშ-ს მესამე მსოფლიო ომი სწორედ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ემუქრება.

„მისი პოლიტიკა ძალიან ცუდია. მისი სმხედრო პოლიტიკა სიგიჟეა. ის შეგვიყვანს მესამე მსოფლიო ომში. ჩვენ უფრო ახლოს ვართ მესამე მსოფლიო ომთან, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ჩვენ ძალიან, ძალიან ახლოს ვართ მესამე მსოფლიო ომთან და ის იქამდე მიგვიყვანნს. ჩრდილოეთ კორეის კიმ ჩენ ინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი, პუტინი - მას პატივს არ სცემენ. მათ არ ეშინიათ მისი. მათ არაფერი აქვთ ამ ჯენტლმენთან და ის შეგვიყვანს მესამე მსოფლიო ომში", - აღნიშნა ტრამპმა.

ბაიდენის თქმით, ამერიკამ უნდა დაიცვას მსოფლიოს უსაფრთხოება, რადგან მისი საკუთარი უსაფრთხოება საფრთხეშია. „თუ მესამე მსოფლიო ომი გსურთ, ნება მიეცით მას გაიმარჯვოს.

და კიდევ, თუ ომი გინდათ, უბრალოდ ნება მიეცით პუტინს, წინ წავიდეს და კიევი აიღოს, ნახავთ, მოხდება პოლონეთში, უნგრეთში და ამ საზღვრის გასწვრივ სხვა ადგილებში. მაშინ თქვენ გექნებათ ომი", - განცხადა ბაიდენმა.

ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით, ტრამპის გაპრეზიდენტება მთელი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. როგორც იგი აღნიშნავს, ამ დებატებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბაიდენი ბოროტების წინააღმდეგ იბრძვის, ხოლო ტრამპი მხოლოდ ამომრჩევლის მიზიდვაზეა ორიენტირებული.

„მე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ტრამპის გაპრეზიდენტება საფრთხეს წარმოადგენს არა მარტო ამერიკისთვის, არამედ მთლიანი მსოფლიოსთვის. გუშინდელ დებატებზე მან თავისი გამოსვლით, რომ თითქოს ბაიდენს ქვეყანა ომისკენ მიჰყავს, საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურა. პირიქით, ბაიდენის ადმინისტრაცია აგრესორის შეჩერებას ცდილობს და ბოროტების წინააღმდეგ იბრძვის.

„ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინა-რუსეთის ომის შესაჩერებლად ყველაფერს გააკეთებს. ომი ვერ გაჩერდება, რადგან, თუ ამის თაობაზე ხელი მოეწერება, რუსეთი თავის თავს გამარჯვებულად ჩათვლის და შემდეგ აგრესიულ ქმედებებს გააგრძელებს. ამიტომაც ტრამპი უმოქმედობას იჩენს და ადრე თვითონვე იძახდა, რომ „ცუდ ქმედებაზე უარესი ხშირად უმოქმედებააო".

„ტრამპს სურს, რომ უკმაყოფილო ამერიკელი მოსახლეობის გული მოიგოს. მოგეხსენებათ, ბევრი უკრაინის დახმარების წინააღმდეგია. ბოლო პერიოდში ამერიკამ 65 მილიარდი დოლარი გამოყო და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი თვლის, რომ უმჯობესი იყო ეს თანხა ხალხს მოხმარებოდა. ტრამპი ცდილობს მოსახლეობას დაანახოს, რომ მას ომის დასრულება უნდა, რადგან ის თანხები, რაც უკრაინისთვის არის გამოყოფილი, ამერიკელებზე დაიხარჯოს.

ფაქტია, რომ ტრამპი კონსტრუქციული ვერ იქნება, ბაიდენმა კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ბოროტების წინააღმდეგ იბრძვის", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან.

ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით კი, ბაიდენი ბევრი მიზეზებიდან გამომდინარე, ქვეყანას ვერ გამოადგება, რადგან მის პრეზიდენტობის პერიოდში ბევრი რამ არ გამოვიდა და პრობლემებიც ვერ მოგვარდა. მისივე თქმით, ახლა ამერიკაში ის დემოკრატია, რაც ადრე იყო, აღარ არსებობს .

„ამერიკელი პოლიტიკური აქტორების მიერ ეს დებატები ისტორიული იყო, კენედისა და ნიქსონის სატელეფინო პაექრობის შემდეგ. თავად ამერიკელ დემოკრატებშიც გამოჩნდა ის არსებული ტენდენცია, რაც ამერიკულ პოლიტიკაშია. ჯო ბაიდენი ასაკისა და სავარაუდო დაავადებების გამო უუნაროა, რომ ქვეყანასა და გლობალურ პოლიტიკას გაუძღვეს.

„წლებია, დაუწერელი კანონივით არის, რომ ამერიკა ზე სახელმწიფო და საერთაშორისო პოლიტკაში თავისი მთავარი სიტყვის მთქმელია, თუმცა, ბაიდენისა და „დემოკრატების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეს ყველაფერი დაიკარგა. დავიწყოთ იქიდან, რომ სამარცხვინო გაქცევა ავღანეთიდან, უკრაინაში აგრესორ პუტინთან ჩაფლავებული ომი, ასევე, ახლო აღმოსავლეთში, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოუგვარებლობა და რაც მთავარია, ამერიკელებისთვის უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური ვითარების მკვეთრი გაუარესება.

„რასაკვირველია, ამერიკის გადასახადების გადამხდელი ამომრჩეველი არც ერთ პრეზიდენტს, არც გუბერნატორს და არც სხვა არჩევით ოფიციალურ პირს არ აპატიებს მასთან დაშვებულ შეცდომებს. ფაქტია, რომ მხცოვანი ბაიდენი ქვეყანას არ გამოადგება.

„ცხადია, ამერიკაში ისეთი პოლარიზაციაა, რომელიც საქართველოში კი არა ევროპაშიც წარმოუდგენელია და ამ დროს ჩვენი პატარა სუვერენული ქვეყნისკენ ხელის გამოშვერა, რომ თითქოს ჩვენ დემოკრატიული გზიდან გადავუხვიეთ ეს არის სასაცილო. მარტივად შევხედოთ გუშინდელ დებატებს „სიენენზე", სად არის დემოკრატია და ავტოკრატია? ეს აბსოლიტურად გაუგებარია და ძალიან სამწუხაროა, რომ თავის დროზე ამერიკა დემოკრატიის შუქურა იყო, ასე ჩამოიქცა და ჩამოიშალა", - განაცხადა გია აბაშიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×