ნატალია ჯვარიძე
28.06.2024

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა გადაწყვეტს როდის დაიწყება მოლაპარაკება აგრესორ ქვეყანასთან - რუსეთის ფედერაციასთან. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზელენსკიმ შესაბამისი განცხადება კიევში, სლოვენიის პრეზიდენტ ნატაშა მუსართან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ზელენსკი მოლაპარაკების დაწყებას არ გამორიცხავს და რა პირობები უნდა დადგეს საამისოდ.

„რა თქმა უნდა, უკრაინა გადაწყვეტს. ყველაფერი რომ უკრაინაზე ყოფილიყო დამოკიდებული, ომი არ იქნებოდა. სამწუხაროდ, ოკუპანტი რუსეთია და პუტინს ომი სურდა და ამ დროისთვის მას ომის დასრულება არ სურს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინამ გამოიჩინა ინიციატივა და დიპლომატიური გზა, რადგან ომში მსხვერპლია.

„სამშვიდობო სამიტი დარსულდა. ახლა ჩვენ ვმუშაობთ სამ დეტალურ გეგმაზე: ენერგეტიკა, სასურსათო უსაფრთხოება და გაცვლა (ტყვეების და უკრაინელი ბავშვების დაბრუნება) და დარწმუნებული ვარ, ამ საკითხებს მოვაგვარებთ. ჩვენ დეტალურ გეგმას მოვამზადებთ. ის მზად უახლოეს მომავალში იქნება. ჩვენ ასევე შევიმუშავებთ და მოვამზადებთ მშვიდობის ფორმულის ყველა სხვა პუნქტს, რომელიც ჩვენი პარტნიორის წინ მაგიდაზე იქნება", - განაცხადა ზელენსკიმ.

ყოფილ სახელმწიფო მინისტრსა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ პირობებითა და საჯარო გამოსვლებით მოლაპარაკება ვერ შედგება. როგორც იგი აღნიშნავს, თუ ორივე მხარე დათანხმდება უპირობოდ დასხდნენ მაგიდასთან და იქ წაუყენონ საკითხები, მაშინ შესაძლებელია. მისივე თქმით, ამ მხრივ სექტემბერი იქნება კრიტიკული თვე.

„მოლაპარაკების დასაწყებად პირობებს ორივე მხარე აყენებდა. რუსეთი „უკეთეს" შემთხვევაში ითხოვდა, რომ უკრაინას დონბასი, დონეცკი, ლუგანსკი ოლქებიდან ჯარები გაეყვანა. ზაპოროჟიესა და ხერსონის დამოუკიდებლობა აღიარა, რა თქმა უნდა უკანონოდ. მათივე გათვლებით, მშვიდობაზე ლაპარაკი დაიწყებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამ ტერიტორიებს დათმობდა.

„უკრაინის პოზიცია კი იყო, რომ რუსეთს ყირიმიდან, დონბასიდან და ყველა ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაეყვანა ჯარები. ასეთ ვითარებაში მოლაპარაკების დასაწყებად ორივე მხარემ უნდა უარყოს წაყენებული პირობები და ამის გარეშე დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი არ აქვს. შესაძლოა ერთმანეთს იქ წაუყენონ პირობები, საჯარო გამოსვლების გარეშე.

„გამორიცხული არაა უახლოეს მომავალში შედგეს ეს მოლაპარაკება, თუმცა, მე მაინც მგონია, რომ შემოდგომამდე არ იქნება. ახლა ამერიკა უკრაინას მორიგ დიდ სამხედრო დახმარებას გაუწევს. შესაძლოა ამერიკის არჩევნებამდე მათ კიდევ ერთი კონტრშეტევა განახორციელონ, ისე როგორც შარშან მოხდა, მაგრამ მაშინ არაეფექტური იყო.

„თუ წელსაც უკრაინას ჩაუვარდება კონტრშეტევა, წინ ვერ წაიწევს და ყველაფერი ძველებურად დარჩება. ასევე, თუ რუსეთის მხრიდანაც არ იქნება რაიმე ცვლილება, მაშინ გამორიცხული არაა ბაიდენმა მოლაპარაკების დაწყება მოითხოვოს, რადგან თუ ასე მივიდა არჩევნებამდე ეს შეიძლება დიდი დარტყმა იყოს „დემოკრატებისთვის", იმიტომ რომ მათ დიდი თანხები და რესურსები გაიღეს, მაგრამ უკრაინაში შედეგი არაა. ესეიგი სწორი პოლიტიკა არ იყო.

„კრიტიკული თვე არის სექტემბერი, ან იქამდე რაღაც უნდა მოხდეს ან სექტემბერში უნდა დაიწყოს მოლაპარაკებისთვის მზაობა. რუსეთს ვერავინ უკარნახებს, თუმცა უკრაინას კი. თუ რუსეთი და უკრაინა დათანხმდება უპირობოდ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ, მაშინ შეიძლება ასეც მოხდეს", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილის თქმით, გამორიცხული არაა აქ „ქართული ვარიანტი" განმეორდეს, რომელიც ადამიანების სიკვდილზე ბევრად უკეთესია.

„კიდევ შეიძლება „ქართული ვარიანტი" მოხდეს, როცა მსოფლიო ჩვენთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, მაგრამ მოლაპარაკებები გრძელდება. შეიძლება ქართული ვარიანტი გაითამაშონ, არავინ აღიარებს რუსეთის მიერ დაკავებულ ტერიტორიებს და ჟენევაში მოლაპარაკებები დაიწყება. ეს არ არის კარგი, მაგრამ ადამიანების სიკვდილს ნამდვილად სჯობს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×