რეზონანსი
13.05.2024

„ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ დესტრუქციისთვის ჩამოსულ პოლიტიკოსებთან შეხვედრისგან.

„რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ჩამოდის ევროკავშირის წევრი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი: გაბრელიუს ლანდსბერგისი (ლიეტუა), მარგუს ცანკა (ესტონეთი), ტორდის გილფადოტრი (ისლანდია) და ბაიბა ბრაზე (ლატვია). ასევე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი, ლიეტუის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო ბრაიენი.

მათ მიერ ოფიციალურად გაცხადებულია, თითქოს ჩვენს ქვეყანაში მათი სტუმრობის მიზანი ქვეყნის „დასავლური კურსის“ მხარდაჭერაა, რეალურად კი ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ეს ადამიანები ღიად უჭერენ მხარს ნაციონალურ მოძრაობას და თავს ესხმიან საქართველოს ხელისუფლებას. ამის დამადასტურებელი ფაქტები მრავლად მოიძებნება. მოვიყვან მხოლოდ რამდენიმე მაგალითს:

გაბრელიუს ლანდსბერგისი: „სააკაშვილის გაშვება საზღვარგარეთ სამკურნალოდ, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა მისთვის, მისი ოჯახისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“;

მაიკლ როთი: „საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ცოტა გააკეთა იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი დაემსახურებინა“;

ჯეიმს ო ბრაიენი: „საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, რომლებიც რუსეთის სანქციებისთვის თავის არიდების კუთხით პრობლემებს იწვევენ“;

ჟიგიმანტას პავილიონისი: „დემოკრატია საფრთხეშია, ივანიშვილის რეჟიმმა უნდა გადაიხადოს“.

ეს არის სრულიად არაევროპული თავდასხმები საქართველოს კანონიერ ხელისუფლებაზე, თუმცა ხსენებული განცხადებები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ამ ადამიანებს აქვთ ნათქვამი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესზე.

განსაკუთრებული აგრესიით, ტრადიციულად, ჟიგიმანტას პავილიონისი გამოირჩევა, რომელმაც ჯერ კიდევ მაშინ „გამოიჩინა“ თავი, როდესაც პრემიერი გიორგი გახარია გადააყენეს მისმა პატრონებმა, რათა ამით რევოლუციური პროცესების ფორსირება მოეხდინათ. მაშინ ბატონმა პავილიონისმა ჯერ ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამაგრებულ ძებნილ ნიკა მელიას მიაკითხა, შემდეგ კი თურქეთში ჩავიდა და მეორე ძებნილს, რევოლუციის მოსაწყობად საქართველოს საზღვართან მომდგარ მიხეილ სააკაშვილს შეხვედრა და მას ღიად აღმოუჩინა პოლიტიკური მხარდაჭერა. არადა, ჟიგიმანტას პავილიონისი ის პოლიტიკოსია, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ პოლიტიკურ გუნდთანაც ჰქონდა პრობლემები, ხოლო ლიეტუვის პრეზიდენტს ბოდიშის მოხდაც კი მოუწია მისი განცხადებების გამო.

ამ ფაქტების გათვალისწინებით, რთულად წარმოსადგენია, რომ ჩვენს ქვეყანაში ზემოთ ხსენებული დასავლელი პოლიტიკოსების სტუმრობა მათ მიერ ხსენებულ მიზანს, ანუ „დასავლური კურსის“ მხარდაჭერას ემსახურებოდეს. აშკარაა, რომ მათი მიზანი საქართველოში პროცესების რადიკალიზაციის ხელშეწყობა, პოლიტიკური პროცესისა და საზოგადოების პოლარიზება და რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერაა. როდესაც საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა კანონის პროექტი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ, იმთავითვე ითქვა, რომ კანონის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და გაძლიერებაა. ამ სულისკვეთებას პირდაპირ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით უცხოელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელთა მიზანი რადიკალიზმის ზრდა და ქვეყნის შიდა საქმეებში გაუმართლებელი ჩარევაა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციისთვის ჩამოსულ პოლიტიკოსებთან შეხვედრისგან.

უფრო მეტიც, როდესაც დანამდვილებით ვიცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მათ მიერ გაკეთებული განცხადებების მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში შემოშვებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×