ელზა პაპოშვილი
23.06.2024

იმ ფონზე, როცა პრემიერი ირაკლი კობახიძე დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვაზე საუბრობს, ბერლინში დიპლომატებს ხვდება და ამ მიმართულებით მუშაობას სთხოვს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ელჩებს საგანგებოდ მიმართავს და არჩევანის გაკეთებისაკენ მოუწოდებს. ვინ როგორ გაიგო პრეზიდენტის მოწოდება და რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ამას?

სალომე ზურაბიშვილი, არსებული რეალობის გათვალისწინებით, დიპლომატების განსაკუთრებულ როლზე მიუთითებს. მისი თქმით, მაშინ, როცა ქვეყნის მომავალი წყდება, საქართველოს წარმომადგენლებს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მისია აკისრიათ.

„შაბათ-კვირას ვიმყოფებოდი შვეიცარიაში, სადაც, პრაქტიკულად, ყველა ევროპელ ლიდერს შევხვდი და ისინი მეკითხებოდნენ, რას ნიშნავს, რომ „საქართველო მაინც შევა ევროკავშირში?“ „მაინც“ რას ნიშნავსო, იმის მიუხედავად, რომ იღებს რუსულ კანონებს და არა მხოლოდ ერთ კანონს, იმის მიუხედავად, რომ არ ისმენს არცერთ რეკომენდაციას და თვითონ არ ასრულებს არცერთ იმ რეფორმას, რომელიც საჭიროა ამ გზაზე. 

„სწორედ დღეს მოლდოვის პრეზიდენტმა (ერთგვარად, თეთრი შურით მშურს მისი) ხელი მოაწერა განკარგულებას დელეგაციის შემადგენლობის შესახებ, რომელიც მომავალ კვირას გაწევრიანების მოლაპარაკებებს დაიწყებს და ახლა ჩვენც ამ მდგომარეობაში უნდა ვყოფილიყავით. ეს თქვენთვის იმ საქმის სწორი დაგვირგვინება იქნებოდა, რაც აქამდე გაგიკეთებიათ, რადგან კარგად ვიცი, რომ თქვენ ის პროფესიონალი დიპლომატები ხართ (დიდწილად, ყოველ შემთხვევაში), რომლებიც აქამდე სწორედ ჩვენს ევროპულ გზაზე მუშაობდნენ და რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი აქვთ იმ მიღწევაში, რომელიც არცერთ მთავრობასა და არცერთ ხელისუფლებას არ ეკუთვნის. ჩვენი დიპლომატიის მიღწევაა, რომ ჩვენ მივედით კანდიდატის სტატუსამდე და მასთან ერთად, ჩვენი ხალხის დამსახურებაა - ამ საქმეს პროფესიონალები და ხალხის ნება სჭირდება. 

„და დღეს რაც ხდება, ეს არის ღალატი პროფესიონალიზმის, ეს არის ღალატი იმ ხალხის, რომელიც პირველივე დღიდან, დამოუკიდებლობიდან და მანამდეც, სწორედ ამ ევროპულ გზაზე ოცნებობდა. ამიტომ, მე დღეს მტკივა თქვენ მაგივრად და თქვენთვის, რომ ამ მდგომარეობაში ხართ, გაურკვევლობაში, როცა ერთი რამ უნდა თქვათ და მეორე რამ გწამთ. ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს, თქვენ გწამთ იმისი, რაც გწამდათ აქამდე. მინდა, ამაში ვიყო დარწმუნებული. 

„მართალია, საჯარო მოხელეებს არ მოეთხოვებათ რაღაცნაირად პასუხისმგებლობა აიღონ იმაზე, რასაც მათ კარნახობენ, მაგრამ ელჩები უცხო ქვეყნებში და, მით უმეტეს, ევროკავშირში, რომლებიც დღეს საქართველოს წარმოადგენენ, არ არიან ჩვეულებრივ მდგომარეობაში, არ არიან ჩვეულებრივი საჯარო მოხელეები და ბევრად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ, რამეთუ ისინი წარმოადგენენ ქვეყანას და არა რომელიმე მთავრობას. მთავრობები მიდიან და მოდიან. თქვენ წარმოადგენთ ქვეყანას, მის ინტერესებს, მის წარსულს, მის მომავალს და ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ამიტომ, არაფერს გასწავლით და არაფერს გკარნახობთ, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა“, - ასე მიმართავს ზურაბიშვილი ქართველ დიპლომატებს.

მმართველ პარტიაში ეს უკვე შეფასდა, როგორც საბოტაჟი პრეზიდენტის მხრიდან.

„დღეს საქართველოს განსაკუთრებით სჭირდება საგარეო პოლიტიკის საგარეო ფლანგზე მხარდაჭერა და აქტიური მუშაობა, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ საგარეო ურთიერთობები იქცა საქართველოს შიდა პოლიტიკის მთავარ ბირთვად. ამ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწორედ დიპლომატიური კორპუსის მუშაობას და ასეთი მოწოდებები სალომე ზურაბიშვილისგან, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად აცნობიერებს, რას ნიშნავს ეს, ნამდვილად არის ქვეყნის დაზიანებისკენ, ქვეყნის ინტერესების დაზიანებისკენ მიმართული“, - არლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ვინ როგორ გაიგო პრეზიდენტის მოწოდება 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ პრეზიდენტის ეს განცხადება ზუსტად ჯდება იმ გეგმაში, რომელიც „აგენტოკრატიამ ფსევდო პრეზიდენტ ზურაბიშვილს დაუკვეთა“. 

„კონსტიტუციის დამრღვევი ზურაბიშვილი კიდევ უფრო შორს წავიდა და საკუთარ ამომრჩეველს დაუპირისპირდა. ის, რაც სალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან დაკავშირებით განაცხადა, ეს არის ანტიკონსტიტუციური განცახდება. ზურაბიშვილი უკვე კრიმინალურ ელემენტად იქცა, რადგან ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს და საბოტაჟის მოწყობის მოწოდებებით გამოდის. გასაკვირი არ იქნება, თუკი კონსტიტუციურად მხოლოდ ცერემონიალური პრეზიდენტი უკანონო განცხდებებს და მოწოდებებს ახლა საქართველოს თავდაცვის თუ სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ გააკეთებს. ეს არის ზურაბიშვილის უსამშობლო და ანტიეროვნული ბუნება. გვიან შემოდგომაზე კი ამ ყველაფერს წერტილი დაესმება. მისი ნებისმიერი მცდელობა, რომ საქართველო დააზიანოს, ფუჭი იქნება“, - ამბობს აბაშიძე. 

მისივე თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად და მიტაცებულად გამოაცხადებს. ამით კი შეეცდება, რომ რადიკალურ ოპოზიციას სტიმული მისცეს, რათა ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ. 

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კანფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ პრეზიდენტმა ელჩებს მხოლოდ კონსტიტუციით მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სთხოვა. 

„ზურაბიშვილმა ელჩებს სთხოვა, რომ გამოიყენონ მანდატი და მთელი ყურადღება, ენერგია ევროკვშირისკენ და ნატოსკენ გადაიტანონ. დაარწმუნონ ის სახელმწიფოები, სადაც ელჩებად არიან, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში ინტეგრაცია და მისი ხალხის სურვილი ეს არის. არ დაიჯერონ, რომ თითქოს საქართველო რუსეთისკენ ან ჩინეთისკენ მიდის. მე ზურაბიშვილის მოწოდება და განცხადება ასე გავიგე. ელჩებმა არ უნდა დაიჭირონ ხელისუფლების მხარე, მათ უნდა დაიჭირონ საქართველოს - ქვეყნის და კონსტიტუციის მხარე.

„მეორეც - საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს ელჩებს და ისინი ვალდებული არიან კონსტიტუციას და პრეზიდენტის ხედვას დაემორჩილონ და არა იმას, რომ საეჭვო ვითარებაში ქვეყნის ანტიკოსნტიტუციური კანონი გავიდა, რომელიც ვის ინტერესებში შედის და რას ემსახურება, კაცმა არ იცის. კანონს დღემდე ევროკავშირის წარმომადგენელები და ნატოს წევრი სახელმწიფოები გმობენ. ამიტომ აქ არანაირი აპელაციები არ უნდა იყოს იმაზე, რომ ელჩები რაღაც მოქალაქეობრივი ვალდებულებეიბდან გამომდინარე უნდა მოქმედებდნენ და ა.შ. ელჩი პირველ რიგში ვალდებულია საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესების მიხედვით იმოქმედოს“, - ამბობს ზაქარეიშვილი. 

იგი არ ფიქრობს, რომ პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ ელჩების ნაწილმა შეიძლება თანამდებობის დატოვება გადაწყვიტოს და მათ ამის გაკეთებას არც ურჩევს.

„მე მათ ადგილას გადადგომას არც ვიფიქრებდი. საქართველოსთვის სასარგებლო საქმიანობას გავაგრძელებდი. ამ კანონის საწინააღმდეგო მოქმედებებს მივმრთავდი. მათ ყველაზე კარგი საშუალებები აქვთ იმისთვის, რომ იმ ქვეყნის პირველ პირებს, სადაც თავად მოღვაწეობენ, აუხსნან, რომ ქართველი ხალხის ინტერესებში ეს კანონი არ შედის, არამედ შედის ის, რომ ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება მოხდეს. ელჩებს ამის სრული უფლება და საშუალება აქვთ. ამიტომ მათ ახლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ და გადადგომის ნაცვლად სჯობს იმუშაონ იმაზე, რომ ამ რთულ და მძიმე სიტუაციაში ქვეყანა სამშვიდობოს გავიდეს. მათ ამის დიდი შესაძლებლობა აქვთ და ზურაბიშვილის მოწოდებაც ამას გულისხმობდა“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×