ნატალია ჯვარიძე
02.06.2024

მომავალ კვირაში ვეროპარლამენტის არჩევნები გაიმართება, რომლის შედეგებიდან გამომდინარეც, შესაძლოა, ევროკავშირის ხელმძღვანელ სტრუქტურებში გარკვეული საკადრო ცვლილებები მოხდეს. რამდენად შეიძლება აისახოს ეს პროცესი საქართველოზე, მის ევროპულ პერსპექტივასა და ზოგადად, საქართველო-ევროკავშრის ურთიერთობებზე? 

2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნები 6-დან 9 ივნისამდეა დაგეგმილი. ეს არის ხმის მიცემისა და შედეგების დათვლის რთული მულტინაციონალური პროცესი, რომელიც გაერთიანებაშ შემავალ 27-ვე სახელმწიფოში ერთმანეთის პარალელურად ჩატარდება.

როგორც წესი, ევროპარლამენტის არჩევნები ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით არ გამოირჩევა, თუმცა 2019 წლის არჩევნებზე საზოგადოების ინტერესი შესამჩნევად გაზრდილი იყო და ხმის მიცემაში ამომრჩეველთა 50.7%-მა მიიღო მონაწილეობა. ეს 8%-ით მეტია 2014 წლის არჩევნებთან შედარებით.

წელს კი სპეციალისტები დაძაბულ ბრძოლასა და მაღალ აქტოვებას ელიან. ბოლო გამოკითხვებით, ამჯერად კენჭისყრაში მონაწილეობის სურვილი ამომრჩეველთა 71%-ს აქვს.

ამასთან, ამავე ანალიტიკოსთა შეფასებით, საკმაოდ რთულია არჩევნების შედეგების წინასწარ პროგნოზირებაც. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა გაერთიანების წევრ მთელ რიგ ქვეყნებში გამოიკვეთა მემარჯვენე პოლიტიკური ძალების მომძლავრების ტენდენცია. ამაზე მეტყველებს თუმდაც ბოლო 2 წელიწადში ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული რეგიონალური და საპარლამენტო არჩევნების შედეგები.

კენჭისყრის პროცედურა და მთავარი პოლიტიკური ძალები

ევროპარლამენტის არჩევნები ევროკავშირის  წევრ ყველა ქვეყანაში ერთდროულად ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. წლევანდელი არჩევნები, 1979 წლის პირველი კენჭისყრის შემდეგ, რიგით მე-10, ხოლო „ბრექსიტის“ შემდეგ პირველია. არჩევნების პირველადი შედეგები სავარაუდოდ 9 ივნისის საღამოს გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები ყველა წევრ სახელმწიფოში დაიხურება.

ჩვეულებრივ, არჩევნებში ეროვნული პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ, თუმცა არჩევნების შემდეგ მათი უმეტესობა ტრანსნაციონალურ პოლიტიკურ ჯგუფებში ერთიანდება.

აპრილის ბოლო პლენარული სესიის მდგომარეობით, ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი მემარჯვენე ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტიაა“, რომელსაც ევროპარლამენტის 705 მანდატიდან 176 აქვს. მისი წევრია ევროკომისიის ამჟამინდელი პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც, რომელიც იმედოვნებს, რომ არჩევნების შემდეგ კვლავ შეძლებს ამ თანამდებობაზე დარჩენას. 

ევროპარლამენტში სიდიდით მეორე პოლიტიკური ჯგუფი მემარცხენე ცენტრისტული „ევროპის სოციალისტების პარტიაა“  139 მანდატით, მესამეა „ევროპული განახლება“ (102  მანდატი), შემდეგი კი მწვანეებისა და რეგიონალისტური პოლიტიკური პარტიებისგან შემდგარი ალიანსი (72 მანდატი).

ხმის მიცემა ხუთშაბათს ნიდერლანდებში დაიწყება და კვირას დასრულდება. თითოეული ქვეყნისთვის არჩეული ევროპარლამენტის წევრების რაოდენობა კონკრეტული სახელმწიფოს მოსახლეობის რაოდენობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, 6 წევრის არჩევის უფლება აქვთ მალტაში, ლუქსემბურგსა და კვიპროსში, მაშინ, როდესაც ეს რიცხვი გერმანიისთვის 96-ს შეადგენს.

არჩევნებში ხმას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს თითოეულ მოქალაქე აძლევს, უმეტეს შემთხვევაში, 18 წლის ზემოთ, თუმცა გერმანიაში ხმის მიცემის ასაკობრივი შეზღუდვა 16 წლამდე შემცირდა, ისევე როგორც ბელგიაში, მალტასა და ავსტრიაში. საბერძნეთში კი არჩევნებში მონაწილეობისათვის მოქალაქე მინიმუმ 17 წლის უნდა იყოს.

ევროპარლამენტის 2024 წლის არჩევნები რამდენიმე ძირითად საკითხზეა ორიენტირებული. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ კამპანიის მთავარ თემებს შორის უსაფრთხოება და თავდაცვამ წინა პლანზე წამოწია. ამას ემატება ეკონომიკა, სამუშაო ადგილები, სიღარიბე და სოციალური გარიყულობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, კლიმატის ცვლილება და ევროპის მომავალი.

იცვლება თუ არა რამე საქართველოსათვის

ანალიტიკოს თენგიზ ფხალაძის აზრით, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ევროპარლამენტის არჩევნები, საქართველოს ხელისუფლებისა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიმართ დამოკიდებულება მნიშნელოვნად არ შეიცვლება.

„რა კოფიგურაციაც არ უნდა იყოს, ის დამოკიდებულება, რაც დღეს არის, იგივე მდგომარეობაში დარჩება. ბოლო პერიოდში „ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები ისევ მიუღებლი იქნება, რადგან ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენი მოქმედებები არ არის ის, რაც ქვეყნის ინტეგრაციას ხელს შეუწყოფს. ასე რომ, არჩევნების შემდეგაც იგივე მოცემულობა იქნება, სანამ ჩვენ არ შევცვლით რამეს.

(საქართველოს) ხელისუფლებას (ევროკავშირის) არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებასთან კარგი ურთიერთობა აღარ აქვს, უნგრეთთანაც გავაფუჭეთ. ჩვენ ბევრ რამეზე შეგვიძლია ვიფიქროთ, თუმცა მოცემულობა სხვა რამეა. ევროკავშირში პიროვნებები რომ შეიცვალოს, ძირითადი ღირებულებები უცვლელად დარჩება. არავინ იტყვის, რომ ეს კანონი კარგია, რადგან ეს ცუდია და ყველამ კარგად იცის. ასე რომ, პიროვნებების შეცვლა ფაქტების შეცვლას ვერ  და არ გამოიწვევს. ამიტომ, სამწუხაროდ, პრობლემები დაგვრჩება“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×