უფრო მეტად დამაზიანებელია ის დაძაბულობა და დაპირისპირება, რომელმაც ბოლო დღეებში ქვეყანა მოიცვა
ქეთო გოგოხია
13.05.2024

საქართველოს ეკონომიკაში მომავალი წლიდან ნეგატიური პროცესების გავლენა შედარებით შესამჩნევბი გახდება. ეკონომისტთა ერთი ნაწილი ამის წინაპირობად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას მიიჩნევს, რომელიც ფულადი ნაკადების გარკვეულ კლებას გამოიწვევს, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ უარყოფითი პროცესები უფრო მეტად არსებული დაძაბულობისა და მძიმე  პოლიტიკური ფონის გამო არის მოსალოდნელი.

ფულადი ნაკადი, რასაც არასამთავრობო სექტორი იღებდა და ასე თუ ისე მონაწილეობდა ეკონომიკის პროცესებში, შემცირდება. როგორც ბანკირი ნიკოლოზ შურღაია წერს,სამოქალაქო თავისუფლების შეზღუდვა მოიტანს დიდ ეკონომიკურ ზიანს მთელი საქართველოსთვის.

„თავისუფლებას მოაქვს უზარმაზარი პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი მთელი ქვეყნისთვის და მილიონობით მოქალაქისთვის. სამოქალაქო თავისუფლების შეზღუდვა მოიტანს დიდ ეკონომიკურ ზიანს მთელი საქართველოსთვის და მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის. ეკონომიკური ზიანი, რომელსაც გარდაუვლად მივიღებთ (გააჩნია რამხელას), არაუგვიანეს მომავალ წელს აშკარა გახდება. ეს მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება. ის აგებს პასუხს კანონის მიღებით გამოწვეულ მოსალოდნელ კოლაფსზე, ისევე როგორც თავს იქებდა გასულ პერიოდში მიღწეული წარმატებებისთვის“, - წერს ნიკოლოზ შურღაია.

ბანკირის პათოსს იზიარებს ანალიტიკოსი გივი მომცელიძე, რომლის შეფასებითაც, მოსალოდნელია ინვესტიციების კლება, ასევე პრობლემა ტურიზმსა და მომსახურების სხვადასხვა სფეროში.

,,პრობლემა გვემუქრება არა მხოლოდ კანონის გამო, არამედ იმ დაძაბულობის ფონზეც, რაც საპროტესტო აქციების გამო შეიქმნა ქვეყანაში. მიმდინარე პროცესები აზარალებს ქვეყნის ეკონომიკას და შეუძლებელია ეს არ მოხდეს. როდესაც ათასობით ადამიანი პროტესტს მიმართავს, მას ნაკლები დრო რჩება სამუშაოდ. ეს აისახება სხვადასხვა ბიზნესზე, მათ შორის უძრავი ქონების ბაზარზე, ასევე ტურიზმზეც და ყველას აზარალებს.

დასავლეთის ქვეყნებიდანაც ნაკლები ენთუზიაზმია, რომ ინვესტიციები შემოვიდეს. ამ კანონს რომ მივიღებთ, თვეების განმავლობაში ან თუნდაც მომავალ წელს ეკონომიკაში შეიძლება პრობლემა გაჩნდეს", - განაცხადა მომცელიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" და დასძინა, რომ მოსალოდნელია მიგრაციული პროცესების გააქტიურებაც, რადგან გაჩნდება ნიჰილისტური დამოკიდებულება და გაცილებით მეტი ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, შეეცდება ქვეყნის დატოვებას და უცხოეთში გამგზავრებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს სპეციალისტთა მეორე ნაწილს. მათი აზრით, ეკონომიკაზე კატასტროფული დარტყმა არ იქნება, თუმცა მინიმალური გავლენა ალბათ მოსალოდნელია. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის შეფასებით, გაცილებით მეტი საფრთხე არსებობს იმ გარემოებისგან, რაც დღეს მიმდინარეობს ქვეყანაში და ის უარყოფითი სიგნალია ინვესტორებისა  და საქართველოსთან საქმიანი ურთიერთობის მსურველი ბიზნესწრეებისთვის.

,,ბიზნესს აზარალებს არა იმდენად ამა თუ იმ კანონის მიღება, რამდენადაც ის დაძაბული ფონი, რაც საზოგადოებაშია. პირობითად რომ შევადაროთ, გაცილებით მეტი საფრთხე მოდის სოციალური დაძაბულობისგან, ურთიერთბრალდებისა და საზოგადოებაში პოლიტიკური ტემპერატურის აწევის გამო, ვიდრე ამა თუ იმ კანონის მიღებისგან. პირველი რიგის ამოცანაა, საზოგადოებრივი ვნებათაღელვა დაწყნარდეს, თუ გვინდა, რომ ეკონომიკა ამ პროცესისგან მინიმალური დანაკარგით გამოვიდეს", - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

სტატისტიკოსის შეფასებით, უცხოეთიდან ფულადი ნაკადები მკვეთრად არ შემცირდება, თუმცა არასამთავრობო სექტორი ნეგატიურ შედეგს ნამდვილად იგრძნობს.

,,ნებისმიერი ფულის ერთეულს აქვს მულტიპლიკატორული ეფექტი, მას შეუძლია დააჩქაროს, მოემსახუროს ეკონომიკის  სუბიექტების სამეწარმეო აქტიურობას, ხელი შეუწყოს ეკონომიკის მეტი დოვლათისა და სამუშაო ადგილის შექმნას. რაც მეტი  ფული შემოვა ქვეყანაში, მით მეტი იქნება ამ ქვეყნის განვითარების შესაძლებლობა.

ეს კანონი არ ნიშნავს, რომ უცხოეთიდან ფული არ შემოვა ან ტაბუ დაედება და აიკრძალება, აქ საუბარია გამჭვირვალობაზე, ამ კანონის მიღების შემთხვევაშიც, ნაკადი არ უნდა შემცირდეს. ფულადი რეზერვი მიმართულია არა მხოლოდ არასამთავროებისკენ, ეს შეიძლება იყვნენ საფინანსო ინსტიტუტები, საკრედიტო დაწესებულებები და სხვა. კომერციულ ბანკებში აქტივების დიდი ნაწილია,  რომელსაც უცხოელი რეზიდენტები ფლობენ. არსებობს ერთობლივი საწარმოები, რომლებიც  ასევე ქმნიან დოვლათს და ეკონომიკის ზრდაში მონაწილეობენ. 

არასამთავრობო ორგანიზაცია ერთ-ერთი სფეროა, სადაც  უცხოური ფული მიედინება, თუმცა ამავე დროს ყველაზე ყველაზე თვალში საცემი სფეროა. ფული რომელიც შემოდის ამ გზით, ცხადია, ეკონომიკური დოვლათის შექმნაში იღებს მონაწილეობას, თუკი უკან არ გაედინება, იხარჯება საქართველოში რესურსის შეძენის, გამოყენების კუთხით და საკმაოდ მაღალი მულტიპლიკატორული ეფექტი გააჩნია. მეორე საკითხია, რამდენად ხდება ამის მონიტორინგი და ასახვა ანარიშგებაში, ამაზეა საუბარი, რაც პროტესტის საფუძველი გახდა", - განაცხადა სოსო არჩვაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო, მესამე მოსმენა კი 14 მაისს გაიმართება. კანონპროექტი შარშანაც განიხილებოდა, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობამ საზოგადოების პროტესტის ფონზე უკან გაიწვია. ხელმეორედ დაინიცირებული კანონპროექტის განხილვები კი, ისევ ხმაურის, დაპირისპირების, საზოგადოების პროტესტისა და ევროპარლამენტარების კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×