ელზა პაპოშვილი
24.06.2024

ოპოზიციური ფლანგი საარჩევნო კონფიგურაციაზე ჯერ ვერ ჩამოყალიბდა. პოლიტიკური აქტორების ნაწილის მოწოდებების და სურვილის მიუხედავად, საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი სიით წარდგენას არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს. არჩევნებამდე კი 4 თვეა დარჩენილი და ანალიტიკოსების აზრით, ოპოზიციამ უნდა იჩქაროს

თითქმის მთელი ოპოზიცია იდეური ერთობის და კოორდინაციის აუცილებლობაზე თანხმდება, თუმცა „ნაციონალური მოძრაობისგან“ შეთავაზებული გამსხვილების და ერთიანი სიით მონაწილეობის იდეა, როგორც ჩანს, იდეად დარჩება. 

პოლიტიკური ძალები, რომლებიც უკვე თვეებია ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიისგან დისტანცირებას ცდილობენ, ალტერნატიული ცენტრების ფორმირების მიზნით კონსულტაციებს აწარმოებენ და დამოუკიდებელ გეგმებს აწყობენ, თუმცა ბოლომდე მაინც არავინ იცის ვინ ვისთან ითანამშრომლებს.

ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ოპოზიციას მაქსიმუმ ერთი თვე აქვს იმისთვის, რომ გადაჯგუფება შეძლონ და საზოგადოების წინაშე იმ მოცემულობით წარსდგნენ, რომლითაც 2024 წელს არჩევნებზე გავლენ. მათი აზრით, თუკი ოპოზიცია დღევანდელი მოცემულობით აპირებს არჩევნებზე გასვლას, მაშინ 5%-იანი ბარიერი გარანტირებულად მხოლოდ ორ პარტიას - „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ოცნებას“ აქვს. 

საერთო სია, თუ გადაჯგუფება  

ოპოზიციური ერთობის იდეა წინასაარჩევნოდ ერთიანი სიის შექმნას ნიშნავს, სადაც ყველა პარტია თანასწორია. ეს გაერთიანება 2024 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მთავარი კონკურენტი იქნება, მისთვის ხმის მიცემა კი საქართველოს ევროპული კურსისთვის მხარდაჭერის საპირწონე უნდა იყოს - ამბობენ ერთობის იდეის მომხრეები. მათ შორის არიან პარტიები: „გირჩი - მეტი თავისუფლება“; „დროა“;„სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“.

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის აზრით, ერთიან სიაში უნდა მოხვდეს ყველა, ვინც ბოლო წლების განმავლობაში „ებრძოდა რეჟიმს“ და არავის ეპარება ეჭვი, რომ ისინი „ბიძინას და ქოცების თამაშს არ თამაშობენ და არ ითამაშებენ“.  

ერთობის იდეას სკეპტიკურად უყურებენ პარტიები „ახალი“, „ლელო“, „გახარია - საქართველოსთვის“, „ლეიბორისტული პარტია“ და „ევროპული საქართველო“.

მოწინააღდეგეების აზრით, საერთო სია ოპოზიციას დააზიანებს, რადგან სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების მქონე ამომრჩეველს თავისუფლებას და მოტივაციას წაართმებს. ამას გარდა, ეს ერთობა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროპაგანდას წაახალისებს, რომელიც ოპოზიციის „კოლექტიურ ნაცებად“ წარმოჩენას ცდილობს.

ოპოზიციური პარტიების ნაწილს კი არ სურს იყოს იმ გაერთიანების წევრი, სადაც „ნაციონალური მოძრაობაცაა“.  

კვლევები, რომელიც ბოლო დროს გამოქვეყნდა 

ხუთი თვეა არ გასაჯაროებულა არცერთი საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელსაც ოპოზიციის გეგმები და გადაწყვეტილებები დაეყრდნობოდა. „აგენტების კანონამდე“ გამოქვეყნებული პოლიტიკური რეიტინგებით მსჯელობა კი, ბოლო ორ თვეში რადიკალურად შეცვლილი დღის წესრიგის ფონზე, სარისკო და ნაკლებად სანდოა.

ყველაზე ბოლოს, 2023 წლის დეკემბერში, ედისონ რისერჩის“ კვლევა გამოქვეყნდა. ამ კვლევის მიხედვით:

მოსახლეობის 56%-ის თქმით, ოპოზიციური პარტიების გამარჯვება 2024 წლის არჩევნებში, საქართველოსთვის საუკეთესო შედეგია.

მოსახლეობის 65% მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი სხვა პარტიებს უნდა მიეცეთ.

5%-იან ბარიერს ლახავენ პარტიები: „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“/„სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოსთვის“ - 8.8%, „ლელო“ - 6.7%, „გირჩი“/„დროა“ - 5%.   

ერთი თვე გადაჯგუფებისთვის

ანალიტრიკოის ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ოპოზიციას მაქსიმუმ ერთი თვე დარჩა იმისთვის, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ რას აპირებენ და როგორი სახით წარსდგებიან 2024 წლის არჩევნებზე. მისი თქმით, სიტუაცია დასავლეთიდან წამოსული წნეხის ფონზე საკმაოდ რთულია, ამიტომ ოპოზიციამ შანსის გამოყენება უნდა სცადოს. 

„ამ მოცემულობით, რასაც ახლა ვხედავთ, ოპოზიცია, „ოცნებაზე“ დასავლეთიდან დაწყებული ზეწოლის მიუხედავად, არ არის მომგებიან სიტუაციაში. მხოლოდ ქვეყნის გარედან დაწყებული წნეხი არ არის საკმარისი, რომ ოპოზიციურად განწყობილმა ამომრჩეველმა საბოლოო გადაწყვეტილება ოპოზიციის ამ მოცემულობის სასარგებლოდ მიიღოს. თუ არ მოხდა სხვადასხვა გადაჯგუფება და ამ მხრივ აქტიურობა, არ ვიცი მათ რა შედეგის იმედი შეიძლება ჰქონდეთ. 

„ვნახეთ, რომ საუბარი დაიწყო „ლელოს“ და გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე, რაღაცა ალიანსზე. ეს კარგია და ამას თუ მოახერხებენ, საკმაოდ საინტერესო მოცემულობას მივიღებთ. ასევე უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნა. ისევ და ისევ ვიმეორებ მუდმივად, რომ საერთო სია ახლა აწყობს მხოლოდ „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს არ აწყობს ოპოზიციას, რომელსაც სურს, რომ პარლამენტის გარეთ არ დარჩეს“, - ამბობს ძაბირაძე.

რაც შეეხება კონსერვატორულ ფლანგზე „პატრიოტთა ალიანსის“ და „ალტ ინფოს“ გაერთიანებას, ძაბირაძე მიიჩნევს, რომ „ოცნებას“ ამ მიმართულებით ნამდვილად საინტერესო კონკურენტი გამოუჩდა, თუმცა „ხალხის ძალაც“ სწორედ იმისთვის არის შექმნილი, რომ ამ მიმართულებაზე იმუშაოს. ამიტომ აქაც საინტერესო კონკურენცია იქნება. 

„ახლა რადგან ყველა რეგიონებში წავა და დედა ქალაქი ასე თუ ისე დაცარიელდება, ოპოზიციამ ამ დროში უნდა შეძლოს და სწორედ რეგიონებზე იმუშავოს. იქ შეხვდეს უშუალოდ ხალხს და წარუდგინონ რეალურად რას და როგო აპირებენ. შემოდგომისთვის, ანუ სექტემბერში, საზოგადოებამ უკვე საბოლოოდ უნდა იცოდეს, ვინ სად არის და ვისთან“, -ამბობს ძაბირაძე.

„პარლამენტში შესვლის სურვილი უფრო ძლიერია, ვიდრე „ოცნების“ დამარცხების იმედი“

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციის გადაჯგუფება ნაკლებად მოსალოდნელია და არ ელის, რომ ისინი რამეზე ჩამოყალიბებას ან თანამშრომლობას შეძლებენ. საყვარელიძე „რეზონანსთან“ ფიქრობს, რომ ოპოზიცია, რომელიც მხარდაჭერას ელის არა საკუთარი მოსახლეობისგან, არამედ ქვეყნის გარედან, საკმაოდ სუსტია და გამარჯვების შანსები კიდევ უფრო ნაკლები აქვს. 

„არ მგონია ოპოზიციამ რაღაცაზე ჩამოყალიბება შეძლოს. საერთო სია უფრო რეალური მგონია, ვიდრე გადაჯგუფება. ამის მიზეზი კი არის ის ამბიციები და პოლიტიკური ამპარტავნობა, რომელიც ჩვენს პოლიტიკოსებს აქვთ. ჩვენთან ხომ ყველას პირველობა უნდა და აქ ვინ რისი დამთმობია? მაშინ გამოდის, რომ პარტიებზე უნდა თქვან უარი და სერთო სია უნდა გაკეთდეს. აქ კი ყველას 10-ეულში და 20-ეულში მოხვედრა უნდა. 

„ამიტომ არ ველი, რომ ეს გადაჯგუფება იქნება. უფრო ველი, რომ ბევრი  ვერ გაუძლებს „ნაციონალების“ ცდუნებას. ბევრს პარლამენტში შესვლა უფრო უნდა, ვიდრე იმედი იმის აქვს, რომ ამ ხელისუფლებას დაამარცხებს. ეს ლოგიკურიც არის, რადგან მმართველ გუნდს კვლავ აქვს შანსი ხელისუფლებაში უმრავლესობით დააბრუნეს. ამიტომ საუბარი გადაჯგუფება-გადმოჯგუფებებზე უფრო დასავლეთიდან წამოსული სურვილი მგონია, ვიდრე რეალობა. იქიდან უფრო არის იმის მოლოდნი. აქ ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტში კი სრულიად სხვა რეალობაა“, - ამბობს საყვარელიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×