რეზონანსი
04.07.2024

სანქციების თემაც, ჩვენ ვხედავთ, რომ ცოტა ბუნდოვან ხასიათს ატარებს, ვინაიდან ამერიკის შეერთებული შტატებიც ხედავს, რომ საქართველო არის პარტნიორი, რომელსაც აქვს თავისი მყარი დამოკიდებულება ამ პარტნიორობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში" საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვითარების გარკვეული გართულება გამოწვეული იყო უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, რამაც ძალიან მკაფიო ხასიათი მიიღო.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველომ უარი განაცხადა პირდაპირი სანქციების დაწესებაზე რუსეთისთვის, უარი განაცხადა სიტუაციის იმდაგვარ ესკალაციაზე, რაც რეალურ საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს რუსეთის მხრიდან პროვოკაციების და შესაძლო პირდაპირი სამხედრო აგრესიის განხორციელების მიმართულებით. გარკვეულწილად, საქართველომ, ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა იყოს გამჭვირვალე, ისე, როგორც საქართველოს მთელი ხელისუფლების საქმიანობა არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. ამან გამოიწვია გარკვეული უკმაყოფილება, მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რაც, ბუნებრივია, აი ამ პრობლემების წარმოშობას უწყობდა ხელს. სწორედ ამან გამოიწვია საქართველოზე გარკვეული ზეწოლა, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ზეწოლა მაინც კონტრპროდუქტიულია, არ არის შედეგის მომტანი და არც იმ მიზნების, საერთო მიზნების და ამოცანების გადაწყვეტას უწყობს ხელს, რაზეც ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო დროებითი მოვლენა, პოლიტიკური მოვლენა, გარკვეული პოლიტიკური კონტექსტი არის აქ ამაში ჩადებული. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ ჩვენი ოპოზიცია მთლიანად არის გარე დახმარებაზე დამოკიდებული და გარკვეულწილად, ასეთი პოზიცია და განცხადებებიც დასავლეთის მხრიდან, გარკვეულწილად ემსახურება იმასაც, რომ რომ ამ ოპოზიციას სასუნთქი გაუჩნდეს ცოტა და რაღაცნაირად, არჩევნების წინ, სახე შენარჩუნებული ჰქონდეთ.

ეს სანქციების თემაც, ჩვენ ვხედავთ, რომ ცოტა ბუნდოვან ხასიათს ატარებს, იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც ხედავს, რომ საქართველო არის პარტნიორი, რომელსაც აქვს თავისი მყარი დამოკიდებულება ამ პარტნიორობასთან დაკავშირებით და ის მიმდინარე გარკვეული საკითხები, რამაც გამოიწვია გარკვეული სიტუაციის ბუნდოვანება, ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში გაწოვადია, აუცილებლად და პარტნიორულ ურთიერთობას ალტერნატივა არ გააჩნია", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×