ელზა პაპოშვილი
26.06.2024

დასავლეთი ფსონს ოპოზიციის ლიდერობაზე სალომე ზურაბიშვილზე დებს - ასეთი აღმა აქვს მმართველ გუნდს და ისინი დარწმუნებული არიან, რომ ბრიუსელში 6 პარტიის მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია პრეზიდენტ ზურაბიშვილის „ქართული ქარტიის“ განმტკიცებაა. თუმცა, მათი შეფასებით, დასავლეთი ცდება, როცა ქვეყნის შიგნით ნაკლებად რეიტინგულ პრეზიდენტზე ფსონს აკეთებს. ამ მოსაზრებას ანალიტიკოსთა ნაწილიც იზიარებს.

პრეზიდენტის „ქართული ქარტიის“ შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ნაწილი „ერთიანობის დეკლარაციას“ ბრიუსელში აწერს ხელს. ოპოზიციური პარტიების შეხვედრა ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ევროპის სახალხო პარტიის დეპუტატების მიერ იყო ორგანიზებული. დიდი ალბათობით, სწორედ მათი სურვილით ჩაიწერა დეკლარაციაში, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა წარადგინონ. 

ოპოზიციაში კი აცხადებენ,  რომ დეკლარაცია არ ნიშნავს პარტიული გაერთიანების ვალდებულებასა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით გასვლას. თუმცა ადასტურებენ, რომ  დეკლარაცია სრულად შეესაბამება „ქართულ ქარტიასა“ და მის მიზნებს. ხოლო ერთადერთი დამატებითი პუნქტი, რაც გაჩნდა დეკლარაციაში, არის ის, რომ სწრაფად არის საჭირო სტრატეგიულ ხაზზე შეთანხმება და 8 ივლისისთვის თითოეულ პარტიას უნდა ჰქონდეს საბოლოო პოზიცია ერთობასთან დაკავშირებით - იქნება ეს ერთიანი სია, თუ რაიმე ტიპის იზოლირებული ერთობები. 

ანალიტიკოსებს კი ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ბრიუსელში საპრეზიდენტო კანდიდატად კვლავ სალომე ზურაბიშვილი სურთ. თუმცა, მათი აზრით, ეს მცდარი არჩევანია, რადგან ზურაბიშვილს არც ზოგადად ქვეყნის შიგნით და არც ოპოზიციაში ავტორიტეტი არ აქვს.    

პოლიტიკური შეფასებები თბილისში 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით მოქმედი პრეზიდენტი რადიკალური განწყობილი ოპოზიციონერი ლიდერების „თოჯინა“ გახდა.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ძალიან წვალობენ. სინამდვილეში არიან ერთი ქოლგის ქვეშ. ნათელაშვილის ფანჩატური სალომეს ფანჩატურად გადაიქცა. თავად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ დავალებების მიმღებების საერთო ქვაბში იხარშება, სამწუხაროდ და ამის თქმა ცოტა მძიმეა, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა. ადამიანი, რომელიც გუშინ მას რეზიდენტს უწოდებდა, მისი დავალების მიმცემი გახდა. დავალების მიმღებისგან დავალებებს იღებს. მესამე რგოლია დავალების მიმღებთა შორის“, - განაცხადა მდინარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოლოდინი აქვს, თუ არა, რომ ოპოზიცია ერთიანობის დეკლარაციის ფარგლებში საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილს დაასახელებს, მდინარაძე ამბობს, რომ „რა თქმა უნდა, ისინი თავის თოჯინას მხარს დაუჭერენ“.

„სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი მათი თოჯინა გახდა. რა თქმა უნდა, ისინი თავის თოჯინას მხარს დაუჭერენ. როგორც თოჯინების თეატრშია, ერთი-ერთში, რა მოძრაობასაც ისინი ვერბალურად ახორციელებენ, ზუსტად იგივე ტრაექტორიით სალომე ზურაბიშვილი მოძრაობს. როგორც გააქნევენ ხელს ჩვენი „ნაცი“ ოპონენტები, ზუსტად იგივეს სალომე ზურაბიშვილი იმეორებს. დააკვირდით, საერთო „მესიჯ ბოქსში“ არიან“, - აღნიშნა მდინარაძემ.  

თუ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის საერთო კანდიდატად დასახელდება „ლელო“ მას მხარს დაუჭერს - ასეთია პარტიის ერთ-ერთი წევრის სალომე სამადაშვილი პოზიცია. მისი შეფასებით, ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში, ევროპული გზის შესანარჩუნებლად ზურაბიშვილმა ბევრი რამ გააკეთა.

„თუ იქნება საერთო ინიციატივა მისი კანდიდატურის მხარდაჭერაზე, ვფიქრობ, რომ „ლელო“ იქნება  მათ შორის ვინც დაუჭერს მხარს“, - განაცხადა სამადაშვილმა. 

რატომ სურთ დასავლეთში ზურაბიშვილი

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება და მასზე დასავლეთიდან ფსონის დადება ღიმილის მომგვრელია. 

„მომდევნო საქართველოს პრეზიდენტი ე.წ. 300-კაციანი ხმოსნების საარჩევნო კოლეგიამ უნდა აირჩიოს. ისინი კი  როგორც პარლამენტიდან ყალიბდებიან, ასევე საკრებულოებიდან. ასეთ შემთხვევაში, როცა ოპოზცია არაა დარწმუნებული რომ მოიგებს, როგორ შეიძლება, რომ ამ 300 ხმოსანში უმრავლესობა ოპოზიციის ფლანგზე გადავიდეს? როგორ წარმოუდგენიათ თავისი საპრეზიდენტო კანდიდატის გაყვანა, ვერ გავიგე. ეს არის ამომრჩევლის მორიგი მოტყუება და პოლიტიკური ბლეფი. 

„ძალიან კარგად ჩანს უკვე, რომ გარე აქტორების მხრიდან ოპოზიციის გაერთიანებაა დაკვეთილი, ხოლო მათი მოთხოვნაა, რომ ზურაბიშვილი ლიდერი იყოს. ეს უკვე ძალიან ღიად ჩანს და დასამალი არავისთვის აღარაფერია“,-ამბობს ანალიტიკოსი. 

მისივე თქმით, „ზურაბიშვილზე დადებული ფსონი უკვე წაგებული თამაშია“ და პოლიტიკური აქტორები, რომლებიც საქართველოს შიდა საქმეებში ერევიან, ან ვერ აცნობიერებენ რა უნდათ, ან ამას მიზანმიმართულად აკეთებენ. 

„ძალიან ღიად და ცხადად ჩანს, რომ  ზურაბიშვილმა  დასავლეთიდან მიიღო დაკვეთა, რომ თავი ოპოზიციონერად და მათ ლიდერად წარმოაჩინოს. თუმცა იმას ვერავინ აანალიზებს, რომ ისედაც ურეიტინგო პრეზიდენტი მისმა ბრიყვულმა და არაადეკვატურმა ქცევებმა კიდევ უფრო ურეიტინგო გახადა. ამიტომ არ ვიცი დასავლეთში ვის ჰგონია, რომ მას ჩვენს მოსახლეობაში ვინმეზე გავლენა და ავტორიტეტი აქვს. ზურაბიშვილი უფრო ტრაგიკომიკურ პერსონაჟად იქცა და ისევე გაუფასურდა მისი პოლიტიკური ღირებულება, როგორც მამუკა ხაზარაძის და გიორგი გახარიასი. ამათაც საბოლოო ჯამში 5%-იანი ბარიერი რომ გადალახონ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაუხდებათ სახვეწარი საერთო სიაზე. ასე რომ, მოვლენები მგონია საინტერესოდ განვითარდება და ზურაბიშვილზე დადებული ფსონი უკვე წაგებული თამაშია“, - ამბობს აბაშიძე.   

ანალიტიკოსი პეტრე მამარაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ დასვლეთს ასეთი ფსონები არაერთხელ გაუკეთებია პოლიტიკოსებზე, რომელიც ქვეყნის შიგნით არ ყოფილან რეიტინგული. ამიტომ ზურაბიშვილის ოპოზიციის ახალ ლიდერად  წარმოჩენა მისთვის გასაკვირი არ არის. 

„ქალბატონმა სალომემ, რომელიც საფრანგეთში არის დაბადებული და გაზრდილი, დიპლომატად მუშაობდა და  გარკვეული სანაცნობო წრე აქვს ევროპაში, მოახერხა და უკრაინის ომის შემდეგ ე.წ. პროდასავლელი ლიდერის იმიჯი შეიქმნა. იქ მაკრონს ხვდებოდა, გერმანიის კანცლერს, ევროპული ტელევიზიებით ხშირად გამოდიოდა, ეს იყო ფრანგულ, გერმანულ და ბრიტანული არხები; ანალიტიკურ ცენტრებში იწვედნენ და აქვეყნებდა სტატიებს. მისი ერთადერთი პოზიცია იყო და არის ის, რომ საქართველოს სწორი გზა ევროპაში ინტეგრაციაა და ქართველი ხალხი ამას იმსახურებს. 

„თუმცა ზურაბიშვილი ამტიცებს, რომ გაჩნდა ერთი პრობლემა და რომ ამას ხელს უშლის კრემლის მიერ გამოგზავნილი ივანიშვილი.  ზურაბიშვილისთვის იმპიჩმენტი, საკონსტიტუციო სასამართლო და ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა, პირიქით დახმარება აღმოჩნდა. დასავლეთში ეს ბევრისთვის ცალკე გმირობის ტოლფასია ზურაბიშვილის მხრიდან. ამიტომ ჩვენს გაკოტრებულ ოპოზიციურ ველზე ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილი ძალიან კარგი კანდიდატია. ოპოზიციურ ფლანგზე ხედავენ, რომ სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში სავალალოა, ამიტომ ზურაბიშვილი ერთადერთ იმედად ესახებათ“, - ამბობს მამარაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×