რეზონანსი
25.06.2024

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, გერმანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ბუდუ ზივზივაძის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. ვილი სანიოლმა აღნიშნა, რომ რამდენიმე თვის წინაც აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ძირითად შემადგენლობაში ზივზივაძეს ათამაშებდა, გიორგი მიქაუტაძე კი სათადარიგოთა სკამზე დასვა. მწვრთნელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილებებს ნაკრების შემადგენლობის შესახებ მხოლოდ თავად იღებს.

„ბუდუ გუნდის ნაწილია. მან ითამაშა თურქეთის წინააღმდეგ რამდენიმე წუთი. ჩეხეთის წინააღმდეგ მატჩში განსხვავებული გადაწყვეტილება მივიღე. პორტუგალიასთან თამაშისთვის ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. თქვენ ამ ყველაფერს პოლიტიკას უკავშირებთ, მაგრამ მე პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ. მინდა მივიღო სწორი გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ საფეხბურთო ფაქტებზე იქნება დაფუძნებული. 6-7 თვის წინ ბევრი მაკრიტიკებდა იმის გამო, რომ მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა და ბუდუს დავაწყებინე ძირითადში თამაში. ახლა კი ვიღაც ბრიყვები ყოველდღიურად მაკრიტიკებენ საფეხბურთო მიზეზების გარეშე და აღარ შემიძლია ამის მიღება. მე ფეხბურთის მწვრთნელი ვარ, ვინ ითამაშებს და ვინ არა, ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია, არჩევანი ხდება მხოლოდ საფეხბურთო კუთხით და შემადგენლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ მე ვიღებ", - განაცხადა სანიოლმა.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა ხვალ, 23:00 საათზე დაიწყება. 2 მატჩის შემდეგ ეროვნული ნაკრები 1 ქულით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა, ჯგუფიდან გასასვლელად კი „ჯვაროსნებს" პორტუგალიის დამარცხება სჭირდებათ. თუმცა არის იმის შანსიც, რომ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად ფრეც იყოს საკმარისი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×