თამთა ჩაჩანიძე
23.05.2024

სტრასბურგის სასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი ვალერი გელაშვილის და სანდრო გვირგვლიანის საქმეებზე არ დააკმაყოფილა. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის თქმით, გადაწყვეტილება დასტურია, რომ სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება განხორციელდა „ევროპული სტანდარტებით და დასრულდა სიმართლის გამარჯვებით", ოპოზიციისგან კი ამ თემაზე გამოხმაურებები თითქმის არ იყო. ამაზე არც თავად სააკაშვილს და არც მის წარმომადგენელს კომენტარი არ გაუკეთებია.

„სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამსხვრია ძალიან ბოროტი მითი, თითქოს ექსპრეზიდენტს პოლიტიკურად სდეევნიდნენ, მის წინააღმდეგ ე.წ. შეთითხნილი საქმეები იყო და ა.შ. სტრასბურგიდან მერამდენედ უნდა ჩამოვიდეს ვერდიქტი, რომ ქართული მართლმსაჯულება მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და თავისუფალია და გადაწყვეტილებებს კანონის შესაბამისად იღებს?!" - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულთა შეწყალების საქმეებზე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ პრესსრელიზში ნათქვამია: „არ არსებობს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში". საჩივარში სააკაშვილი აღნიშნავდა, რომ 2018 წლის 28 ივნისს მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა ყოფილ დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე, გადაუმოწმებელ მტკიცებულებას ეფუძნებოდა.

რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო გამოტანილ განაჩენს, სამი წლით თავისუფლების აღკვეთას, სააკაშვილი საჩივარში აღნიშნავდა, რომ განაჩენი ეფუძნებოდა გადაუმოწმებელ მტკიცებულებას, რითაც კიდევ ერთხელ დაირღვა კონვენციის მე-6 და მე-7 მუხლები. გარდა ამისა, საჩივარში წერია, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლე არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.

სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე" კი დაადგინა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არცერთი მუხლი არ დარღვეულა.

„განმცხადებელი მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (დ) პუნქტის მიხედვით ჩიოდა, რომ მის მიმართ 2018 წლის 5 იანვრისა და 28 ივნისს გამოტანილი განაჩენი ეფუძნებოდა შეუმოწმებელ ჩვენებებს და სხვა არასანდო მტკიცებულებებს. ამასთან, ის აცხადებდა პრეტენზიას, რომ მოსამართლე გ.ა., რომელმაც საქმე პირველი ინსტანციის საქმეზე განიხილა, არ ჰქონდა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. სასამართლო ასკვნის, რომ მოსამართლე გ.ა.-ს, რომელმაც განიხილა განმცხადებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე და განაჩენი გამოტანა მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 2018 წლის 5 იანვარს, არ აკლდა დამოუკიდებლობა ან მიუკერძოებლობა. შესაბამისად, ამ კუთხით კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა არ მომხდარა.

„სასამართლო ასკვნის, რომ სხვა თუ არაფერი, განმცხადებლისათვის საღი აზრის საკითხი უნდა ყოფილიყო იმის განჭვრეტა, რომ სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა მის გადაწყვეტილებას, ფარული შეთანხმება ჰქონოდა იმ ადამიანებთან, რომლებმაც უშუალოდ ჩაიდინეს მკვლელობა, ან ჰქონდათ შეთქმულება ამ ძალიან მძიმე დანაშაულის ფარგლების დასაფარად. უფრო მეტიც, განმცხადებელს, წამყვან პოლიტიკოსს - რომელსაც ჰქონდა ფართო იურიდიული გამოცდილება და დიდი გამოცდილება იურიდიულ და საჯარო მმართველობის საკითხებში - უფრო მეტი სიფრთხილით უნდა ემოქმედა, ვიდრე შეიძლება მოელოდე რიგითი ადამიანისგან და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოევლინა იმ რისკების სიმძიმის შეფასებისას, რომელიც შეიძლება წარმოშობილიყო გირგვლიანის მკვლელობის საქმის უკან მდგომ დამნაშავეებთან მისი ფარული შეთანხმებით.

„განმცხადებელს არ შეუძლია პრეტენზია გამოხატოს, რომ მას არ შეეძლო გაეგო მისი ქმედების დანაშაულებრივი ხასიათი, რომელიც გამოიყენა შეწყალების უფლებამოსილების მართლმსაჯულების გარკვევის მიზნით. განმცხადებელს შეეძლო გონივრულად განეჭვრიტა, რომ მისი საქციელი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევდა. აქედან გამომდინარეობს, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას.

„განმცხადებლის მტკიცებით, ხელისუფლების ფარული დღის წესრიგი იყო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმის გამოყენება პოლიტიკური დევნის მიზნით, რაც არღვევდა კონვენციის 18-ე მუხლს. სასამართლო, მის ხელთ არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალების გათვალისწინებით, ადგენს, რომ ხელისუფლების სამართლიანი სურვილი იყო განმცხადებლის პასუხისგებაში მიცემა მისი დანაშაულისთვის და რომ, საკმარისი საპირისპირო მტკიცებულების არ არსებობის გამო, ფარული მოტივის ბრალდება დაუსაბუთებელია. ამგვარად, სასამართლო ასკვნის, რომ კონვენციის მე-18 მუხლთან დაკავშირებული საჩივრები აშკარად დაუსაბუთებელია და უარყოფილი უნდა იყოს", - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

აღსანიშნავია, რომ კონვენციის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევაზე მოსამართლეების აზრი გაიყო. ხუთმა მოსამართლემ მიიჩნია, რომ სააკაშვილის უფლებები არ დარღვეულა, ორმა კი განსხვავებული აზრი გამოთქვა და შესაბამისად, ხმა მისცა სასამართლოს დასკვნის წინააღმდეგ, რომ კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ დამოუკიდებელ მედიკოსთა მიერ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასებული იქნება, როგორც დამაკმაყოფილებელი, მაშინ შესაძლოა უახლოეს პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანონ.

„ის მავნებლური ნარატივები, რაც არა მხოლოდ ნაცოპოზიციისგან, არამედ საგარეო აქტორებიდანაც მოდის, რომ თითქოს „ქართულმა ოცნებამ" ქართული მართლმსაჯულება მიიტაცა, საქართველოს სასამართლოში კლანური მმართველობაა - ეს ყველაფერი ნაცპროპაგანდის ყავლგასული ჩალის ფასის ტოლფარდი ტყუილი და დეზინფორმაციაა.

„რამდენჯერაც სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დადგა საერთაშორისო მართლმსაჯულებაში, იმდენჯერ წააგო. როგორც სააკაშვილმა, ასევე ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და კიდევ სხვებმა. ეს ნათელი დასტურია იმისა, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში რეფორმების სწორად განხორციელდა და ჩვენი სასამართლოს ნებისმიერი დამუნათება, საიდანაც არ უნდა იყოს ეს, ბოროტი სიყალბე და ადვილად მსხვრევადი მითია.

„როგორც იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ აღნიშნა, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარება შეფასებულია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიკოსების მიერ, როგორც დამაკმაყოფილებელი, ის ისევე როგორც ნებისმიერი პატიმარი, ექვემდებარება სამოქალაქო კლინკიდან ციხეში გადაყვანას.

„ჩვენ მანამდე ასევე ვნახეთ, რომ თავად სააკაშვილის ადვოკატმა გამოიტანა საჩივარი სტრასბურგიდან, რომ ის იყო მძიმედ ავად, იყო ვითომ ნაწამები და ა.შ. ჩვენ ვხედავთ და გუშინაც ვნახეთ, რომ სააკაშვილი მშვენივრად გამოიყურება ვიდეოჩართვისას, ძალიან დიდი ხანია დადგა ის ჟამი, როდესაც მან ციხეში ისევე უნდა მოიხადოს სასჯელი, როგორც სხვა ნებისმიერმა პატიმარმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ამ გადაწყვეტილებაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგი გამართა, მისი თქმით, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა მთავრობის პოზიცია, რომ პრეზიდენტის შეწყალების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ დისკრეციას და მისი ბოროტად გამოყენება, შესაძლოა, დასჯადი იყოს. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ არ მიიღო განსახილველად მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი პრეტენზია, თითქოს მის მიმართ პოლიტიკური დევნა განხორციელდა. ბრეგაძის თქმით, „სტრასბურგის გადაწყვეტილება დასტურია, რომ სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტებით და დასრულდა სიმართლის გამარჯვებით".

„როცა მოვა დრო, აუცილებლად დაბრუნდება", - ასე უპასუხა რატი ბრეგაძემ კითხვას, იგეგმება თუ არა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა. ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი ციხეში აუცილებლად დაბრუნდება.

„მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, შესაბამისად, ისიც აუცილებლად დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც იყო, ან სხვაგან",- განაცხადა მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×