ნატალია ჯვარიძე
04.06.2024

„ოცნება" ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს აინიცირებს, რომელთა საყოველთაო განხილვა რეგიონებში ერთი თვე მიმდინარეობდა. ეს შეიძლება ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ვნებათაღელვის საფუძველი გახდეს. მითუმეტეს, რომ ამ პაკეტის გათვალისწინებულ ზოგიერთ ცვლილებას საზოგადოების მნიშნელოვანი ნაწილის მხრიდან უკვე მოჰყვა მკვეთრად უარყოფითი შეფასებები. რისთვის სჭირდება ეს ყველაფერი ხელისუფლებას?

აღსანიშნავია, რომ ცვლილებათა ეს პაკეტი შეეხება როგორც ცალკეულ კანონებს, ისე კონსტიტუციას. ეს კი ნიშნავს, რომ ამ ცვლილებების სრულად მისაღებად პარლამენტში უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება საჭირო. შესაბამისად, მმართველი პარტია ამას მხოლოდ თავისი ხმებით ვერ შეძლებს და ოპოზიციის მხარდაჭერაც დასჭირდება.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია საპარლამეტო არჩევნების წინ ამით კონსერვატიულად გამწყობილი ამომრჩევნების გულის მოგებას ცდილობს და მეორეს მხრივ, შეეცდება ამ ინიციატივისადმი ოპოზიციის უარყოფითი დამოკიდებულება ისევ ოპოზიციის დისკრედიტაციისათვის გამოიყენოს.

რას გულისხმობს ცვლილებები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, ეს არის 19 კანონისგან შემდგარი პაკეტი, საიდანაც 1 ძირითადია და ამ საკანონმდებლო პაკეტით 8 საკითხი მოწესრიგდება, რომელიც ქორწინებას, შვილად აყვანას, სქესის შეცვლის პროცედურებს, ლგბტ პროპაგანდას, სექსუალური უმცირესობების შეკრებას ეხება.

პარლამენტის სპიკერმა მედიას 19 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტის ძირითადი ასპექტები გააცნო:

1. დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ქორწინებით დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება - არ იქნება კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის.

2. ერთი სქესის წამორმადგენლები (ჰომოსექსუალი ადამიანები) ბავშვს ვერ აიყვანენ.

3. აიკრძალება სქესის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.

4. პირადობაში ან სხვა სახის დოკუმენტში საპირისპირო სქესის მითითება აიკრძალება.

5. საგანმანათლებლო დაწესებულებებში ლგბტ პროპაგანდის წარმოება და ერთსქესიანების შესახებ ინფორმაციის გავრცელება დაუშვებელი გახდება.

6. ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელება მაუწყებლებს აეკრძალებათ - შეზღუდვა კინოთეატრებში გასულ ფილმში მსგავსი შინაარსის კადრებსაც შეეხება.

7. დაუშვებელი იქნება საჯარო შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც მიმართული არის ადამიანის თავისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

8. ცვლილება შეეხება შრომით ურთიერთობებს როგორც კერძო, ისე საჯარო დაწესებულებებში. ბათილი იქნება ცნობილი შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ.

გარდა ამისა, პაპუაშვილისვე თქმით, 17 მაისს ოფიციალურად დაწესდება „ოჯახის სიწმინდისა და ოჯახის პატივისცემის დღე" და ის უქმე დღედ გამოცხადდება.

რა მიზანი აქვს „ოცნებას"

ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით, ხელისუფლებას ამ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებით ორი მიზანი აქვს - ერთის მხრივ, იმის დემონსტრირება, რომ ისინი ოჯახურ ღირებულებებს იცავენ და მეორეს მხრივ, ოპოზიციის დისკრედიტაცია და იმის ჩვენება, რომ ოპოზიცია ამ ღირებულებებს ებრძვის.

„ოცნებამ" ახლა პირველ რიგში საინფორმაციო ომი გააგრძელა. მათი მიზანია ყველა განსხვავებული მოაზროვნე ადამიანის დისკრედიტაცია. ასევე ცდილობენ საზოგადოებას დაანახონ, რომ ვითომ ისინი ოჯახურ ღირებულებებს იცავენ, თუმცა არა ე.წ კოლექტიური „ნაცმოძრაობა".

„ხელისუფლებამ ამით ოპოზიცია კი არ ჩააგდო რთულ მდგომარეობაში, არამედ ქვეყანა და ხალხი. ოპოზიცია იტყვის, რომ „ამ ლგბტ პროპაგანდას მე არ ვეწევი", განაცხადებს, რომ ეს მორიგი დეზინფორმაციაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. „ოცნებამ" დაასახლოს ერთი მაგალითი მაინც, როცა ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდას აწარმოებდა. ამის არცერთი მაგალითი არ არსებობს, ამიტომაც აქ უკვე ჯერი საზოგადოებაზეა, რომელებმაც დაიჯერეს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქარხნებს გახსნიდა და საწვავის ფასი ლარით შემცირდებოდა. თუ რაღაცები ისევ დაიჯერეს, მაშინ, ასე ვთქვათ, ევროინტეგრაციაზე ლაპარაკისთვის ჯერ მზად არ ვართ", - ამბობს ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მთავარი მოტივი ტრადიციული ფასეულობების დაცვაა. მისივე აზრით, თუკი ამ საკანონმდებლო ინიციატივასაც დასავლეთიდან ისეთივე ვნებათაღელვა მოჰყვა, როგორც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს, ეს ისევ რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს და გამოვა, რომ საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს თავად დასავლელი აქტორები ქმნიან.

„ხელისუფლას ამ კანონის მიღება იმისთვის სჭირდება, რომ ეროვნული და ტრადიციულ ფასეულობები დაიცვას. ამ ცლილებების რუსულად მონათვლა სრული უზნეობა და სიბრიყვეა. გადახედონ ამ კანონპროექტს ე.წ კრიტიკოსებმა, თუ რა პრაქტიკაა ამერიკის არაერთ შტატში. აღარ ვლაპარაკობ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის პოლიტიკაზე, რათა მავნებლური და ე.წ. გენდერული იდეოლგიისგან საზოგადოება დაიცვან. რაც შეეხება უმცირესობების, ისინი დაცულები არიან.

„რადიკალური ოპოზიცია რომ რთულ მდგომარეობაშია, ამის ჩვენებას ეს საკანანომდებლო ცვლილებებიც არ სჭირდება. ისინი მუდმივად ამ რეჟიმში არიან და ამას ამომრჩეველი არ პატიობს. მათმა დასავლელმა პარტნიორებმა არ იციან ქართული საზოგადოების პრიორიტეტი რა არის და კანონპროექტის ჩავარდნას მხარს უჭერენ. ეს მავნებლური რუსული პროპაგანდის წისქვილზე ასხმას წყალს და თავად დასავლელი აქტორები ანტიდასავლურ განწყობებს ქმნიან", - აცხადებს გია აბაშიძე „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×