ნატალია ჯვარიძე
23.06.2024

საკურორტო სეზონი ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი სკანდალით დაიწყო, რომელმაც უკვე შეიძინა პოლიტიკური დატვირთვა. საუბარია ე.წ. საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლითაც აფხაზეთში ჩასული ტურისტული ჯგუფების მომსახურების უფლება რუს გიდებსაც ექნებათ. ამას აფხაზი გიდების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ თანამდებობიდან გადადგა დე ფაქტო ტურიზმის მინისტრი. რატომ გახდა ეს ცვლილება საჭირო და მოყვება თუ არა ამას სერიოზული დაპირისპირება?

აფხაზური „ტელეგრამ" არხებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია სანქტ-პეტერბურგში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე მოგზაურობისას რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეთანხმდა, რომ უახლოეს მომავალში აფხაზეთში რუსი გიდების მუშაობაზე მოქმედ აკრძალვას გააუქმებს.

აფხაზური საექსკურსიო კომპანიები შეშფოთებულნი არიან ამ გადაწყვეტილებით, რადგან ისინი ვერ გაუწევენ კონკურენციას რუსულ კომპანიებს. დე ფაქტო ხელისუფლების ამ ინიციატივის დასაპირისპირებლად სპეციალური შტაბიც კი შექმნეს. შტაბის მუშაობის პირველი 24 საათის განმავლობაში მას ტურიზმის ათასზე მეტი თანამშრომელი შეუერთდა.

აფხაზეთში აქამდე მოქმედი ე.წ. კანონმდებლობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ტურისტების ჯგუფების მომსახურების უფლება მხოლოდ „აფხაზეთის მოქალაქეებს" აქვთ. აფხაზი გიდები ამბობენ, რომ ამ წესის შეცვლით ისინი შემოსავლის მთავარ წყაროს დაკარგავენ, რადგან ერთ დღიანი ტურები საკმაოდ შემოსავლიანია და მარტო შარშან ასეთ ექსკურსიაზე სოჭიდან აფხაზეთში 1.2 მილიონი რუსი ტურისტი ჩავიდა.

აფხაზეთი რუს ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და, შესაბამისად, გიდის პროფესია იქ ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით პოპულარულია ერთდღიანი ტურები აფხაზეთში - როდესაც სოჭში დასასვენებლად მყოფი მოქალაქეები ავტობუსებით ან მირკოავტობუსებით ჩადიან აფხაზეთში და ადგილობრივ ღირშესანიშნაობებს ათვალიერებენ - ახალი ათონი, რიწის ტბა და ა.შ.

ასეთი ჯგუფები საზღვარზე ქირაობენ აფხაზ გიდებს, რომელიც ტურისტებს მეგზურობას უწევს, კონკრეტული ლოკაციების დათვალიერებაში ეხმარება, ესაუბრება აფხაზეთის ისტორიის შესახებ და ა.შ. ახლა კი მოსალოდნელია, რომ ამ ტურისტულ ჯგუფებს სოჭიდანვე გაყვებიან რუსი გიდები და მათ აფხაზების მომსახურება აღარ დასჭირდებათ.

აფხაზეთში გიდების შემოსავალი საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით კი ზაფხულში. სწორედ ამან გამოიწვია აფხაზი გიდების უკმაყოფილება, რადგან მათ რუსი კოლეგების საკუთარ ტერიტორიაზე შეშვება არ სურთ. აფხაზური საექსკურსიო კომპანიების თქმით, თუ ეს ცვლილება ამოქმედდება აფხაზეთის მოსახლეობის დაახლოებით 13% საარსებო წყაროს გარეშე დარჩება.

ამ ყველაფრის ფონზე აფხაზეთის ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ე.წ. ტურიზმის მინისტრი თეიმურაზ ხიშბა თანამდებობიდან გადადგა. მან განაცხადა, რომ ინდუსტრიაში შექმნილი ვითარების გამო პოსტი საკუთარი ნებით დატოვა. როგორც მან აღნიშნა, იგი ტურისტული საქმიანობის შესახებ მოქმედ კანონს (ეს კანონი უცხოელი გიდებს აფხაზეთის ტეიტორიაზე საექსკურსიო საქმიანობას უკრძალავს) მხარს უჭერს.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ აფხაზ გიდებს სხვადასხვა ლოკაციებზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, ხშირ შემთხვევაში მითებსა და ზღაპრებს ჰყვებიან, დასმულ შეკითხვებს კი ზერელედ პასუხობენ. მისივე თქმით, შესაძლოა ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლებამ გარკვეული სტანდარტები დააწესოს, რომლის მიხედვითაც გიდები შეირჩევა.

„ამ კანონის ცვლილებას თავისი ლოგიკა აქვს, რადგან აფხაზები იმ თანამედროვე ტურიზმის სტანდარტებს არ შეესაბამებიან, რასაც რუსეთიდან ჩამოსული გიდები ახორციელებენ. ისინი უფრო კომპეტენტური და კვალიფიციურები არიან, ვიდრე აფხაზები. აშკარაა, რომ რუსი ტურისტები მათ გიდებს უფრო ენდობიან, რადგან აფხაზებს ხშირ შემთხვევაში ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, მითებსა და ზღაპრებს ჰყვებიან, დასმულ კითხვებს ვერ პასუხობენ, ან თუ პასუხობენ - ძალიან ზერელედ. ასე რომ, ისინი რუსეთიდან ჩამოსულ გიდებს კონკურენციას ვერ უწევენ. ამიტომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, რომ ტურისტული სფერო უფრო კვალიფიცირებული იყოს.

„პრობლემა ესაა და მე არ ვფიქრობ, რომ ეს სერიოზულ დაძაბულობაში გადაიზრდება. შესაძლოა, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სტანდარტიზაციაზე წავიდეს, ანუ რაღაც გარკვეული სტანდარტები დააწესონ და ვინც შეესაბამება, ისინი დარჩნენ გიდებად, არ ექნება მნიშვნელობა რუსი იქნება თუ აფხაზი. ასეთ ვითარებაში კი რუსეები გაიმარჯვებენ", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილი სიტუაციის დაძაბვას გამორიცხავს, რადგან მიაჩნია, რომ ეს საკითხი პრობლემატური არ არის. როგორც იგი აღნიშნავს, ამ თემას აფხაზებიც არ უყურებენ სერიოზულად.

„ეს არ არის ის პრობლემა, რომ დიდ დაძაბულობაში გადაიზარდოს. ბიჭვინთის თემასაც კი არ მოჰყოლია ძალიან რთული შედეგები, რომელიც გაცილებით უფრო პრობლემატურია, ვიდრე ეს. გიდების გამო სერიოზულ პოლიტიკურ დაპირისპირებას მე ვერ ვხედავ.

„როგორც ჩანს, თეიმურაზ ხიშბა ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდა და ამიტომ გადადგა. სიმართლე გითხრათ, ჩემი აფხაზი მეგობრებისთვისაც ეს თემა იმდენად აქტუალური არ არის, რომ ამას ჩაუღრმავდნენ. მათ მიაჩნიათ, რომ ხიშბა ამ სიტუაციის მსხვერპლი გახდა და ამჯობინა წასულიყო, ვიდრე ვინმეს მხარე დაეჭირა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×