შეიძლება მასშტაბურ პროექტს ბულგარეთი და კიდევ რომელიმე სხვა ქვეყანაც შეუერთდეს
გვანცა წულაია
30.05.2024

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ნელ-ნელა წინ მიიწევს. ამჯერად, მონაწილე ქვეყნებს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნაზე მემორანდუმი გაფორმდა. ახლა კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს და დასკვნის შემდეგ სხვა ეტაპი დაიწყება.  

მასშტაბური პროექტი, რომელიც აზიის ორ ქვეყანას და ევროპის ორ სახელმწიფოს აერთიანებს ძალიან მნიშვნელოვანია. იდეის ინიციატორი საქართველოა და ყველაზე დიდი ინტერესი შავ ზღვაზეა, რადგან ელექტრო კაბელმა სწორედ მის ფსკერზე უნდა გაიაროს. 

პროექტი ნელ-ნელა, თუმცა მაინც წინ მიიწევს. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განმახორციელებელი ოთხი ქვეყნის ერთობლივი საწარმოს შექმნაზე მემორანდუმი გაფორმდა. „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, 2024 წლის 15 მაისს საქართველოში გამართული მე-7 მინისტერიალის გადაწყვეტილების შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ზვიად გაჩეჩილაძემ ხელი მოაწერა აზერბაიჯანის, უნგრეთის და რუმინეთის ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

„შეხვედრაზე განიხილეს ოთხი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი საწარმოს შექმნის პროცედურული და ტექნიკური დეტალები. „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტი მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიის ტრანსპორტირებას საქართველოდან აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ისეთი გადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობით, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამდენიმე ხნის წინ პროექტის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის 35 მილიონი დოლარის ინვესტიცია დამტკიცდა. როგორც ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ განაცხადა, სწორედ ეს თანხა მოხმარდება კვლევის სამუშაოებს. 

„პირველი ეტაპი დასრულდა. მეორე ეტაპისათვის გამოიყო 35 მილიონი დოლარი, რომლითაც უკვე იწყება ფსკერის, სეისმოლოგის და სხვა საკითხების შესწავლა. ყოველ შემთხვევაში, თანხა არსებობს, სურვილიც არის. ძალიან მალე ტექნიკურ საკითხებზე გადასვლას გეგმავენ. ჯერჯერობით მიმდინარეობს კვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მდგრადია ზღვის ფსკერი, სად და როგორ შეიძლება გაიაროს კაბელმა და ა.შ. 35 მილიონი დოლარი სწორედ ამ საქმეების გასაკეთებლად გამოიყო. ერთობლივი საწარმოც უკვე არსებობს და ამ საკითხებზე მიდის მუშაობა”, - განუცხადა „რეზონანსს” გია არაბიძემ. 

მასშტაბურობიდან, ეკონომიკური სარგებლოდან და ინტერესიდან გამომდინარე, პროექტში მონაწილეობის სურვილი რამდენიმე ხნის წინ ბულგარეთმა გამოთქვა, თუმცა მსგავსი გადაწყვეტილება ოფიციალურად არ დადასტურებულა.  

გია არაბიძე არ გამორიცხას, რომ პროექტში მონაწილება ქვეყნების რაოდენობა მართლაც გაიზარდოს. 

„არ არის გამორიცხული, რომ პროექტში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა გაიზარდოს. როდესაც კვლევები დასრულდება და ყველაფერი განისაზღვრება, სხვა დეტალების შემდეგ გახდება ცნობილი. ახლა 1200 მეგავატზეა საუბარი და შემდეგ გაირკვევა, რა საშუალებები არსებობს, ხომ არ შეიძლება ეს 1200 მეგავატი გაიზარდოს. 

ამ ეტაპზე ოთხი სახელმწიფო ფიგურირებს. ბულგარეთს შეერთების სურვილი აქვს, მაგრამ, პრაქტიკულად, არც კონსორციუმის წევრებისგან ვიცი და არც მინახავს ბულგარეთის წარმომადგენლები. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ოთხი ქვეყანა დომინირებს. 

სხვათა შორის, ამ კვლევის საკითხებში საქართველო უფრო დომინანტია, ვიდრე დანარჩენი ქვეყნები, რადგან მთავარი პრობლემა არის შავი ზღვა და მისი საკითხების შესწავლა. ხმელეთზე ქსელის გაყვანა, არ არის პრობლემა, ამიტომ ძირითადი კვლევის მიმართულება და პასუხისმგებლობაც მოდის ჩვენსკენ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ უფრო დომინანტი ვართ ამ ეტაპზე”, - დასძინა „რეზონანსთან” არაბიძემ. 

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის შესახებ მემორანდუმი 2022 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა და მის ხელმომწერებს შორის არიან საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის კონცეფციის მიხედვით, აზერბაიჯანი და საქართველო ელექტროენერგიის მიმწოდებლები, ხოლო რუმინეთი და უნგრეთი მომხმარებლები იქნებიან.  

ბუქარესტში გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულების მიხედვით, საუბარია, შავი ზღვის ფსკერზე 1200-მეგავატიანი წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობაზე, რომლის სიგრძეც 195 კილომეტრია. მაშინ ითქვა, რომ თავად კაბელის მშენებლობას 3-4 წელი დასჭირდება და მსოფლიოში ის ყველაზე გრძელი იქნება. 

ენერგეტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მიწისზედა ტერიტორიის შერჩევისას სიფრთხილე უნდა იქნას გამოჩენილი. როგორც დარგის სპეციალისტმა ანზორ ჭითანავამ განაცხდა, „საქართველოს ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება გადაწყვეტილების მიღებისას, რადგან მცირემიწიანი და მჭირდოდ დასახლებული ქვეყანაა”.

„ყოველი კავშირის გაძლიერება მეზობელ სისტემებთან ურთიერთობაში, არის ყველა ქვეყნის მიზანი და ობიექტური აუცილებლობა. თუ ეს კავშირები გაძლიერდება და ჩვენი ტერიტორია გახდება ტრანზიტისა და ტრასის შემადგენელი ნაწილი, ეს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ასეთი დიდი სიმძლავრეების გატარების პრობლემა მცირემიწიანი და რთული რელიეფის მქონე საქართველოსათვის არის ბევრ პრობლემასთან დაკავშირებული. 

ეს პრობლემები, პირველ რიგში, ითვალისწინებს ტერიტორიების გამოყოფას, სადღაც ხომ უნდა გაიაროს ტრასამ. წყალქვეშა ნაწილი კი არა, არამედ მიწისზედა ნაწილი მაქვს მხედველობაში. მსგავსი ტერიტორია ასეთი მაღალი ძაბვის პირობებში საკმაოდ დიდი და საფრთხის შემცველია გარემოსა და მოსახლეობისათვის. ასე რომ, შერჩევა და შესწავლა უნდა მიწისზედა ტრასას. 

სხვა მხრივ მრავალი კომპონენტი იქნება, რაც მისასამლებელია, მაგრამ ჩემი, როგორც ენერგეტიკოსის მთავარი პრობლემა არის ის, რომ საქართველოს ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს გადაწყვეტილების მიღებისას, რადგან ჩვენ ვართ მცირემიწიანი მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა, სადაც ეს საკითხი სირთულეებთან არის დაკავშირებული”, - განუცხადა „რეზონანსს” ანზორ ჭითანავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×