ნატალია ჯვარიძე
26.05.2024

დასავლეთის სადაზვერვო სააგენტოებში მიაჩნიათ, რომ წლის ბოლომდე უკრაინას ტერიტორიების დიდი დანაკარგი ემუქრება. განსაკუთრებით რთული ვითარება ამ მხრივ ხარკოვის ოლქშია. თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, მიუხედავად რუსეთის მხრიდან საჰაერო დარტყმებისა და ქალაქის განადგურებისა, ხარკოვის მიმართულებაზე რუსეთის შეტევა შემცირებულია. მათივე აზრით, წლის ბოლომდე უკრაინის მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკარგვა ნაკლებად მოსალოდნელია.

გერმანული მედიის მიხედვით, ამ დროისთვის უკრაინის „საერთო სურათი" რუსეთის უპირატესობის გამო ბუნდოვანია. დაზვერვის შეფასებაში ნათქვამია, რომ კიევი 2024 წელს ვერ შეძლებს ინიციატივის ხელში ჩაგდებას და წლის ბოლოსთვის ქვეყანა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს განიცდის.

დასავლური დაზვერვის შეფასებით, უკრაინის მიერ ტერიტორიის მოსალოდნელი დაკარგვა არის „უკრაინის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი თავდაცვითი ორიენტაციისა და მასთან დაკავშირებული ბრძოლების გახანგრძლივების შედეგი".

გერმანიის ბუნდესტაგის სადაზვერვო სამსახურების საპარლამენტო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე როდერიხ კიზევეტერი აცხადებს, რომ უკრაინას საბრძოლო მასალისა და მობილიზაციის პრობლემა აქვს. გერმანელი დეპუტატის თქმით, ამჟამად სიტუაციის შესახებ პესიმისტური ცნობები ვრცელდება, აშკარად იმ მიზნით, რომ აჩვენონ სიტუაციის უიმედობა და ის, რომ სამხედრო მხარდაჭერას აზრი აღარ აქვს, რომლის მიზანია კიევზე „დახვეწილად, მაგრამ სასტიკად" ზეწოლა, რათა მან ტერიტორია დათმოს.

გერმანიის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატმა, ასევე ზედამხედველობის კომიტეტის წევრმა, რალფ შტეგნერმა თქვა, რომ სპეცსამსახურების შეფასება არსებითად სწორია.

გერმანელი დეპუტატის თქმით, გასულ წელს უკრაინის წარუმატებელმა კონტრშეტევამ აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ და თავიდან უნდა აიცილონ უკრაინის დამარცხება, მაგრამ ისინი ვერ უზრუნველყოფენ მის გამარჯვებას.

საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ-მაიორის ვახტანგ კაპანაძის აზრით, ხარკოვის მიმართულებაზე რუსეთის შეტევა შემცირებულია. როგორც იგი „რეზონანსთან" აღნიშნავს, ახლა რუსები მაინც ცდილობენ, რომ მთავარი დარტყმა დონბასის მიმართულებაზე განახორციელონ და უკრაინელებს ყურადღება ხარკოვზე გადაატანინონ. იგი გერმანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა უკრაინამ წლის ბოლომდე მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაკარგოს, არ ეთანხმება.

„ძალიან ძნელია იმის თქმა, თუ სადამდე გაგრძელდება უკრაინის უკან დახევა. ხარკოვის მიმართულებაზე რუსეთის შეტევა შემცირებულია, მიუხედავად საჰაერო დარტყმებისა და ქალაქის განადგურებისა, რასაც რუსები აკეთებენ. ზოგადად მათი შეტევების იმპულსი შემცირებულია. ჯავშანტექნიკას საერთოდ ვეღარ იყენებენ და ძირითადად ქვეითებით უტევენ, რასაც შესაბამისად დიდი მსხვერპლი მოჰყვება ხოლმე.

„მე არ მგონია, რომ უკრაინელებმა ძალიან დიდად დაიხიონ უკან, ვინაიდან ისინი ნელ-ნელა იხევენ და თავდაცვითი ზღუდეების სიღმეში გამაგრებას ახერხებენ. ამჟამად რუსები ვოლჩანსკის პირველ ზღუდემდეც არ არიან მისული. ძირითადად ისინი მაინც ცდილობენ, რომ დარტყმები დონბასის მიმართულებაზე განახორციელონ. ხარკოვი არის უკრაინელების ყურადღების გადამტანი მიმართულება.

„რუსების შეტევების ინტენსივობა არ მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი რაიმე დიდ თავდასხმას აპირებენ. მათი მხრიდან ეს დარტყმები უფრო ჰგავს უკრაინელების სუსტ წერტილებზე შეტევებს, ვიდრე რაიმე მნიშვნელოვანი კონცენტრირებული გარღვევის მცდელობას.

„არ ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე უკრაინა მნიშვნელოვან ტერიტორიებს დაკარგავს, ამის არავითარი წინაპირობა არ ჩანს. ვოლჩანსკიც თუ დატოვეს, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ეს ისედაც მიწასთან გასწორებული ტერიტორიაა", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას შეფასებით კი, უკრანელებმა მოახერხეს ხარკოვის მიმართულებით რუსების შეკავება და ახლა იქ თავდაცვით ბრძოლებს აწარმოებენ. მისივე თქმით, ორივე მხარე საკმაოდ სერიოზული ტიპის ბრძოლებისთვის ემზადება და მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისისთვის რუსები სტრატეგიულ შეტევებზე გადავლენ.

„ფრონტის ხაზზე სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. უკრანელებმა მოახერხეს ხარკოვის მიმართულებით რუსების შეკავება და ახლა იქ თავდაცვით ბრძოლებს აწარმოებენ, თუ არ ჩავთვლით დღევანდელ ინციდენტს, როდესაც რუსებმა ძალიან სასტიკად დაბომბეს ხარკოვის სამოქალაქო სექტრო - დიდი სუპერმარკეტი, სადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს არის გენოციდის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი. პრეზიდენტი ზელენსკიც კი იძულებული იყო ჩასულიყო და იქიდან მიემართა პარტნიორებისთვის

„ფაქტობრივად, რუსეთის შეტევები დონეცკისა და ზაპოროჟიეს ფრონტზეც შეჩერებულია, თუმცა დონეცკის ფრონტის ერთ მონაკვეთზე, ჩასოვ იარზე მიდის საკმაოდ გააქტიურებული ბრძოლები. სამწუხაროდ, იქ რუსებს გარკვეული უპირატესობები აქვთ.

„რთულია იმის განსაზღვრა, უკრაინა წლის ბოლომდე ტერიტორიებს დაკარგავს თუ არა, მაგრამ იმედია ასე არ იქნება და გერმანული მედიის ინფორმაცია დარჩება პესიმისტურ სცენარად, რომელიც არ ასრულდება. როგორც ჩანს, სიტუაცია არის ისეთი, რომ ორივე მხარე ემზადება საკმაოდ სერიოზული ტიპის ბრძოლებისთვის. სავარაუდოდ მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისისთვის რუსები სტრატეგიულ შეტევებზე გადავლენ. მათ უკვე ფარული მობილიზება გამოაცხადეს, რადგან უნდათ, რომ თავიანთი საოკუპაციო ჯარები გაზარდონ და შეტევები გააძლიერონ. ძირითადად საუბარია დონეცკისა და ლუგანსკის სრულ ოკუპაციაზე, ასევე ხარკოვზეც. მიჭირს იმის თქმა თუ რომელ მხარეს ექნება უპირატესობა. ეს დამოკიდებული იქნება უკრაინის დასახმარებლად გაცემულ შემდეგ პაკეტზე", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×