თამთა ჩაჩანიძე
29.05.2024

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა და მოქმედმა საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა სრულიად მოულოდნელი, განსაკუთრებით კი მის გულმხურვალე მხარდამჭერებისთვის გამაოგნებელი განცხადება გააკეთა. ამბობს, მისი პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთი უკრაინაში რომ შეჭრილიყო, „მოსკოვს დაბომბავდა" და „თუ ჩინეთი ტაივანში შეიჭრებოდა - პეკინს".

კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამ საკითხის კომენტირებისას აცხადებს, რომ დღეს რესპუბლიკურმა პარტიამ უფრო მეტად აიღო ანტირუსული სენტიმენტები და რიტორიკა, ვიდრე დემოკრატებმა. მისთვის ტრამპის პოზიცია მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ანალიტიკოსი ამ განცხადებამდეც პროგნოზირებდა, რომ თუ ტრამპს პრეზიდენტად მეორედ აირჩევდნენ, ის რუსეთის მისამართით ბაიდენზე უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებდა.

„ტრამპს უფრო ხისტი და უფრო ქორისებური პოლიტიკა ექნება, რაც რეიგანის პოლიტიკას მაგონებს, რომელიც მეორე ვადისას უფრო დიდი ქორი და მეტი რეაქციონერი იყო საბჭოთა კავშირის მიმართ, ვიდრე პირველი ვადის მმართველობის დროს. ტრამპი ახლა საკმაოდ კარგად მანიპულირებს, რადგან რესპუბლიკურ პარტიას აქვს დიდი შანსი, რომ ხმების უმრავლესობა ისევ მიიღოს. ამერიკულ ისტაბლიშმეტს კი რუსეთზე აქვს აკრეფილი და როგორც ჩანს, ანალოგიური ვარიანტი ჩინეთზეც იქნება.

„დღეს რესპუბლიკურმა პარტიამ უფრო მეტად აიღო ანტირუსული სენტიმენტები და რიტორიკა, ვიდრე დემოკრატებმა. უნდა აღინიშნოს, რომ დელიში დიდი ოცეულის სამიტზე ბაიდენის მიერ წარმოდგენილ გეოეკონომიკურ პროექტს ტრამპი ყველა ვარიანტში გააგრძელებს - ამაზე ბაიდენ-ტრამპს შორის კონსენსუსია. ამას, როგორც ბიზნესმენი, ხელიდან არ გაუშვებს, როგორც ჩინეთმა რუსეთის გავლით გამოიყენა „ერთი სარტყელი - ერთი გზა" და გახდა მსოფლიო გავლენის ცენტრი და აშშ ამ პროექტით რუსეთს უპირისპირდება, აქედან გამომდინარე, ტრამპის პოზიცია ბუნებრივია.

„ის პროცესები, რაც ახლა საქართველოში ხდება, რომ ჩინურ კომპანიას ანაკლიის პორტის მშენებლობა გადაეცა, კიდევ უფრო ასხამს ცეცხლზე ნავთს, რადგან ეს რესპუბლიკელების მთავარი პროექტი იყო - ჩინეთის და რუსეთის ალიანსის ჩაშლა და სტრატეგიული პროექტების განეიტრალება. თუ „ოცნების" პოლიტიკურ ელიტას ჰგონია, რომ ტრამპი მათი მოკავშირეა, ძალიან ცდებიან, ტყუილი იმედები აქვთ. მათ ევროპარლამენტის არჩევნების იმედიც აქვთ და ჩემი ინფორმაციით, უფრო მეტი ანტირაშისტები მოიყრიან თავს, ვიდრე ევროკავშირის დღევანდელი შემდგენლობა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

„ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში მოსკოვს დავბომბავდი თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, და პეკინს - თუ ჩინეთი ტაივანში შეიჭრებოდა"- თქვა ტრამპმა. „ვაშინგტონ პოსტი" წერს, რომ მან ეს განცხადება მისი საარჩევნო კამპანიის დონორებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე გააკეთა. გამოცემის ცნობით, აღნიშნულმა განცხადებამ ღონისძიების დამსწრეების დიდი რაოდენობა გააკვირვა.

„ვაშინგტონ პოსტი დასძენს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ტრამპი იშვიათად ახსენებს უკრაინას.გასულ წელს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომს ერთ დღეზე ნაკლებ დროში „მოაგვარებდა." ხოლო მიმდინარე წლის აპრილში კი თქვა: „როგორც ყველა თანხმდება, უკრაინის გადარჩენა და სიძლიერე ევროპისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე ჩვენთვის, მაგრამ ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია! დაჩქარდი, ევროპავ!"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×