ნატალია ჯვარიძე
03.06.2024

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, მოსკოვისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ალიანსი მზადაა საჭიროების შემთხვევაში თავი დაიცვას, ნატოს ნაბიჯი კი აღმოსავლეთის საზღვრის გაძლიერებისკენ არის მიმართული. რატომ დასჭირდა შოლცს ამ განცხადების გაკეთება და არსებობს თუ არა რუსეთის მხრიდან ნატოს მიმართ პოტენციური საფრთხე?

ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, სადაც ლიეტუვის პრემიერი, ინგრიდა სიმონიტე ესწრებოდა, შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიამ წამყვანი როლი ბალტიისპირეთში ალიანსის გაძლიერების კუთხით ითამაშა.

„იმის გამო, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე განგრძობითია, ჩვენ და მოკავშირეებმა შარშან გადავწვიტეთ დამატებითი შენაერთების განლაგება ბალტიისპირეთის ქვეყნებში", - აღნიშნა შოლცმა და დასძინა:

„უსაფრთხოების პოლიტიკის ეს შემობრუნება აუცილებელია, რადგან რუსეთს დავანახოთ, რომ მზად ვართ ნატოს ტერიტორიის ყოველი კვადრატული ინჩი თავდასხმებისგან დავიცვათ".

შოლცის თქმით, დიპლომატია წარმატებული იქნება მხოლოდ ძლიერი პოზიციიდან, ასევე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ნატოს იმედი ჰქონდეთ.

ვახტანგ მაისაიას აზრით კი, რუსეთს ბელორუსი და ირანი უერთდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უკვე ახალი გამოწვევაა და საფრთხეც დიდია. როგორც იგი აღნიშნავს, ღია წყაროები იძლევა იმის ანალიზის საშუალებას, რომ რუსეთი მზად არის სხვადასხვა დივერსიული ქმედებების განსახორციელებლად.

„როგორ ჩანს რუსეთის მხრიდან არის საფრთხე, რადგან ვიცით, რომ მათ ძალიან აგრესიული პოლიტიკა აქვს და ახლა ბელოურსიც აპირებს გეოპოლიტიკურ მოქმედებაში ჩართვას. გარდა ამისა, როგორც ჩანს რუსეთს ირანიც უერთდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უკვე ახალი გამოწვევაა და რასაკვირელია საფრთხეც იმატებს. თან მათ უკრაინაზე ზეწოლა გააძლიერეს, თან ბალტიისპირეთის ქვეყნებზე იმუქრებიან. როგორც პოლიტიკოსები ამბობენ, მათ თავისუფლად შეუძლიათ ბალტიისპირეთს შეუტიონ და ერთი ხელის მოსმით სუვალკის კორიდორის პრობლემა გადაწყვიტონ. პუტინი კი რას გააკეთებს, ვინ იცის.

„ვერ გეტყვით დაზვერვაში იციან თუ არა, რომ ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან გარკვეული საფრთხეები არსებობს, თუმცა, ღია წყარეობიდან არსებული ინფორმაციების ანალიზი ამ ტენდენციას ასაბუთებს. სადაც ჰიპრიდულ ომს აწარმოებენ, იქაც მზად არიან სამხედრო დივერსიული და სხვადასხვა ტიპის ქმედებების განსახორციელებლად. თან რამდენიმე სამხედრო დივერსანტი პოლონეთში უკვე გამოავლინეს, რომლებიც დივერსიის მოწყობას აპირებდნენ", - აცხადებს ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×