თამთა ჩაჩანიძე
04.06.2024

რამდენად შესრულებადია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილ და უკვე ხელმოწერილ „ქართულ ქარტიაში" ჩამოთვლილი პირობები და რამდენად საკმარისია ის, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი თავად გააკონტროლებს ამის შესრულებას? ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა ქარტიის ზოგიერთი დებულება მომავალში მის ხელმომწერთა შორის აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდეს. გარდა ამისა, დოკუმენტში შესაძლოა იყოს სხვა „ნაღმებიც", რაც მის ბოლომე შესრულებას ხელს შეუშლის.

„მე ვიქნები ძალიან მკაცრი ამ დოკუმენტის ვალდებულებების შესრულების მიმართ, ამ როლში მე ვთვლი, რომ ვარ პასუხისმგებელი იმ ხალხის წინაშე, ვისგანაც ვიღებ გარკვეულ ნდობას, რადგან ეს დოკუმენტი მოეწონათ და ხედავენ გამოსავალს, შვებას და გზას", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 3 ივნისის გამოსვლისას განაცხადა, რომლითაც „ქართული ქარტიის" ხელმომწერ პოლიტიკოსებს მიმართა.

ანალიტიკოსებს კი ეჭვი ეპარებათ, რომ პრეზიდენტს მორალურის გარდა რაიმე სხვა ბერკეტი ჰქონდეს დოკუმენტში ასახული გეგმის შესრულების უაზრუნველსაყოფად.

3 ივნისს ორბელიანების სასახლეში „ქართულ ქარტიას" ხელი მოაწერა 17-მა პოლიტიკურმა პარტიამ და 5-მა ცალკეულმა პოლიტიკოსმა. დოკუმენტს არ შეუერთდნენ „გირჩი" და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის". ამასთან, გახარიას პარტიაში დოკუმენტის სულისკვეთებას ძირითადად იზიარებენ, თუმცა, ახალი პარლამენტის მიერ ქარტიაში მოყვანილი პირობების შესრულების შემდეგ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გაუმართლებლად მიაჩნიათ, რადგან ეს, მათი აზრით, მეორე შანსს მისცემს „ქართულ ოცნებას".

რა „ნაღმებია" ჩადებული ქარტიაში

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პირველი „ნაღმი" თავად ის დათქმაა, რომლის საფუძველზეც ქარტია შეიქმნა - მასში ასახული გეგმის შესრულება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ქარტიის ხელმომწერი პოლიტიკური ძალები არჩევნების შედეგად პარლამენტში ადგილების ნახევარზე მეტს მიიღებენ, რაშიც ანჯაფარიძეს ეჭვი ეპარება.

„ქარტია იმ დათქმით შეიქმნა, რომ ოპოზიციამ არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს და თან ისე, რომ უმრავლესობა მიიღოს. ესაა ქარტიაში პირველი და მთავარი „ნაღმი". თუ გამოკითხვებს და ზოგადად ქვეყანაში არსებულ სიტუაციას დავეყრდნობით, ოპოზიციას არჩევნების მოგების არავითარი შანსი არ აქვს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დასავლეთი მას დაეხმარება. ერთადერთი შანსია დასავლეთი იმით დაეხმაროს, რომ არჩევნები არალეგიტიმურად სცნოს.

„მეორე „ნაღმი" არის ის, რომ დროებითი მთავრობა უნდა შეიქმნას, რომელიც, როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, ოპოზიციურმა პარტიებმა აუცილებლდ მასთან უნდა შეათანხმონ. ამ ტექნიკურმა მთავრობამ ახალი არჩევნები უნდა მოამზადოს და ჩაატაროს და ა.შ. ისმის ასეთი ლეგიტიმური კითხვა - სად არის აქ „ქართული ოცნება"? ამ ქარტიის შემდეგ შთაბეჭდილება იქმნება, რომ „ქართული ოცნება" ამ არჩევნების შემდგომ პოლიტიკური არენიდან საერთოდ გაქრება, ბურთი და მოედანი ოპოზიციას დარჩება. ეს რეალისტური გათვლა არაა.

„ასევე გასარკვევია ის, თუ რამდენად არის ეს ყველაფერი კონსტიტიუციასთან შესაბამისობაში. ვადამდელი არჩევნები როგორ უნდა დანიშნონ, თუ ამის კონსტიტუციური საფუძვლები არ არსებობს და მეორეც, რამდენად ლეგიტიმური იქნება ეს ე.წ. ტექნიკური მთავრობა? ანუ ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც ემოციურ ფონზე შექმნეს სალომე ზურაბიშვილმა, ქარტიაზე ხელმომწერმა პარტიებმა და მათმა მოკავშირე მედიამ. არაერთი პატარ-პატარა ნაღმი შემიძლია კიდევ ჩამოვთვალო, რომელიც აუცილებლად თავს იჩენს.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ თუკი, დავუშვათ, ოპოზიციამ ამ არჩევნებში უმრავლესობით გაიმარჯვა, ისინი მთელ რიგ საკითხებზე შეჯერებას შეძლებენ. ახლა ზურაბიშვილს ლიდერად კი აღიარებენ, მაგრამ როგორც კი თავისას გაინაღდებენ, ხომ იტყვიან, რომ ჩვენ მთავარი მისია შევასრულეთ, როგორც თავად უწოდებენ „ქართულ ოცნებას" - რუსული ხელისუფლება შევცვალეთ და ახლა რიგგარეშე არჩევნები რა საჭიროაო... ამან შესაძლოა ქვეყანაში მორიგი დესტაბილიზაცია და გაურკვევლობა გამოიწვიოსო. ასე რომ, ეს საკითხიც ღიად რჩება და კითხვის ნიშნებს ბადებს.

„როცა საარჩევნო კამპანია დაიწყება, „ოცნებას" წესით არ უნდა გაუჭირდეს ამ ქარტიის პოლიტიკური მორალური კუთხით გაბათილება, რადგან ძალიან წინააღმდეგობრივი დოკუმენტია და თავად ოპოზიციონერებიც კი შიგადაშიგ ამას აღიარებენ. ის, რომ ამას 17-მა პარტიამ მოაწერა ხელი და ხელი არ მოაწერა გიორგი გახარიას პარტიამ, ესეც ამის ერთ-ერთი ინდიკატორია", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან" ამბობს, ქარტიაშ ასახული გეგმის შესრულებაზე შესაძლოა მართლაც იყო გარკვეული კითხვები, მაგრამ, გახარიას პარტიის არგუმენტი - რომ ახალი პარლამენტის მიერ ყველა პირობის შესრულების შემდეგ ვადამდელი არჩევნების დანიშნა „ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს - არადამაჯერებელია.

„არ მგონია, რომ რიგგარეშე არჩევნები ივანიშვილის წიაქვილზე ასხამდეს წყალს. ლაპარაკია იმაზე, რომ არჩეულმა პარლამენტმა ძირეული რეფორმები უნდა განახორციელოს. თუ ეს რეფორმები მან განახორციელა, მაშინ არანაირ „ნაღმებზე" არ შეიძლება იყოს ლაპარაკი.

„პირობების შესრულება არის თემა, რომელიც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და აქ შეიძლება კითხვის ნიშნები იყოს. მეც ვეჭვობ, რომ ერთ წელიწადში ამ რეფორმების განხორციელება შესაძლებელი იყოს, მაგრამ თუ ამ გზით წავიდა პროცესი, მაშინ ლაპარაკი იქნება იმაზე, რომ როგორც კი რეფორმები განხორციელდება, არჩევნები შემდეგ ჩატარდება.

„ნაღმებზე" მეტად პოლიტიკურმა ძალებმა აუცილებელია იმაზე იფიქრონ, რომ რამენაირად სწორად დაჯგუფდნენ არჩევნების დროს", - განაცხადა ძაბირაძემ.

რა ბერკეტები აქვს პრეზიდენტს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრეზიდენტს ქარტიის პირობების შესრულებაზე კონტროლის არანაირი ბერკეტი არ აქვს.

„პრეზიდენტს არავითარი ბერკეტი არ აქვს. უბრალოდ, ის არაფორმალური ლიდერია და მას ჰგონია და ასე თვლის, რომ რადგანაც დასავლეთში მიღებული ფიგურაა, დასავლეთმა მოუვლინა ქართულ ოპოზიციას არაფორმალურ ლიდერად. ჰგონია, რომ პრეზიდენტის სტატუსი, დასავლეთის მხარდაჭერა და ქარტიის ინიციატორობა აძლევს იმის ბერკეტებს, რომ მან ეს გააკონტროლოს. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ყალბი მოლოდინია.

„ზურაბიშვილს ბოლო პერიოდში აშკარად პოლიტიკური ნარცისიზმის ნიშნები დაეტყო. ის თავის როლს გადაჭარბებულად აფასებს, სარგებლობს რა თავისი საპრეზიდენტო სტატუსით და დასავლეთის მხარდაჭერით. შემთხვევითი არაა, რომ მას ეს ქარტია ბრიუსელში მიაქვს, აჩვენოს, რომ შექმნა პროევროპული პარტიების ერთობა და ახლა არჩევნებზე ყველაფერი გააკეთეთ, რომ ამ პარტიებმა გაიმარჯვონ.

„ეს დასავლეთის სურვილსაც ემთხვევა. მათ სურთ არჩევნების შემდეგ პროდასავლლური კოალიციური მთავრობა იხილონ, რაც არც არასოდეს დაუმალავთ, ზურაბიშვილი კი ამ სურვილის და გეგმის ერთგვარ შემსრულებლად მოევლინათ", - განაცხადა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან" ამბობს, რომ „პრეზიდენტს რა თქმა უნდა არანაირი ბერკეტი არ აქვს, არის მორალური ბერკეტი - ლაპარაკია იმაზე, რომ სიტყვას შეასრულებენ თუ არა, სხვა ბერკეტი არავის არაფერი არ აქვს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×