ნატალია ჯვარიძე
05.06.2024

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა საფრანგეთმა უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში მიიღოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედროების ან დაქირავებულის სტატუსით მყოფი ნებისმიერი ფრანგი ინსტრუქტორი მათ ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს.

„მე მაქვს კონკრეტული საფუძველი ვიფიქრო და ამის კონკრეტული ფაქტი არსებობს, რომ ისინი უკვე უკრაინაში მუშაობენ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან ისინი, საფრანგეთის სამხედროები თუ უბრალოდ დაქირავებულები, ისინი ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის ლეგიტიმურ სამიზნეებს წარმოადგენენ", - განაცხადა ლავროვმა.

გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ ნებისმიერი ინსტრუქტორი, რომელიც უკრაინის მხარეს არის რუსეთისთვის უკვე სამიზნეა და ეს ჩვეულებრივია. როგორც იგი აღნიშნავს, უცხოელი სამხედროები უსაფრთხო ადგილას იქნებიან და იქ გაივლიან სამხედრო წვრთნებს, ასე რომ მას ეეჭვება მათზე რაიმე მნიშვნელოვანი სახის ნადირობა გამოცხადეს. თუმცა, იმასაც არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, რუსებმა ამ ინსტრუქტორების ადგილმდებარეობის დადგენა სცადონ და გარკვეული თავდასხმებიც მოაწყონ.

„რა თქმა უნდა, რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს, ის სამხედრო, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის, რუსეთისთვის ლეგიტიმური სამიზნეა და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. უცხოელებზე გაფრთხილებით ისინი მანამდეც არ იკლავდნენ თავს, ნადირობდნენ და ბობმავდნენ კიდეც, თუმცა, მე არამგონია დასავლელ სამხედროებზე რაიმე სახის ნადირობა გამოაცხადონ, რადგან დიდი ალბათობით ეს ინსტრუქტორები ცხელი წერტილიდან უფრო მოშორებით, შედარებით უსაფრთხო ადგილზე იქნებიან და წვრთნებს განახორციელებენ.

„არც ის არის გამორიცხული, რომ რუსეთმა მათი ლოკაციების დადგენა ეცადოს და მათზე განახორციელოს თავდასხმა. ჩათვალეთ, რომ ეს ომის შემადგენელი ნაწილი იქნება", - აღნიშნავს კაპანაძე.

კაპანაძე არც იმას გამორიცხავს, რომ საფრანგეთს სხვა ქვეყნებიც შეუერთდეს და ინსტრუქტორების რიცხვი გაიზარდოს. მისი განმარტებით, დიდი ალბათობით უკრაინაში ესტონეთი სპეციალისტებსს შეიყვანს კიბერსაკითხებთან დაკავშირებით, რადგან იგი საბრძოლო გამოცდილებით დიდად არ გამოირჩევა.

„ჩემი აზრით რაღაც გარკვეული კონტიგენტი საფრანგეთს შეუერთდება. ახლა ესტონეთმაც ხომ განაცხადა თანხმობა, რომ სამხედროებს შეიყვანს, თუმცა, ალბათ ის სპეციალისტს შეიყვანს კიბერსაკითხებთან დაკავშირებით, თორე ესტონეთზე მეტი საბრძოლო გამოცდილება და შესაძლებლობა უკრაინას ნამდვილად აქვს. ბრიტანელებს ინსტრუქტორები იქ დიდი ხანია შეყვანილი ჰყავთ და არც ის არ არის გამორიცხული მათი რიცხვი გაიზარდოს", - ამბობს ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×