თამთა ჩაჩანიძე
06.06.2024

თუ ახალი კანონის მიხედვით დარეგისტრირებასა და დეკლარაციის შევსებაზე ბევრი არასამათავრობო იტყვის უარს, მაშინ არაა გამორიცხული, მათ მიმართ კანონის ამოქმედება გადაავადონ, რათა არჩევნები დამკვირვებლების გარეშე არ დარჩეს, აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.

„შეიძლება ბოლო მომენტშიც შეიცვალოს მოთხოვნები სწორედ იმიტომ, რომ მასეთ აკრძალვებს ძალიან პოლიტიკური ჟღერადობა ექნება ამ კანონიდან გამომდინარე, არ არის იქ ისეთი მოთხოვნები, რომელიც ცვლილებას ვერ იტანდეს. მოთხოვნებში ვგულისხმობ, დავუშვათ შეზღუდვები დაკვირვებასთან დაკავშირებით.

„არ გამოვრიცხავ, რომ ისეთ ორგანიზაციები, რომლებიც დეკლარაციის შევსებას ბოიკოტს უცხადებენ, არჩევნებზე დაკვირვებისთვის არ დაუშვან, თუმცა თუ ასეთი არასამთავრობო როგანიზაცია ძალიან ბევრი აღმოჩნდება, შეიძლება მათ მიმართ იმ კანონის მოქმედება გადაავადონ", - განაცხადა საყვარელიძემ.

ამბობს, რომ დიდია იმის ალბათობა, ოპოზიციის ნაწილის თხოვნის საფუძველზე აშშ-მა სადამკვირვებლო ჯგუფი გამოუშვას.

„ანალოგიური დაშვებები მომხდარა და ალბათ არის ამის პერსპექტივა, რომ გამოუშვან ჯგუფი, ასევე ხელისუფლებისგანაც არის დიდი ალბათობა, რომ ისინიც მოიწვევენ თავიანთი მოთხოვნების შესაბამისად. ყველა ელოდება დაძაბულობას არჩევნების მეორე დღეს და არა იმ დღეს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ოქტომბრის არჩევრებზე დამკვირვებლად რამდენი საერთაშორისო ორგანიზაცია დარეგისტრირდება, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მოლოდინია, რომ „გავლენების კანონმა" კანონმა სიტუაცია შეცვალოს. 2020 საპარლამენტო არჩევნებს 50-მდე ენჯეო აკვირდებოდა, ახლა კი, ანალიტიკოსთა შეფასებით, არაა გამორიცხული, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ბოიკოტს აცხადებენ „გავლენების კანონზე" და დეკლარაციას მოცემულ ვადაში არ შეავსებენ, არ დაუშვან არჩევნებზე.

საქართველომ უკვე მოიწვია არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის წარმომადგენელები. ამასთან, გაჩნდა ე.წ. მოხალისე დამკვირვებლის იდეაც. ასევე ოპოზიციის ნაწილი „მეგობარი აქტის" ავტორ ამერიკელ კონგრესმენს ჯო უილსონს მიმართავენ, რომ კონგრესს სთხოვოს და გამოყოს საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსები, რათა უზრუნველყოს საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სათანადო დაკვირვება.

„უახლოეს თვეებში, როდესაც მივუახლოვდებით ჩვენი ერის ისტორიაში კრიტიკულ წერტილს, რადგან ჩვენი მოქალაქეები განიცდიან უპრეცედენტო ზეწოლას და ძალადობას, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის, მივესალმებით, დათქმის გარეშე, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას, მათ შორის, პირად ვიზიტებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიის დაცვას. ჩვენ გვჯერა, რომ კონგრესის დელეგაციის ვიზიტები საქართველოში დიდ გავლენას მოახდენს საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხის მხარდაჭერაზე და იქნება ძლიერი სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის, რომ ხალხის ხმის ძალით გაჩუმება შეუძლებელია. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე ვთხოვთ აშშ-ს კონგრესს, გამოყოს საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსები, რათა უზრუნველყოს საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სათანადო დაკვირვება, რადგან რისკები მაღალია და ჩვენი ევრო-ატლანტიკური მომავალი ისტორიულ გზაჯვარედინზე დგას", - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების უილსონისადმი მიმართვაში.

მანამდე ცესკომ გამოაქვეყნა განცხადებს, რომ „არჩევნებთან და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით ვრცელდება უსაფუძვლო განცხადებები, მათ შორის ქვეყნის გარეთაც - ეს აზიანებს საარჩევნო გარემოს". ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, იყვნენ ობიექტურები და მიუკერძოებლები, ამასთან ხელი შეუწყონ არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას.

„არჩევნები საერთო საქმეა და საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, იყვნენ ობიექტურები და მიუკერძოებლები, ხელი შეუწყონ არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას. ამასთან, სურვილის შემთხვევაში, როგორც ყოველთვის, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის შესაბამის დაინტერესებულ პირებთან საჯარო შეხვედრებისთვის, რათა კითხვების არსებობის შემთხვევაში დეტალურად გავუზიაროთ ინფორმაცია ყველა იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების ჩასატარებლად ახორციელებს. ჩვენი მხრივ, ვადასტურებთ რა ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლების წინაშე, ყოველთვის მივაწვდით მათ ობიექტურ და გადამოწმებულ ინფორმაციას",- აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ 3 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „გავლენების კანონს" მოაწერა ხელი პაპუაშვილის თქმით, კანონი 4 ივნისიდან შევიდა ძალაში და უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებს ექნებათ 60 დღის ვადა, რათა დარეგისტრირდნენ შესაბამის ელექტრონულ პორტალზე და დაადეკლარირონ 2023 წლის ფინანსები.

მანამდე საუბარი იყო იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი კანონს ბოიკოტს უცხადებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×